Accessibility links

logo-print
გაფიცვამ, რომელიც კანში დაიწყეს ავტობუსების მძღოლებმა, მოგვიანებით კი ტაქსის მძღოლებმა გააგრძელეს, მხოლოდ და მხოლოდ განამტკიცა კანის კინოფესტივალის ეს ძველთაძველი სახე - ფეხით მოსიარულეებით გადაჭედილი კრუაზეტის სანაპირო, ნამდვილი საცობი, რომელმაც შეიძლება სერიოზულად დაგაზარალოს, საიმედოდ თუ არ გექნა დაკეტილი ხელჩანთა. ამდენი წელია, ვესწრები კანის კინოფესტივალს და მაინც ვერ გავიგე, ვინაა ეს ხალხი, წითელ ხალიჩასთან შეგროვილი ბრბო, “ცოცხალი კინოვარსკვლავის” სანახავად ჩამოსული კანში - კიბეებით, საძილე ტომრებით... რომელ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან ეს ადამიანები? მუშაობენ სადმე? სპეციალურად შვებულება აიღეს მხოლოდ იმისთვის, რომ თუნდაც ნიკოლ კიდმანი ენახათ “ლაივში”?

კანის კინოფორუმი დიდი ხანია ცხოვრობს ამ პეიზაჟით - საცობით წითელი ხალიჩის წინ. ამ პეიზაჟისთვის აფინანსებენ ფესტივალს სპონსორები. ცოცხალი ვარსკვლავებისთვის და არა, მაგალითად, ნური ბილგე ჯეილანის, თურქი რეჟისორის ახალი ფილმის პრემიერისთვის. ეს პეიზაჟი გულგრილია ისეთი კინოს მიმართ, რომელშიც ვარსკვლავს ვერ ვიხილავთ. პეიზაჟიც და სპონსორიც. ვინ იცის, შესაძლებელია, ამიტომაც გახდნენ იძულებულები ძმები დარდენები, თავიანთ ახალ ფილმში მთავარ როლზე მოეწვიათ ახლა უკვე ამერიკულ-ფრანგული ვარსკვლავი მარიონ კოტიარი. აბა ვის აინტერესებს დღეს სოციალური კინო რამდენიმე ასეული კინომანის გარდა?

ჰოდა, რომ არ აინტერესებს, ამიტომაც გააერთიანა პრესისსთვის განკუთვნილი კინოსეანსი თურქი რეჟისორის ფილმის ოფიაციალურ პრემიერასთან კანის კინოფესტივალის დირექციამ. უხერხული იქნებოდა ცარიელი კინოდარბაზი ფილმზე, რომელსაც ფესტივალის დაწყებამდე “ოქროს პალმას” უწინასწარმეტყველებდნენ. ჯეილანის “ზამთრის ძილი” პროგრამაში შუადღეზე ჩასვეს, როცა მზეს და სითბოს მონატრებული ხალხი პლიაჟებზე მიეცა განცხრომას. მიუხედავად ამისა, ძმები ლიუმიერების დარბაზი, რომელიც დაახლოებით 2 500 ადამიანს იტევს, სეანსის დაწყებამდე 40 წუთით ადრე შეივსო. ეს მაშინ, როცა ყველამ იცოდა - “ზამთრის ძილი” თითქმის სამსაათნახევარი გრძელდება!

ჰოდა, იმ ხალხზე ვამბობდი, წითელ ხალიჩასთან რომ ათენებს ღამეებს, არ ვიცი-მეთქი ვინ არიან. ამდენი წელია დავდივარ კანში და ერთხელ არ გამოველაპარაკე. მაგათთვის სად გვცალია. მერე გვრცხვენია ხოლმე ცოტა - აგერ ტაქსის და ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, ოჯახებს ვერ არჩენენ დაბალი ხელფასის გამო. ჩვენ კი უხერხულობა შეგვექმნა - ფეხით გვიწევს სიარული კანში და ვწუწუნებთ, რომ ამ “საცობის” გამო სეანსზე დაგვაგვიანდა.

რცხვენია ნური ბილგე ჯეილანსაც. თავის ფილმებში თურქმა რეჟისორმა არაერთხელ შექმნა “სოციალური საზღვრის” დაუვიწყარი სახე; თურქეთის ინტელიგენცია, არტისტული ელიტა, რომლესაც თავის თავს მიაკუთვნებს და დანარჩენი თურქეთი, გაჭირვებული ხალხი, რომელიც ზოგჯერ სრულიად ამაოდ დაეძებს სამუშაოს. ესაა “ჩატეხილი ხიდი”, რომლის აღდგენას აგერ უკვე მერამდენე ფილმში ამაოდ ცდილობს თანამედროვე ევროპული კინოს ერთ-ერთი ლიდერი. სამწუხაროდ, მას ყოველთვის არ გამოსდის წონასწორობის დაცვა. მაშინ, როცა აქცენტი გადააქვს თავისი წრისთვის დამახასიათებელ ფარისევლობასა და სიყვარულის დეფიციტზე, კოკეტობას იწყებს ხოლმე “ა ლა ტარკოვსკი”... “სარკე” ხომ გახსოვთ? იტანჯებოდა ტარკოვსკის გმირი უსიყვარულოდ და პატიებას გვთხოვდა. მაგრამ აღსარება გადაიზრდებოდა თვითტკბობასა და უსაზღვრო სიბრმავეში. თავის თავზე კონცენტრირებული ინტელიგენტი ვეღარ ხედავდა სამყაროს მის გარშემო. ეს იყო ტარკოვსკის პრობლემა და ესაა ჯეილანის პრობლემაც. თავისი მართლაც რომ გენიალური წინა ფილმისგან განსხვავებით (“ერთხელ ანატოლიაში”), “ზამთრის ძილში” ჯეილანი მთლიანად კონცენტრირებულია “ალტერ ეგოზე” - მწერალზე, რომელსაც პატარა სასტუმრო აქვს ანატოლიაში და ზამთარს იქ ატარებს ხოლმე. “რატომ არ გიყვარვართ?”. დაახლოებით ასეთ, ბერგმანულ კითხვას უსვამს ის ახლობელებს და, შესაბამისად, მაყურებელსაც. სამსაათნახევარი გვეკითხება ამას. პასუხის გაცემის სურვილი, პირადად მე, როცა ამას მეკითხებიან ხოლმე, არასდროს არა მაქვს.

ევროპული კინოს კიდევ ერთმა მეტრმა, ბრიტანელმა მაიკლ ლიმ, შედარებით ადვილად გადაწყვიტა “ჩატეხილი ხიდის” პრობლემა. ახალ სურათში, რომელიც ფესტივალის გახსნისთანავე უჩვენეს, მაიკლ ლი ინგლისელი მხატვრის, “სინათლის ოსტატად” წოდებული უილამ ტერნერის პორტრეტს ქმნის (და, შესაბამისად, ვიქტორიანული ინგლისის პორტრეტსაც). აქ ახლობლებზე გულაცრუებული, საერთოდ, ადამიანებზე გულაცრუებული ხელოვანი ინგლისის პეიზაჟებში ცდილობს სიცოცხლის საზრისის დანახვას. ყველაფერი ეს იმდენად ლამაზია, რომ მაიკლ ლის გამოსახულება სიამოვნებისგან გაბრუებს და თავბრუს გასხამს. მაგრამ სადღაც ფილმის მეორე ნახევარში ტერნერის ცოტა არ იყოს ერთფეროვანი ფერწერა მონოტონურს ხდის მთელ ფილმს. გასაგებია, რომ მაიკლ ლი დიდი ოსტატია. გასაგებია, რომ მას ჰყავს გენიალური მსახიობები. არც იუმორი ღალატობს და არც თვითირონია. მაგრამ ოსტატობა, სამწუხაროდ, არაა საკმარისი იმისთვის, რომ “საზღვარი” ხელოვანსა და დანარჩენ სამყაროს შორის გაუქმდეს და ამ შემთხვევაში მაიკლ ლის მარტოსული გმირის მიმართ გაგიჩნდეს თანაგრძნობა. ყველაფერი ეს ისეთივე ცივია, როგორც ინგლისის პეიზაჟი - იშვიათად, ძალიან იშვიათად რომ გამოანათებს ხოლმე მზე.

კანის წლევანდელ კინოფესტივალზე, როგორც ადრეც აღვნიშნე, დიდი ოსტატების ნამდვილი აღლუმია. მაგრამ როგორც კი ოსტატი თავის თავს “მეტრად” წარმოიდგენს, მაშინვე მთავრდება ხოლმე ყველაფერი. საზღვარი იკეტება და ოსტატის კინო კარგავს სიცოცხლის ძალას, ემოციას. და, რაც მთავარია, სიყვარულს. საბედნიეროდ, კანის ფესტივალზე კონკურსის გარდა არსებობს სხვა კინოსექციებიც, სადაც ახალგაზრდა ან ნაკლებად ცნობილი რეჟისორების ფილმებს უჩვენებენ. ერთ-ერთი ასეთი სექციაა “სხვა მზერით”, რომელიც წელს სამი ფრანგი რეჟისორის, მარი ამაშუკელის (მხატვარ გუჯი ამაშუკელის ქალიშვილის), კლერ ბურგერისა და სამუელ თეისის ფილმით “Party Girl” გაიხსნა. ესაა რეალური ამბავი კაბარეს მოცეკვავე ქალზე, რომელიც 60 წლის ასაკში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, ესაა მთავარი როლის შემსრულებლის, ანჟელიკ ლიტცენბურგერის რეალური ამბავი. ანჟელიკს უყვარს სექსი. უყვარს მამაკაცები, თუმცა ბრაზდება, როცა “სექსმუშაკს” უწოდებენ. სად არის ასეთი ადამიანის ადგილი ამ სამყაროში? როგორ უნდა დავაჯეროთ საზოგადოება, რომ ასეთ ქალსაც აქვს ღირსება და ბედნიერების უფლება? ამ კითხვას სვამენ ფილმის ახალგაზრდა ავტორები. არანაირ თვითგვემას არ მიმართავენ. უბრალოდ ხედავენ! ხედავენ ადამიანებს ჩვენს გარშემო... და არა საკუთარ თავს.

ახლა ის დროა, ძმები დარდენების ახალ ფილმს დაველოდოთ. ბელგიელ ძმებს ყოველთვის ჰქონდათ “საზღვრის” გახსნის უნარი. მათ ფილმებში სამყაროს დანახვის “ფუნქციას” კამერა ასრულებდა. ახლა დროა, დაველოდოთ დარდენების კამერას. საინტერესოა, რას დაინახავს ეს კამერა ამომავალი ფრანგულ-ამერიკული კინოვარსკვლავის თვალებში.
XS
SM
MD
LG