Accessibility links

logo-print
17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე დროს, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეს დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. საეკლესიო პირები და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დღეს თბილისის ქუჩებში გამოვიდა. რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომადგენლებს, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გამო, ისინი სახლებში დარჩნენ.

„ყოველი წლის 17 მაისი იყოს ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღე. ამ დღეს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს, მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები“.

პატრიარქის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივას 17 მაისს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. ხალხი ფილარმონიასთან შეიკრიბა და სამების ტაძრისკენ დაიძრა. სასულიერო პირებმა მსვლელობის მონაწილეებს და ქუჩებს ნაკურთხი წყალი ასხურეს. შეკრებილებს თან მოჰქონდათ პლაკატები: „17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა“, „მამათმავლობის დამქაშები ერს ბილწავენ“, „პარლამენტის პოზიცია ერის სირცხვილია“, „მოვითხოვთ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას“...

დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილი ამბობს, შეკრების მიზანი ერთი იყო, ყველასთვის დაგვენახვებინა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივ საფუძველზე დგომააო:

„ჩვენ ყველას ჩაგვრის წინააღმდეგები ვართ, აქ ამაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ავადმყოფობას ავადმყოფობა უნდა დაერქვას, თორემ დაჩაგვრა მკვლელისაც კი არ შეიძლება, არამცთუ მამათმავალის. მსოფლიო იმასაც კი მიიჩნევს, რომ მამაკაცი, რომელიც ქალად არის გარდაქმნილი და წვერს ატარებს, წარმატებული ადამიანის სახე უნდა იყოს. ჩვენ ასე არ გვგონია. დაგვიტოვეთ ამის უფლება, ვიფიქროთ, რომ ქალი უნდა იყოს ქალი და მამაკაცი - მამაკაცი“.

შეკრებილები ასევე აპროტესტებდნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც პარლამენტმა სულ ახლახან დაამტკიცა:

„მე პირადად გავეცანი და სამარცხვინო კანონია. მრცხვენია, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოჯახი მხოლოდ ქალმა და კაცმა შეიძლება შექმნას და სხვა ყველაფერი ნორმიდან გადახვევაა:

„ჩვენ ეს ხალხი გვეცოდება, ანუ ისინი, ვინც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არიან. დაიღუპებიან, თუ არ გამოსწორდნენ. ჩვენთვის ეს მიუღებელია, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია“.

„მინდა, ჩემი ოჯახი მტკიცე იყოს, ყველას ოჯახი მტკიცე იყოს და ამიტომ ვუერთდები ამ მსვლელობას. ჩემთვის ოჯახი არის ერთობა, მეუღლე, შვილები... ქალის და კაცის ერთობაა ოჯახი და არა მარტო კაცების და მარტო ქალების, რომ მათმა შვილმა ვერ გაიგოს, დედა რომელია და მამა - რომელი“.
შარშანდელი 17 მაისისგან განსხვავებით, მსვლელობა მშვიდობიანი იყო. ასევე, შარშანდელი 17 მაისისგან განსხვავებით, ის პირები, ვისთანაც შესაძლოა მსვლელობის მონაწილეებს კონფლიქტი ჰქონოდათ, დღეს ქუჩაში საერთოდ არ გამოსულან.

აქტივისტი თამთა მელაშვილი, რომელიც შარშან ლგბტ თემის მხარდამჭერთა აქციის დარბევას კინაღამ ემსხვერპლა, დღეს სახლში დარჩა. მას, უბრალოდ, არ სჯერა, რომ სახელმწიფო მისი უსაფრთხოების დაცვას შეძლებს:
როცა ადამიანს გიკრძალავენ შენს კონსტიტუციურ, ფუნდამენტურ უფლებას, გამოხატო საკუთარი თავი, არის ცალსახად დისკრიმინაციული მიდგომა. ჩაკეტვა, გამოკეტვა...


„თემის წევრებიც და თემისადმი მეგობრულად განწყობილი ადამიანებიც თითქმის ყველა სახლშია და მეც სახლში ვარ, რადგან შარშან მართლა შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს . სამწუხაროდ, ცხრა სიცოცხლე არ მაქვს. ამიტომ ვამჯობინე სახლიდან არ გავსულიყავი, თუმცა ამის სურვილი მქონდა და სხვებსაც ჰქონდათ“.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას არ აძლევ, ეს ცალსახად დისკრიმინაციული მიდგომაა:

„როცა ადამიანს გიკრძალავენ შენს კონსტიტუციურ, ფუნდამენტურ უფლებას, გამოხატო საკუთარი თავი, არის ცალსახად დისკრიმინაციული მიდგომა. ჩაკეტვა, გამოკეტვა... ადამიანის უფლების დარღვევაა, რაც, სამწუხაროდ, წელს მოახერხეს“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე ამბობს, რომ 17 მაისთან დაკავშირებით ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასწარ მიმართა მთავრობას და მოუწოდა, მაქსიმალური ზომები მიეღოთ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად:

„განცხადების მთავარი მიზანი იყო ის, რომ მოგვეწოდებინა შსს-სა და სხვა შესაბამისი სტრუქტურებისთვის, უზრუნველეყოთ საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვა“.

მისივე თქმით, განსხვავებული შეხედულებები ყოველთვის იქნება და სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათი უფლებები თანაბრად იყოს დაცული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG