Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ დაკარგულად ითვლება შვიდი ადამიანი


დარიალის ხეობაში შაბათს მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ დაკარგულად ითვლება შვიდი ადამიანი. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში, რომელიც კვირას, საღამო ხანს გამოქვეყნდა. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი - უკრაინის მოქალაქე, რომელიც კვირას თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა წინა დღეს დარიალის ხეობაში დაშავების შედეგად. იუწყებიან, რომ დარიალის ხეობაში დაკარგული პირების მოსაძებნად მიმდინარე სამუშაოებს ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყრის დიდი მასა. კვირასვე გავრცელებული ინფორმაციით, დარიალის ხეობაში გადაადგილება აიკრძალა. ამის მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ასახელებს მყინვარწვერზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონას. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მყინვარწვერზე დარჩენილია მოუწყვეტელი მეწყრის ნაწილი, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია როგორც ტრანსპორტის, ისე მოქალაქეებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ალექსანდრე ჭიკაიძე შაბათიდან იმყოფება ყაზბეგის რაიონში. ის 17 მაისს დაინიშნა მეწყრის ჩამოწოლის გამო შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად.
XS
SM
MD
LG