Accessibility links

logo-print
11 მაისი, კვირა
07:30 - ვიღვიძებ... ვასიკოს დავხედე, ის ჯერ ჩვენს ოთახში წევს... უკვე გაუღვიძია. მე როცა ვდგები, ვასიკოს, როგორც წესი, სძინავს. ჩუმად ვაკოცებ ხოლმე და ოთახიდან გავდივარ. ვასიკო ჩემი მეოთხე შვილია. ის ახლა ექვსი თვის არის და ბაბუას სახელს ატარებს. ჯერჯერობით ერთადერთი ბიჭია ოჯახში. გოგოებს ის ძალიან უყვართ და პატრონობენ.

სპორტულები ჩავიცვი. დღის ტანსაცმელი გამზადებული მაქვს და თან მიმაქვს, ვარჯიშის მერე რომ ჩავიცვა. სრულად მოვწესრიგდი და მზად ვარ სახლიდან გასასვლელად. თუმცა, ჯერ კიდევ ორი საქმე მაქვს გასაკეთებელი. მარიამს ვაღვიძებ. მარი უკვე დიდი გოგოა და ადვილად მთანხმდება, ადგეს. მერე ლიზის ოთახში შევდივარ. სცენა ყოველ დილით მეორდება - ლიზის გაღვიძება უჭირს, პატარაა ჯერ. ფერებ-ფერებით ვაღვიძებ. ამასობაში ჩვენი ძიძაც მოდის და სავარჯიშოდ მივდივარ. ანასტასიას ნახვას დღეს ვერ ვახერხებ, მას ჯერ კიდევ სძინავს.

საცურაო აუზზე ამ დროს უკვე ბევრი ხალხია შეკრებილი. დილაობით, აქ ერთი და იგივე ადამიანები დადიან. ასე რომ, ყველანი საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვეული მისალმებების შემდეგ, მეორე სართულზე ავდივარ და ვარჯიშს ვიწყებ. 10 წუთს მძიმე წონებით ვვარჯიშობ, მერე კი დავრბივარ. სირბილს ყოველ დილით 30 წუთს ვუთმობ. მრავალი წელია უკვე, ყოველ დილით ვვარჯიშობ და სავარჯიშო კომპლექსში ყოველი წუთი ავტომატურად არის გაწერილი.

სირბილის შემდეგ საუნაში შევდივარ 20 წუთით, მერე კი - აუზში. სავარჯიშო კომპლექსს საათნახევარში ვტოვებ და ოფისისკენ მივდივარ. ადრე ვარჯიშის მერე „ვისოლის“ ოფისში მივდიოდი. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად „სმარტის“ და „ვენდისის“ ოფისებში მივდივარ.

დღეს კვირაა და ოფისების მონახულების შემდეგ, თითქმის მთელი დღე სახლში გავატარე. შუადღეს ბავშვებთან ერთად ვაკის პარკში ვისეირნეთ და მერე ერთად ვისადილეთ. დღის მეორე ნახევარი სახლში ვიყავით და სხვადასხვა საქმით ვირთობდით თავს.
12 მაისი, ორშაბათი
დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ნათია, ანასტასია, ვასიკო და მე, დილით ტაძარში წავედით და ჩვენი ოჯახის მოძღვართან ერთად დავყავით გარკვეული ხანი.

დღეს დასვენების დღეა და სახლში ვბრუნდებით. რამდენიმე საათს ოჯახთან ვატარებ. ყველანი სახლში ვართ, მარიამის გარდა. მარი დღესაც სწავლობს - ამერიკული აკადემია დღეს არ ისვენებს.

ბავშვებთან ერთად კარგად გავერთე, მაგრამ უნდა წავიდე - საქმიანი შეხვედრები მაქვს დანიშნული.

თითქმის ყოველთვის ასე გამოდის: უქმე დღეებშიც მიწევს მუშაობა ან საქმიან შეხვედრებზე წასვლა. გასულ კვირას „ვენდისის“ ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი მყავდა სტუმრად. „ვენდისის“ გუნდთან ერთად, მთელი დღე ვმუშაობდით ჯონი და მე. მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვას ვაპირებთ ახლო მომავალში და გვინდა ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად და აკადემიურად განვიხილოთ.

„ვენდისში“ რომ მივედი, ჯონი კმაყოფილი დამხვდა. ერთი დღით გვიან მომიწია ნახვა, რადგან წინა დღითაც სტუმრები მყავდა და ის მხოლოდ რამდენიმე წუთით ვნახე რუსთაველზე „ვენდისის“ რესტორანში, სადაც „ვენდის 2014“-ის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია მოეწყო. ჯონმა ამ ცერემონიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. სრულიად აღფრთოვანებულია ამ პროექტით, რომლის საფუძველზეც 600 აპლიკანტიდან ერთი გოგონა გამოვავლინეთ. იგი „ვენდისის“ 2014 წლის სახე გახდა. პირველადი შერჩევების მერე ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში გამარჯვებისთვის 14 გოგონა იბრძოდა. ყველანი კარგები არიან. მე მოვახერხე და ერთ დღეს ყოველ მათგანს შევხვდი. დაჯილდოების ცერემონიალმა საკმაოდ ემოციურად ჩაიარა, თბილ და საინტერესო გარემოში. ჩვენი სურვილია, ეს პრაქტიკა დავნერგოთ და „ვენდისის“ სახე ყოველწლიურად გამოვავლინოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა...

ახლა ერთი დანაპირები მაქვს შესასრულებელი - სახლში ჩემი ორი წლის ანასტასია მელოდება, „ვენდისში“ უნდა წამოვიყვანო. ბოლო ხანს ანასტასია, დამინახავს თუ არა, პირდაპირ „ვენდის“ მეძახის და სულ „ვენდისში“ წაყვანას მთხოვს. მე კი ამას ძირითადად შაბათ-კვირას ვახერხებ. დღეს დასვენების დღეა და ანასტასიას სურვილს ვუსრულებ. „ვენდისის“ სათამაშო ზონაში მდებარე ლაბირინთში ანასტასია საათზე მეტ ხანს დარჩა. ძალიან კმაყოფილია. მეც მიხარია, ხელში ამყავს და ვეფერები.

სახლში მისულმა ხელი მოვკიდე წიგნს, რომელსაც ბოლო პერიოდში ვკითხულობ და მალე მინდა დავამთავრო. მერე ცოტა ხნით ტელევიზორს ვუყურე და დასაძინებლად წავედი.

13 მაისი, სამშაბათი
9 საათზე უკვე მახათას მთაზე მშენებარე მონასტრის შენობაში ვიდექი. ზღვა ხალხი ამოვიდა. 11 საათზე უწმინდესი ეწვია ტაძარს. 1 საათამდე ტაძარში ვიყავით, ძალიან კარგი გარემო იყო.

ტაძრიდან პირდაპირ საფრანგეთი-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე წავედი. ფორუმი საინტერესო გამოდგა. საფრანგეთის პრეზიდენტიც დაესწრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.

ეკონომიკური ფორუმი საღამოს დასრულდა, რის შემდეგაც ოფისში წავედი და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი მეილების კითხვას და საქმეების მოგვარებას 4-5 საათი მოვანდომე. სახლში გვიან მივედი.

14 მაისი, ოთხშაბათი
დღეს დედას დაბადების დღეა... 77 წლის ხდება. დედა რამდენიმე თვის წინ მონაზვნად აღიკვეცა. დაბადების დღის გადახდა იმ ტაძარში გადავწყვიტეთ, სადაც ის მსახურობს. დაბადების დღეზე დედას რამდენიმე მეგობარი წავიყვანეთ, იქ კი მონაზვნები დაგვხვდნენ. ძალიან თბილი დღე გამოვიდა. ბევრი რამ გავიხსენეთ და მოვიგონეთ.

საღამოს ოფისში მომიწია მისვლა და გვიანობამდე ვიმუშავე.

15 მაისი, ხუთშაბათი
07:30-ზე გავიღვიძე. ვასიკოს სძინავს. თავის მოწესრიგებას შევუდექი. ამ დროს ორი წლის ანასტასია დამადგა თავზე, ადრე გაიღვიძა დღეს. მთხოვა, „სამი გოჭი“ ჩამირთეო. კომპიუტერი ავიღე და „სამი გოჭი“ ჩავურთე, მერე სხვა მულტფილმი მოინდომა, მერე ვენდის სიმღერა ჩამირთეო და ასე გავიდა თითქმის ერთი საათი. ამავე პერიოდში მარიამი და ლიზიც გავაღვიძე. ანასტასიას ბოდიში მოვუხადე, ჩავეხუტე და წასასვლელად მოვემზადე. ანასტასია უკვე დიდი ხანია ლიფტამდე მაცილებს და ხელს მიქნევს.

დილის ვარჯიშის მერე „სმარტის“ ოფისში მივედი. დღეს 7 შეხვედრა მაქვს დანიშნული. 6 საათზე კი იტალიელ სტუმრებს ველოდები.

10 საათისთვის „ვისოლში“ ვიკრიბებით. სტუმრები გვყავს შვეიცარიიდან. ესენი ჩვენი მთავარი ბანკირები არიან BNP-დან. BNP 2006 წლიდან „ვისოლ პეტროლიუმის“ სავაჭრო ოპერაციების მნიშვნელოვან ნაწილს აფინანსებს. წლების მანძილზე ამ ბანკთან ძალიან მეგობრული და პროფესიული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. რამდენიმე კვირის წინ, იმ განყოფილებას, რომელიც „ვისოლ პეტროლიუმის“ ანგარიშებს მართავს ახალი მენეჯერები დაუნიშნეს და დღეს ორი ადამიანი მოდის ჩვენთან, რომელთაც ადრე არ შევხვედრივართ და დღეს გავიცნობთ.

სათანადოდ მოვემზადე შეხვედრისთვის. „ვისოლ ჯგუფის“ შესახებ უკანასკნელ დღეებში კარგი პრეზენტაცია მოვამზადე. მოკლედ, უკვე ჰალსტუხიც მიკეთია და „ვისოლში“, ჩემს კაბინეტში შევდივარ. რამდენიმე წუთში, ყველანი - ჩემი ძმა, ასევე ჩვენი კომპანიის გენერალური დირექტორი და რამდენიმე წამყვანი დეპარტამენტის დირექტორები საკონფერენციო დარბაზში ვიკრიბებით და მზად ვართ სტუმრებთან შესახვედრად. ჩვეული მისალმებებისა და სავიზიტო ბარათების გაცვლის შემდეგ, ყველანი მაგიდასთან ვსხდებით. კომპიუტერი მზადაა და ჩემი პრეზენტაციის დაწყებას ელოდება.

პრეზენტაცია სამ საათს გაგრძელდა. ბევრი ვისაუბრეთ, დაისვა მრავალი შეკითხვა. ვატყობ, რომ პრეზენტაციის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვახსენე, BNP-ისთან დიდი ხნის კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს, დღეს სტუმრად, მათი ორი, ჩვენთვის აქამდე უცნობი წარმომადგენელი გვყავს და თავიდანვე კარგი, თბილი და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციებს შორის წარმატებულ თუ წარუმატებელ ურთიერთობებს ადამიანები ქმნიან და ინდივიდებზეა სწორედ უმეტესწილად დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად წარიმართება შემდგომში პარტნიორობა.

ჩერჩილი ამბობდა: „ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებებს, რამეთუ, ისინი ყოველთვის არ ამართლებენ“. ალბათ ასეა, თუმცა საკუთარი პრაქტიკის მაგალითზე პირველ წუთებსა და საათებს, პირველ ემოციებს მნიშვნელოვანი როლი აქვს ურთიერთობების სწორად დაწყებაში. ბიზნესში ასე ხდება, პოლიტიკაში არ ვიცი, როგორ, რადგან პოლიტიკისა არაფერი მესმის.

ჩვენი სტუმრები ამავე ღამით მიფრინავენ, ყველაფერი უნდა მოვასწროთ.

ოფისიდან გავდივართ. შუადღეა. ვისოლის სადგურები უნდა ვუჩვენოთ. მერე „ეარ-ვისოლის“ ტერმინალში უნდა მივიდეთ, რომელიც აეროპორტის წინ მდებარეობს. მერე „სმარტის“ სუპერმარკეტები უნდა დავათვალიეროთ, „ვენდისში“ ახალი ბურგერი „პორტაბელა მელტი“ დავაგემოვნოთ. მერე კი ქართულ სუფრაზე წავალთ...

დღის საქმიანმა ნაწილმა ძალიან ეფექტიანად ჩაიარა. ამ ეპიზოდზე დიდხანს არ გავჩერდები. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩვენი სტუმრები აშკარად შთაბეჭდილების ქვეშ არიან და არც მალავენ. ყველაზე მეტად გასაკვირი ის ორგანიზაციული კულტურა აღმოჩნდა, რომელიც „ვისოლ ჯგუფში“ სუფევს. ძალიან გაუკვირდათ ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს თანამშრომლებთან გვაქვს. რამდენჯერმე მკითხეს, როგორ ახერხებ, რომ ყველა თანამშრომელს ესალმები და იცნობო? ჩვენ კი ვამაყობთ ჩვენი ოჯახური კულტურით, რომელიც ვისოლ ჯგუფში მრავალი წლის წინ დავნერგეთ და, რაც მთავარია, დღემდე შევინარჩუნეთ.

ქართული სუფრა. მაგიდაზე კერძების ტევა არ არის. ათნი ვართ. ვსაუბრობ ინგლისურად იმ ფუნქციისა და როლის შესახებ, რომელიც ქართულ სუფრას ჰქონდა და აქვს ჩვენს კულტურაში. სასმელს თითქმის არც ერთი არ ვეტანებით, მაგრამ ბევრს ვსაუბრობთ. აშკარაა, რომ ქართული ადათის, წესებისა და კულტურის ახლოს გაცნობა ჩვენს სტუმრებს სიამოვნებას ანიჭებს. 12 საათზე დავიშალეთ და ერთმანეთს მეგობრობა და მჭიდრო პარტნიორობის შენარჩუნება აღვუთქვით.

სახლში ვბრუნდები. მარიამი მეცადინეობს, ვასიკოს ღვიძავს. ვასიკოს ხელში ვიყვან და ოთახში დამყავს. მერე ვიცვლი და ისევ ვასიკოსთან ვთამაშობ. პატარაა ჯერ, ბევრი არაფერი ესმის. მერე ტელევიზორს ვუყურებ და 1:30 ზე დასაძინებლად მივდივართ მე და ნათია. ბავშვებს უკვე სძინავთ...

16 მაისი, პარასკევი
დღესაც საინტერესო დღე მაქვს. პრინციპში ყველა დღე საინტერესოა და ყველა დღე მიყვარს.

ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ჩემი საქმე. ხშირად ვამბობ ხოლმე, მთელი დღე არ ვიღლები-მეთქი. ბუნებრივია ყველას ეს არ სჯერა, მაგრამ მე თვითონ დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ენთუზიაზმს და ენერგიას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც ბავშვობის წლებიდანვე ავირჩიე; მეორე: ყოველდღიურად ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და მსიამოვნებს. ის კომპანიები, რომლებსაც ვმართავ, სიხარულს მანიჭებს, მაძლევს ენერგიას და ყოველდღიური პროგრესი ისე მახარებს, რომ ალბათ, ბუნებრივად ვივიწყებ დაღლილობას; მესამე ოჯახური იდილიაა, რომელიც სახლში დაბრუნებისას მხვდება და ყველაფერს მავიწყებს.

მოკლედ, დღეს კარგი დღეა. 5 საათზე ჩემი ძმისშვილი ჩამოდის საქართველოში. ამერიკაში სწავლობს და ძალიან მომენატრა. აეროპორტში დავხვდით და მერე გვიანობამდე ერთად ვიყავით. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, კარგი და თბილი საღამო იყო.

17 მაისი, შაბათი
ჩვეულებისამებრ, ადრე ავდექი. ვივარჯიშე, შემდეგ ოფისში შევიარე. რამდენიმე შეხვედრა მქონდა და მერე ჩვენი სავაჭრო ობიექტების სანახავად წავედი. ყველგან ნორმალური ვითარება დამხვდა.

დღეს რადიო თავისუფლების დღე მაქვს - „თავისუფლების დღიურები“ უნდა ჩავწერო. მერე ქალაქგარეთ ვაპირებთ გასვლას მთელი ოჯახი...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG