Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირდება


"შატო შუხმანის" ღვინის საცავი
"შატო შუხმანის" ღვინის საცავი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ მის მიერვე წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზი 4.5-დან 4 პროცენტამდე შეამცირა. ”ი-ბი-არ-დის” აზრით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკებზე, რაც აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას განაპირობებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზის თანახმად, 2014-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზრდება. ეს ვარაუდი ”ი-ბი-არ-დის” საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე ვარშავაში გამოცხადდა. ვარშავაში იმყოფება და ”ევრობანკის” შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაგეგმილი 5-პროცენტიანი ზრდა რეალისტურია. ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას:

”პირველი კვარტალის მონაცემები დამაიმედებელია და ადასტურებს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალისტურობას. უფრო გასახარი ის არის, რომ წყარო არის ექსპორტის ზრდა და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის გააქტიურება”.
ეს მონაცემების აჩვენებს, რომ კრიზისმა გავლენა მოახდინა საქართველოზე, ვაჭრობამ ეს ასახა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მოსალოდნელია საგრძნობი გაუარესება...
თამარ ჯუღელი


ფინანსთა მინისტრის ვარაუდის მიუხედავად, საქართველოს ექსპორტ-იმპორტზე უკრაინის მოვლენების უარყოფით გავლენაზე მიუთითებს ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მოხსენება. ”ი-ბი-არ-დის” თანახმად, უკრაინა-რუსეთის კრიზისი რეგიონალურ ექსპორტზე მოთხოვნის ზოგად კლებას იწვევს. საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, უკრაინასთან, ექსპორტ-იმპორტის ბრუნვის შემცირებაზე საუბრობს ”პი-ემ-სი ჯგუფის” კვლევითი პროგრამების მენეჯერი თამარ ჯუღელი:

”2014 წლის მარტში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში 54 პროცენტით არის შემცირებული, თებერვალთან შედარებით, ხოლო, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც კრიზისი დაიწყო, 71 პროცენტით არის შემცირებული. უკრაინული პროდუქციის საქართველოში იმპორტი მარტში 22,5 პროცენტით არის შემცირებული, გასული წლის ნოემბერთან შედარებით. ეს მონაცემების აჩვენებს, რომ კრიზისმა გავლენა მოახდინა საქართველოზე, ვაჭრობამ ეს ასახა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მოსალოდნელია საგრძნობი გაუარესება".
ოკუპანტ ქვეყანას უბრუნდება ბერკეტები საქართველოს ეკონომიკაზე, მაშინ როდესაც საქართველო იმყოფება სტაგნაციის მდგომარეობაში...
ზურაბ ჯაფარიძე

თამარ ჯუღელის ინფორმაციით, საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილი უკრაინის ნაცვლად რუსეთმა დაიკავა. სწორედ რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ამყარებს დიდ იმედებს საქართველოს მთავრობა. ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთი გახდა საქართველოში წარმოებული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტირების ერთ-ერთი ძირითადი ბაზარი. რუსეთზე მზარდ დამოკიდებულებას აკრიტიკებს ოპოზიციური ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:

”ოკუპანტ ქვეყანას უბრუნდება ბერკეტები საქართველოს ეკონომიკაზე, მაშინ როდესაც საქართველო იმყოფება სტაგნაციის მდგომარეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები: დასწიოს გადასახადები, შეეშვას ეკონომიკური გარემოს გაუარესებას სხვადასხვა გაუაზრებელი ინიციატივებით, გამოაცხადოს ფინანსური ამნისტია და მოახდინოს ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია”.

ზურაბ ჯაფარიძე და სხვა ეკონომისტებიც მთავრობას სხვა ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ, რათა საქართველომ თავიდან აიცილოს რუსეთზე დამოკიდებულება და ეკონომიკური პრობლემები. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი უკვე ალაპარაკდა რუსეთში ექსპორტის შემცირებაზე, ნაწილი კი, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ექსპორტის გაზრდას აღარ აპირებს.

საქართველო-რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი ყაზბეგი
საქართველო-რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი ყაზბეგი
ასეთი სტრატეგიის მიზეზად ღვინის კომპანიები რუსეთში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლო რისკებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ არ სურთ დიდწილად დამოკიდებული იყვნენ ერთ ბაზარზე. ექსპორტის დივერსიფიკაციის რეკომენდაციას გასცემს „პი-ემ-სი ჯგუფის“ წარმომადგენელი თამარ ჯუღელიც:

”მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ექსპორტის დივერსიფიცირება. არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ უკრაინაზე, არც რუსეთზე, ან რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ DCFTA-ს [ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება] ხელი მოეწეროს 2014 წლის ივნისში. და არა მხოლოდ ხელი მოეწეროს, არამედ ხელმოწერის შემდეგ აქტიურად მოხდეს ევროპის ბაზრების ათვისება”.

თამარ ჯუღელი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირთან ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ხელშეკრულებაზე“, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემადგენელი ნაწილია. ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის სწრაფი ზრდის პროგნოზს არ იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი. მათ შორისაა დემურ გიორხელიძეც. მისი აზრით, ”კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი მიზერული ქართული ეკონომიკა არც ერთი სერიოზული მოცულობითი ბაზრისთვის არ არის მზად”.

ცნობილი ფაქტია, რომ ევროკავშირის ბაზარი უამრავი ტექნიკური რეგულაციის დაკმაყოფილებას მოითხოვს. ისინი წლების მანძილზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა ქართველი მწარმოებლებისთვის, მიუხედავად ”ჯი-ეს-პი პლუსის” სავაჭრო პრეფერენციების სისტემისა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ბევრი ეკონომისტი საქართველოს მთავრობას მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი ზრდის მისაღწევად ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებას ურჩევს.
XS
SM
MD
LG