Accessibility links

logo-print

დარიალის ხეობაში სტიქიის გამო დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა


დარიალის ხეობაში სტიქიის გამო დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 18 მაისს იმყოფებოდა მეწყრის ზონაში. მან მწუხარება გამოთქვა უკრაინის მოქალაქის დაღუპვის გამო და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. პრემიერის ინფორმაციით, ადგილზე 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საგანგებო შტაბი. „ჩვენი სამსახურები თავდაუზოგავად განაგრძობენ სამაშველო და ყველა სხვა აუცილებელ ოპერაციას სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობენ, პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის რუსეთს ტექნიკით და სხვა აღჭურვილობით დახმარების შეთავაზებისთვის. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ვითარება და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ვისაც დახმარება სჭირდება“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG