Accessibility links

სოზარ სუბარის თქმით, მან სამჯერ დაწერა თანამდებობიდან გადადგომის განცხადება


საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, მან სამჯერ დაწერა თანამდებობიდან გადადგომის განცხადება. ამის შესახებ სუბარმა დღეს განუცხადა ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით ორჯერ მიმართა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და ერთხელ ამჟამინდელ პრემიერს. შეკითხვას, როდის სთხოვა თანამდებობიდან დათხოვნა ირაკლი ღარიბაშვილს, სოზარ სუბარმა უპასუხა, რომ დიდი ხნის წინ. ბოლო დროს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო რამდენჯერმე იქცა კრიტიკის ობიექტად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომლისთვის მაღალი პრემიის გაცემის და რამდენიმე საპატიმროში ომბუდსმენის რწმუნებულებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის გამო. დღეს სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამსახურიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ყავლაშვილი და ბათუმის დაწესებულების დირექტორი, ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კი დადასტურების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოჰყვება. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის და თავად მინისტრის შესაძლო გადადგომას, სუბარმა აღნიშნა, რომ შეუცვლელი არავინაა და საჭიროების შემთხვევაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. მინისტრის განცხადებითვე, პირადად მასაც აქვს შეკითხვები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიმიტრი დარბაისელის საკადრო პოლიტიკის მიმართ.
XS
SM
MD
LG