Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიწყო მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკება კრიზისის განმუხტვის მიზნით


უკრაინაში დაიწყო მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკება აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის განმუხტვის გზების განსახილველად. შეხვედრაში მონაწილეობენ უკრაინის ყოფილი ლიდერები, მთავრობის წევრები და პარლამენტარები. მაგრამ არ მონაწილეობენ რუსეთის მომხრე სეპარატისტები, რომლებიც შეიარაღებულ ამბოხებას აწყობენ აღმოსავლეთ უკრაინაში. მოლაპარაკების გახსნისას, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის რეგიონებთან დიალოგისათვის, მაგრამ არ აჰყვება რუსეთის მომხრე შეიარაღებული მეამბოხეების შანტაჟს. კიევში დაწყებული მოლაპარაკება ეფუძნება ეუთოს მიერ მომზადებულ გეგმას. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, „ისინი, ვინც იარაღით ხელში ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და თავს ახვევენ სხვა ქვეყნის ნებას, პასუხს აგებენ კანონის წინაშე“. მოლაპარაკებებს უძღვება პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, პროცესისთვის უკეთესია, რაც მეტი წარმომადგენელი მიიღებს მასში მონაწილეობას. მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს მან, ვინც უარყოფს ძალადობას. რუსეთმა მხარი დაუჭირა ეუთოს გეგმას, თუმცა, განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობას არ სურს „რეალური დიალოგი“ უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ მეამბოხეებთან.
XS
SM
MD
LG