Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი პრეზიდენტის ვიზიტი, პატიმრები და 17 მაისი


17 მაისის დემონსტრაცია თბილისში
17 მაისის დემონსტრაცია თბილისში
ამ კვირის მთავარი მოვლენა საქართველოში სტუმრების ჩამოსვლა იყო. თბილისს ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები ეწვივნენ. ამ კვირაში ისევ აქტუალური გახდა პატიმრების თემა. 17 მაისის გამოსვლები კი, შარშანდელისგან განსხვავებით, მშვიდობიანად დასრულდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თბილისს 13 მაისს ეწვია. განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს დაახლოება ევროკავშირსა და ნატოსთან, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხსაც დაეთმო. საფრანგეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმშიც.

იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა, ფრანსუა ოლანდი საქართველოს განვითარებისადმი ნდობის გამოხატულებად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნება, ხოლო ფრანგი ბიზნესმენები უფრო ეფექტიანად დაიმკვიდრებენ ადგილს ქართულ ბაზარზე.
ასოცირების შესახებ შეთანხმება შეასრულებს კომპასის ფუნქციას რეფორმებისთვის, რათა მიღწეულ იქნეს უკეთესი სტანდარტები გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით, რათა შეიქმნას განჭვრეტადი ბიზნესგარემო...
ჰერმან ვან რუმპე


”ევროპას უნდა ჰქონდეს 10-წლიანი, 20-წლიანი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ეს საშუალებას მოგვცემს ვისარგებლოთ საუკეთესო ფასებით და დავიცვათ გარემო. ევროპას უნდა ჰქონდეს თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს საკუთარი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საქართველოსთან ერთად”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველო ხელს 27 ივნისს მოაწერს. ეს ამბავი თბილისში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ ჩამოიტანა:

”ასოცირების შესახებ შეთანხმება შეასრულებს კომპასის ფუნქციას რეფორმებისთვის, რათა მიღწეულ იქნეს უკეთესი სტანდარტები გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით, რათა შეიქმნას განჭვრეტადი ბიზნესგარემო, რაც საჭიროა ინვესტორებისთვის, დამქირავებლებისა და მომხმარებლებისთვის. ასევე აქ იგულისხმება კარგი მმართველობის სტრუქტურები და სანდო სახელმწიფო ინსტიტუტები. დაბოლოს, ასეთ ძირეულ ცვლილებებს ექნება ძლიერი ზეგავლენა ეკონომიკაზე. ასოცირების შესახებ შეთანხმება ჯადოსნურად, ერთ ღამეში ვერ გააძლიერებს ეკონომიკას, მაგრამ ეს პროცესი დროთა განმავლობაში მიგვიყვანს ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტამდე ყველასათვის”.
ჰერმან ვან რუმპე და ირაკლი ღარიბაშვილი
ჰერმან ვან რუმპე და ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაიხადა იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს დამატებით 30 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო. ეს თანხა მიმართული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დასაფინანსებლად, მათ შორის, მოხმარდება ამ პროცესში ჩართული საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზებას. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ, რეგიონში არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენს აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს.

15 მაისს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ომბუდსმენის რწმუნებულებს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან. უჩა ნანუაშვილის თქმით, საპატიმროებში ვიზიტების დროს ომბუდსმენის რწმუნებულებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილების უფლება. სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მინისტრს სამსახურებრივი მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდა, ასევე მიმართა პარლამენტს მანდატის გაზრდის ინიციატივით, რათა რწმუნებულები ფოტოგადაღების უფლებით აღიჭურვონ. ომბუდსმენს სასჯელაღსრულების სამინისტროდან წერილობით უპასუხეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო.

„ერთ-ერთ შემთხვევაში, მაგალითად, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართა და მოუწოდა საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ, სადაც რამდენიმე ხნით ჩაკეტილი ჰყავდათ. სხვა შემთხვევაში სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში და ეზღუდებოდათ გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
დავით სერგიენკო
დავით სერგიენკო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა ყველაზე მეტად იმით არის უკმაყოფილო, რომ მომსახურების მისაღებად დიდხანს ლოდინი უწევს. ასევე, დიდმა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი, პროგრამის ფარგლებში უფრო მეტი მედიკამენტის ღირებულება აუნაზღაურონ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, 2012 წელს ჯანდაცვის სფეროს წინაშე ორი მთავარი გამოწვევა იყო: პირველი - უსახსრობის გამო ადამიანს შესაძლოა ვერ ემკურნალა და დაღუპულიყო და, მეორე - ემკურნალა, მაგრამ ამისთვის მთელი ქონების გაყიდვა დასჭირვებოდა.

„თავისთავად ცხადია, რომ ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს ყველაგან ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ორი მთავარი გამოწვევა შარშანდელი მდგომარეობითაც კი უკვე მოგვარებული იყო“, - განაცხადა მინისტრმა.

ისევ აქტუალური იყო საყდრისის თემაც. 16 მაისს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს დაცვისა და გადარჩენის კომიტეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე ე.წ. უნდობლობის პეტიცია შეიტანეს. ისინი უნდობლობას უცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობას და მოუწოდებენ თანამდებობები დატოვონ. საყდრისის დამცველებმა მედიას საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული შუალედური დასკვნის ორიგინალური ვერსიაც წარუდგინეს. კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ შუალედურმა დასკვნამ დაადასტურა, რომ საყდრისი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და რომ ის, მართლაც, ოქროს უძველესი მაღარო იყო.
ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქცია
ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქცია

შარშანდელისგან განსხვავებით, მშვიდობიანი იყო 17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეს დღე ასევე გამოცხადდა ოჯახის სიმტკიცის დღედ. 17 მაისს საეკლესიო პირები და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თბილისის ქუჩებში გამოვიდა. რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომადგენლებს, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გამო, ისინი სახლებში დარჩნენ. აქტივისტი თამთა მელაშვილი ამბობს, რომ მას იმედი არ ჰქონდა, რომ ქუჩაში გამოსულს სახელმწიფო დაიცავდა.

„ლგბტ თემის წევრებიც და თემისადმი მეგობრულად განწყობილი ადამიანებიც თითქმის ყველა სახლშია და მეც სახლში ვარ, რადგან შარშან მართლა შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. სამწუხაროდ, ცხრა სიცოცხლე არ მაქვს. ამიტომ ვამჯობინე სახლიდან არ გავსულიყავი, თუმცა ამის სურვილი მქონდა და სხვებსაც ჰქონდათ“.

მსვლელობის გარდა, 17 მაისს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა დარიალის ხეობაც, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე თერგი დააგუბა. მაშველებმა მოახერხეს „დარიალჰესის" მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის 12 მოქალაქე გამოეყვანათ. შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG