Accessibility links

logo-print
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს. პირველ სხდომებზე კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები აირჩიეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეს პროცესი გუშინ დასრულდა, ქალაქის მასშტაბით კი კომისიების სხდომები დღეს გაიმართა. გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიაში პროპორციული და მაჟორიტარული ოლქების კანდიდატების სიები, მერობისა და გამგებლობის კანდიდატების საბუთები სულ ბოლოს კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეიტანეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატების საბოლოო რეგისტრაცია 2 დღეში დასრულდება.

უკვე ცნობილია, რომ გორის მერობისთვის 7, მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის კი 6 კანდიდატი იბრძოლებს, დიდი კონკურენციაა გორის მაჟორიტარულ ოლქებში. 5 ოლქში 40 კანდიდატია რეგისტრირებული. უპარტიო პირებზე აკეთებს აქცენტს სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზის“ ადგილობრივი ორგანიზაცია. პარტიის ლიდერი იაგო წიკლაური აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ავტორიტეტულ პიროვნებებს აქვთ.

„საქართველოს გზის“ გამგებლობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტში რამზეს მთიულიშვილია, რომელიც გორელებს საბანკო სექტორიდან ახსოვთ. მისი თქმით, პირველ რიგში, ბიუროკრატიული მმართველობის სტილს დაამარცხებს.

მსგავსი გზით მიდის ახლახან დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანობის დარბაზი“. „დარბაზის“ ლიდერი და გორის მერობის კანდიდატი თამაზ მაყაშვილი პროპორციული სიისა და კანდიდატების შერჩევისას აქცენტს ადამიანების პიროვნულ თვისებებსა და ავტორიტეტზე აკეთებს.

პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ. ერთმანეთის მიმართ უკვე ბრალდებებიც ისმის. მმართველი კოალიციის კანდიდატებს კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ტელედებატებში იწვევენ.
XS
SM
MD
LG