Accessibility links

დეკრეტული შვებულების აღება მამაკაცებსაც შეუძლიათ


გიორგი ბეჟანიშვილი შვილებთან ერთად (ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

გიორგი ბეჟანიშვილი შვილებთან ერთად (ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

თელავში მცხოვრებმა ორი შვილის მამამ, გიორგი ბეჟანიშვილმა, შრომის კოდექსით გათვალისწინებული დეკრეტული შვებულების აღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვაჟი შეეძინა. გიორგიმ ეს გადაწყვეტილება თავისი მეუღლის გადატვირთული სამსახურებრივი გრაფიკის გამო მიიღო. რამდენად ადვილია მშობელი მამაკაცისთვის ბავშვის მოვლა და მოახერხა თუ არა გიორგიმ სტერეოტიპის დამსხვრევა?

28 წლის გიორგი ბეჟანიშვილი უკვე 2 შვილის მამაა. გოგონას შემდეგ, მას და მის მეუღლეს ვაჟი 14 მარტს შეეძინათ. გიორგის ყოველი დილა შოთაზე ზრუნვით იწყება. გიორგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. იმის გამო, რომ მეუღლეს სამსახურში გადატვირთული გრაფიკი აქვს, გადაწყვიტა ბავშვის გაზრდაში საკუთარი წვლილი შეეტანა და დეკრეტული შვებულებით ესარგებლა. ამბობს, რომ ბავშვის მოვლა არ უჭირს და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კარგად ასრულებს:

„ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ დროის დიდ მონაკვეთს და მონაწილეობას ვიღებ მათ აღზრდაში“, – ამბობს გიორგი ბეჟანიშვილი.

გიორგი ბეჟანიშვილის მეუღლე, ირინა ჯანდიერი, ერთ-ერთი მარკეტინგული კვლევითი ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორია. მართალია, ცოლ–ქმარი სხვადასხვა სამსახურში მუშაობს, მაგრამ, კანონის მიხედვით, არ შეიძლება ერთდროულად ორივე შვებულებაში იმყოფებოდეს. ამიტომ პირველ ეტაპზე შვებულებით მამამ ისარგებლა.

თავდაპირველად გიორგი ბეჟანიშვილმა დეკრეტული შვებულების მოთხოვნით თელავის უნივერსიტეტს მიმართა განცხადებით. ის იხსენებს, რომ ამ საკითხს ხელმძღვანელობის განცვიფრება არ გამოუწვევია, თუმცა თანამშრომლები გააკვირვა. სანამ გიორგი დეკრეტულ შვებულებას მოითხოვდა, მანამდე იურისტებს, შემდეგ კი სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. იქ განუცხადეს, რომ ამ უფლების გამოყენება ქალთან ერთად მამაკაცსაც შეეძლო. აღნიშნული კონსტულტაციის მიღებიდან მალევე გიორგიმ, ისე, რომ ბევრი არ უფიქრია, შვებულებაში გასასვლელად შესაბამისი საბუთების შეგროვება დაიწყო.

„ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი ვმუშაობთ. შეიქმნა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემა, ამიტომ იდეა გამიჩნდა, დეკრეტული შვებულებით მესარგებლა. დავუკავშირდი სახალხო დამცველის აპარატს. ვესაუბრე ეკეტარინე სხილაძეს. მან დამაკვალიანა და მითხრა, რომ შემეძლო დეკრეტული შვებულებით მესარგებლა“, – განაცხადა გიორგი ბეჟანიშვილმა.

გიორგი ამბობს, რომ თავისი შვებულებაში გასვლით მეუღლეს დიდ დახმარებას უწევს. შოთას მოსავლელად დღის გრაფიკიც შედგენილი აქვს. მას შემდეგ, რაც უმცროს შვილს გამოკვებავს და ტანსაცმელს გამოუცვლის, ქუჩაში სუფთა ჰაერზე გასეირნების დროც დგება. გიორგი ბეჟანიშვილი მამის მიერ ამ უფლების მასობრივად გამოუყენებლობას საზოგადოების არაინფორმირებულობით ხსნის და დამკვიდრებულ სტერეოტიპზე საუბრობს:

„არავის არ უყვარს, რომ იყოს გამონაკლისი. თითქოს ერთგვარი შიშია საზოგადოების მხრიდან, რომ ძმაკაცი დასცინებს, ნათესავი სხვანაირად შეხედავს... ჩემთვის ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არც ჰქონდა და არც ექნება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ ჩემი ძმაკაცები მსგავს ფრაზებს არასდროს არ მეტყვიან. პირიქით, თუ დასჭირდებათ, თავადაც ასე მოიქცევიან“.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსისთვის მამაკაცის დეკრეტული შვებულება „უცხო ხილი" იყო, რის გამოც მან სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კონსულტაცია გაიარა და გიორგის განცხადება მხოლოდ ამის შემდეგ დააკმაყოფილა. პაატა გოცირიძის თქმით, როგორც მას ომბუდსმენის აპარატში უთხრეს, გიორგი ბეჟანიშვილის საქმე საქართველოში მესამე შემთხვევაა:

„როგორც „უცხო ხილი“, კონსულტაციები გავიარე სახალხო დამცველის აპარატთან. იქიდან კომპეტენტური პასუხი მივიღეთ, რომ მამაკაცის მიერ დეკრეტული შვებულების მოთხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს ბავშვის დაბადება“.

საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლში ვკითხულობთ: „დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე".

გიორგი ბეჟანიშვილი აპირებს, საქართველოს შრომის კოდექსის ამ მუხლით გათვალისწინებული 183 კალენდარული დღის დეკრეტული შვებულება სრულად გამოიყენოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG