Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კრიზისი შეამცირებს ეკონომიკის ზრდას აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი („ი-ბი-არ-დი“) აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილისა და კავკასიის ეკონომიკაზე. 14 მაისს ვარშავაში გაიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა. ბანკის ეკონომისტების პროგნოზით, უკრაინას მიმდინარე წელს ღრმა რეცესია ელის, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები კი რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციას შეუწყობს ხელს. „ი-ბი-არ-დი“ საჭიროდ თვლის შეამციროს მის მიერვე 2014 წლისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის. ამის მიზეზი, ბანკის ექსპერტების შეფასებით, არის ის, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამო ამ ქვეყნებში ინვესტირება უფრო სარისკო ხდება და აგრეთვე მცირდება ექსპორტზე მოთხოვნა რეგიონში. „ი-ბი-არ-დის“ თავდაპირველი პროგნოზით, 2014 წელს ბელორუსიის ეკონომიკა 0,5%-ით უნდა გაზრდილიყო. ახალი შეფასებით კი, ზრდის პერსპექტივა ნოლს გაუტოლდა. მოლდავეთის ეკონომიკა 2013 წელს 8,9%-ით გაიზარდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2014 წელს მოლდავეთის ეკონომიკა სულ 2%-ით გაიზრდება. სომხეთის ეკონომიკას 3,5%-ის ნაცვლად 3%-ით ზრდას უწინასწარმეტყველებენ; აზერბაიჯანისას - 3,5%-ს. საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა 2014-1015 წლებისთვის 4%-ით განისაზღვრა. „ი-ბი-არ-დის“ საბჭოს შეკრება ვარშავაში 15 მაისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG