Accessibility links

logo-print

გათიშე და იბატონე - რუსეთის სტრატეგია ყირიმელი თათრების მიმართ


მუსტაფა ჯემილევი

მუსტაფა ჯემილევი

ყირიმელი თათრები განაგრძობენ კრემლის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მოსკოვი ცდილობს რუსეთის შიგნით მცხოვრებ თათრებში განხეთქილება შეიტანოს და, კერძოდ, ყირიმელებს დაუმტკიცოს, რომ რუსეთთან ერთად ცხოვრება არცთუ ისე ცუდია. 18 მაისს აპირებენ თათრების მიმართ სოლიდარულად განწყობილი ძალები და თვითონ ეთნოსი, აღნიშნონ საბჭოთა პერიოდში, 1944 წელს, ყირიმელი თათრების სასტიკი დეპორტაცია.

დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზი იყო ვითომდა ყირიმელთა უმეტესი ნაწილის „მასობრივი“ კოლაბორაციონალიზმი, ანუ თანამშრომლობა გერმანელ და რუმინელ ოკუპანტებთან. გასახლებულებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც ოკუპაციის პერიოდში ყირიმიდან იყვნენ ევაკუირებული ან კიდევ ფრონტზე იბრძოდნენ. სხვა ეთნოსებისგან განსხვავებით, რომლებსაც გადასახლების შემდეგ მშობლიურ მიწებზე დაბრუნების ნება უკვე 50-იან წლებში მიეცათ, ყირიმელი თათრები ოფიციალურად 1974, ფაქტობრივად კი, 1989 წლამდე იყვნენ გადასახლებაში.

ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი, ცოტა არ იყოს, შეშფოთებით მოელის, რომ 18 მაისს ყირიმში შეიძლება არეულობა მოხდეს, რადგან რუსეთის ხელისუფლება არ აძლევს ყირიმელ თათრებს ნებას სიმფეროპოლში მოაწყონ მსვლელობა. 11 მაისს ორი ათასამდე ყირიმელმა მიაგო პატივი 1944 წლის დეპორტაციის მსხვერპლს. ისინი ჩატირ დაღის მთაზე ავიდნენ და იქ ილოცეს. ზოგიერთს ხელში ეჭირა უკრაინის დროშა და გაჰყვიროდა, დიდება უკრაინასო.
რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს, მიიმხროს ყირიმელი თათრები - ჯერჯერობით წარუმატებლად. ამასთან, ყაზანიდან ჩამოჰყავთ იქაური თათრები. ყირიმში ყველაზე მაღალი თანამდებობის ყაზანელი თათარი ავტონომიის პრემიერის მოადგილე რუსტამ ტემირგალიევია...

18 მაისისადმი მიძღვნილი შეხვედრები დაგეგმილია თათრეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც, რუსეთის ფედერაციაში. 200 ათასი ეთნიკური ყირიმელი თათრის გადასახლებას რუსეთსა და შუა აზიაში ყაზანში გაიხსენებენ თათრები კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების გარეშე. ეს ცხადყოფს, როგორ ცდილობს მოსკოვი განხეთქილება შეიტანოს ორ თათრულ თემს შორის, რათა ყაზანი დაიხმაროს ყირიმელი თათრების დაყოლიებაში, აღიარონ კრემლის მომხრე ძალების მიერ მათი ნახევარკუნძულის ანექსია. მუსტაფა ჯემილევმა კიევში, პრესკონფერენციაზე, განაცხადა:

„რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს, მიიმხროს ყირიმელი თათრები - ჯერჯერობით წარუმატებლად. ამასთან, ყაზანიდან ჩამოჰყავთ იქაური თათრები. ყირიმში ყველაზე მაღალი თანამდებობის ყაზანელი თათარი ავტონომიის პრემიერის მოადგილე რუსტამ ტემირგალიევია. იქ მის მამასაც მაღალი თანამდებობა უკავია. ერთი სიტყვით, გადაბირება არ გამოსდით, მაგრამ განხეთქილების შესატანად ძალისხმევას განაგრძობენ“.
ჩვენ ერთმანეთთან არ ვაიგივებთ თათრეთის ხელისუფლებასა და თათარ ხალხს. თათრეთის ხელმძღვანელობა კრემლის ფილიალივით იქცევა. და ეს გასაგებიცაა: ასე რომ არ იყოს, ისინი მთავრობაში არ იქნებოდნენ. ეს სრულიად აშკარაა...

ჯემილევმა აპრილში რადიო თავისუფლებას უთხრა, თათრეთის ხელისუფლება პროპაგანდას ეწევა ყირიმელ თათრებს შორის, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ რუსეთის შემადგენლობაში ნახევარკუნძულის ყოფნა უკეთესიაო. ყაზანელი პოლიტიკური მიმომხილველის, რაშიტ ახმეტოვის თქმით, კრემლი მოქმედებს პრინციპით, გათიშე და იბატონე. მისი ნათქვამის საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიამდეც იყენებდა ყაზანელ თათრებს იმისათვის, რომ დაესუსტებინა სოლიდარობა ყირიმელი თათრებისადმი, რომლებმაც უკრაინის პროდასავლურ მოძრაობაში კიევის მხარე დაიჭირეს. მარტში ყირიმს ორჯერ სტუმრობდა თათრეთის პრეზიდენტი, რუსტემ მინიხანოვი, რომელიც კრემლის პოლიტიკის მომხრეა. მინიხანოვი ყირიმელი თათრების მეჯლისს, თემის თვითმმართველობის ორგანოს, შეხვდა: ეს იყო ორი თათრული თემის პირველი ასეთი კონტაქტი ბოლო ორ ათეულ წელიწადში. მოსკოვის სხვა მცდელობები, როგორიცაა ყირიმელ თათართა ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, მთავრობაში თათართა წარმომადგენლების კვოტის გაზრდა და მეჯლისის დაკანონება, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა ყირიმელ თათართა გადმობირებისთვის. ანექსიის შემდეგ ყირიმელი თათრების თემსა და ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებას შორს ურთიერთობა გამწვავდა. პროკურატურა დაემუქრა მეჯლისს, რომ აკრძალავდა მას, როგორც ექსტრემისტულ ორგანიზაციას. ჯემილევს, თავმჯდომარეს, ხუთი წლით აეკრძალა ყირიმში შესვლა. დე ფაქტო ხელისუფლებმა გააფრთხილეს თათართა თემის წარმომადგენლები, 18 მაისს, დეპორტაციის დღის აღნიშვნისას, თავი აარიდონ პოლიტიკურ განცხადებებს. ყირიმის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ყაზანში იყო ჩასული სულ ახლახან, 13 მაისს. იქ ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, მეჯლისი რა ხანია ანტირუსული გახდა და მას კიევის გზით დასავლეთი აფინანსებსო. თათართა თემები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეშფოთებას გამოხატავენ ყაზანსა და ყირიმს შორის ურთიერთობის მანიპულირების გამო. იეჟი შახუნიევიჩმა, რომელიც პოლონელ თათართა კულტურის ცენტრს განაგებს გდანსკში, ევროპის პარლამენტს სთხოვა, ბრიუსელში თათართა დამოუკიდებელი წარმომადგენლობა ჩამოეყალიბებინათ. პოლონელი თათარი ამბობს, რომ თათრეთის მთავრობა და მისი ნდობით აღჭურვილი ორგანიზაცია, მსოფლიოს თათართა კონგრესი, რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ყირიმელ თათართა ლიდერი ჯემილევი ფრთხილად გამოარჩევს ერთმანეთისგან თათრეთის მთავრობას და თათარ ერს:

„ჩვენ ერთმანეთთან არ ვაიგივებთ თათრეთის ხელისუფლებასა და თათარ ხალხს. თათრეთის ხელმძღვანელობა კრემლის ფილიალივით იქცევა. და ეს გასაგებიცაა: ასე რომ არ იყოს, ისინი მთავრობაში არ იქნებოდნენ. ეს სრულიად აშკარაა“, ამბობს ჯემილევი, რომელმაც კარგად უწყის ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის თათრებს შორის ისტორიული ურთიერთდამოკიდებულების ამბავი და ისიც იცის, თუ როგორ მეთაურობდნენ ბანაკებს, სადაც ყირიმელი თათრები ჩაასახლეს 1944 წლის დეპორტაციის შემდეგ, ვოლგისპირელი თათრები. ყაზანელი პოლიტიკური მიმომხილველი რაშიტ ახმეტოვი ცდილობს დაამტკიცოს ჩვენს რადიოსთან საუბარში, რომ ორ ეთნოსს შორის ძმობა ძმობად რჩება:

„ორ ხალხს შორის შინაგანი კავშირი მაინც რჩება. ყაზანელი თათრების მასა მაინც ყირიმელი თათრების მხარესაა. ყირიმელი თათრები გვიჩვენებენ ზნეობრივ მაგალითს, რომ პრინციპებით ვაჭრობა დაუშვებელია“.

ასეთ ზნეობრივ მაგალითს იძლევა მუსტაფა ჯემილევი. ის ექვსი თვისა იყო, როცა მისი ოჯახი უზბეკეთში გადაასახლეს. 18 წლის ასაკიდან დღემდე ყირიმელი თათრების ინტერესებისთვის იბრძვის. ის ექვსჯერ იყო დაპატიმრებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. ყაზანელ თათარ აქტივისტებს შორის, რომლებმაც დეპორტაციის დღე, 18 მაისი, უნდა აღნიშნონ, იქნებიან ისინი, რომლებმაც ჯემილევი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
XS
SM
MD
LG