Accessibility links

logo-print
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრები, 54 წლის ოთარ ქოქოშვილი, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს - დააკავეს იმ დროს, როდესაც სიძესთან ერთად სოფლის საქონელს მწყემსავდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. დაკავებულის სიძე, რატი ქიმერიძე, აცხადებს, რომ მის სიმამრს სოფლის ტერიტორია არ დაუტოვებია და მესაზღვრეები, პირიქით, საძოვრის ტერიტორიაზე დაახლოებით 60-80 მეტრით შემოვიდნენ. დაკავების დროს ქიმერიძემ თავს გაქცევით უშველა, თუმცა ხედავდა, როგორ გადაიყვანეს ქოქოშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

დაკავებულის ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არ იციან, ოთარ ქოქოშვილი რა მდგომარეობაში იმყოფება. მისი მეუღლე, ლეილა ქოქოშვილი, ცდილობს ინფორმაცია ცხინვალელი ნათესავებისგან მიიღოს, რომლებიც უკვე მზად არიან ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმა, 2000 რუბლი, გადაიხადონ.

სოფელ თამარაშენს ოსური სოფელი იონჩა ესაზღვრება, სადაც რუსეთის მესაზღვრეებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. თამარაშენს იონჩასგან ტყის მასივი და საძოვარი ყოფს. თამარაშენის მცხოვრებლები სოფლის საქონელს ამ ერთადერთ საძოვარზე უშვებენ ხოლმე, ამიტომ, მათი აზრით, შესაძლოა მომავალში დაკავებები უფრო გახშირდეს, რადგან სოფელს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

სოფელ ფცის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თამაზ ბერუაშვილმა დაკავების შესახებ საქმის კურსში როგორც ადგილობრივი სამართალდამცავები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩააყენა. ბერუაშვილიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლის ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები, სადაც ქოქოშვილის დაკავება მოხდა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სააგენტოებისთვის მიცემულ კომენტარში უწყებიდან აცხადებენ, რომ ქოქოშვილმა ეგრეთ წოდებული საზღვარი უნებლიეთ დაარღვია და ამჟამად, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკანიანის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ქართველი მწყემსის დაკავების შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებიც.

თამარაშენის მცხოვრებლები სოფელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერები, დარჭობილია ძელები, მაგრამ მავთულხლართები გაბმული არ არის, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს სურვილი აქვთ გაერკვნენ, სად მთავრდება მათი სოფლის საძოვარი.
XS
SM
MD
LG