Accessibility links

სუდანის სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა ქალს მუსულმანური სარწმუნოების უარყოფისთვის


„ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ სუდანის სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა ქალს იმის გამო, რომ ქრისტიან კაცზე დაქორწინების შემდეგ მან მუსულმანობა უარყო. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ დაგმო ფაქტი და მოსამართლის გადაწყვეტილებას „საზარელი და შეუსაბამო“ უწოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსჯავრდებული ფეხმძიმედ არის, რის გამოც განაჩენს სისრულეში არ მოიყვანენ, ვიდრე ის იმშობიარებს და ბავშვი ორი წლის გახდება. სუდანის მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია და ქვეყანა მუსულმანური კანონით იმართება. „ფრანს პრესის“ ცნობით, მოსამართლეს ქალისთვის ასე მიუმართავს: „ჩვენ მოგეცით სამი დღე შეგეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ უარი თქვი დაბრუნებოდი ისლამს. მე შენ ჩამოხრჩობას გისჯი“. დასავლეთის ქვეყნების საელჩოები და უფლებადამცველები სუდანს მოუწოდებენ პატივი სცენ რელიგიის არჩევის თავისუფლებას. სუდანელმა მოსამართლემ ორსულ ქალს მიუსაჯა აგრეთვე გაშოლტვა გარყვნილებისთვის, რადგან მან ქრისტიან კაცზე იქორწინა, რაც ისლამური კანონით აკრძალულია. გაშოლტვის სასჯელი, სავარაუდოდ აღსრულდება მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული იმშობიარებს. ის ახლა რვა თვის ორსულია. მსჯავრის გამოტანამდე ქალს მუსულმანი სასულიერო პირი საკანში ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა მოსამართლეს განუცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და არასდროს მითქვამს უარი სარწმუნოებაზე“. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინფორმაციით, მერიამ იეჰია იბრაჰიმ იშაგს მამა მუსულმანი ჰყავდა, თუმცა, მართლმადიდებელ ქრისტიანად ამავე სარწმუნოების დედამ მარტომ გაზარდა. მოსამართლე პროცესზე მას მუსულმანური სახელით მიმართავდა.
XS
SM
MD
LG