Accessibility links

სახალხო დამცველის მოთხოვნა - პოზიტიური დისკრიმინაცია დევნილთა მიმართ


საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გორში „დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლების, დევნილთა და განსახლების სამმართველოს წარმომადგენლები და თვითონ დევნილები ესწრებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, როგორც დევნილთა დასახლებებში, ისე ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში უამრავი მოუგვარებელი პრობლემა რჩება.

ანგარიშში განხილულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს ახლად მიღებული კანონი, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის საერთაშორისო სტანდარტებთან, ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზები.

2013 წელს ჩატარდა დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია, რომლის მონიტორინგში, სახალხო დამცველთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციa იყო ჩართული. მონიტორინგის შედეგად, სხვადასხვა ხასიათის პრობლემები გამოვლინდა. დასაქმება, სოციალური პრობლემები და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. სახალხო დამცველის აპარატში დევნილთა დახმარების პროექტის კოორდინატორი თორნიკე ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ დევნილთა მიმართ პოზიტიური დისკრიმინაცია ამ შემთხვევაში მისაღებია, სახელმწიფომ და დონორმა ორგანიზაციებმა კი კონფლიქტის ზონაში და დევნილთა დასახლებებში ინვესტიციები უნდა განახორციელონ.

დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებამდე, სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა რჩება. ანგარიშში საუბარია კოლექტიური ცენტრების აღდგენის პროცესზე, რომელშიც გამოიკვეთა რიგი პრობლემები, მათ შორის, უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები. ბევრ კოტეჯში იატაკი ჩანგრეულია, ვერხვების დევნილთა დასახლებაში კი კედლები ისეა დაბზარული, რომ რამდენიმე კოტეჯი საცხოვრებლად უვარგისია. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ვერიკო ქულიჩიშვილი აცხადებს, რომ, მძიმე საცხოვრებელი პირობების გარდა, სოციალური პრობლემებიც გადასაჭრელია.

კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს კომპაქტურად განსახლების ობიექტებში დევნილთა სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი. მაგალითად, ერთსულიან და ორსულიან ოჯახებს ექმნებათ განსაკუთრებული პრობლემები. დევნილთა და განსახლების შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი თამაზ გვიმრაძე აცხადებს, რომ პროცესი განახლდა და მაისის ბოლოდან უპრობლემოდ მოხდება საკუთრებაში საცხოვრებელი ფართების გადაცემა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრობლემებს შორის აღსანიშნავია უსაფრთხოება, ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები რუსეთის მესაზღვრეების მიერ. 2013 წელს, მავთულხლართების გავლების შედეგად, რამდენიმე სოფელს სახნავ-სათესი მიწა ჩამოეჭრა, არაერთი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.

სახალხო დამცველი მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად რეკომენდაციებსაც აძლევს. უჩა ნანუაშვილის მრჩეველი მედეა ტურაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს ხაშურისა და საჩხერის რაიონებში ჯონჯოლის კრეფისას 20-ზე მეტი ადამიანის დაკავება საგანგაშოა და პოლიციის დანაყოფებმა ამ რაიონებში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პატრულირება უნდა გააძლიერონ.

პოზიტიურ ნაბიჯებს შორის აღსანიშნავია 2013 წელს „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის“ შექმნა. ეს კომისია ყველა სოფელში პრობლემებს სწავლობს და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG