Accessibility links

უკრაინის შესახებ სიუჟეტში რუსეთის ტელევიზიამ ძველი ჩანაწერი ახლად გაასაღა


კადრი რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები ჩანაწერიდან

კადრი რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები ჩანაწერიდან

რუსეთის ტელევიზიამ ძველი, სხვაგან გადაღებული ჩანაწერი აჩვენა იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლნი არიან.

კადრებიც და მესიჯიც საზარელი იყო - გაშლილ მინდორზე დაგდებული, მოკლული ადამიანი. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეს იყო სამოქალაქო პირი ან, შესაძლოა, დაუმორჩილებელი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც კიევის ძალებმა მოკლეს, აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის რეგიონში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების დაშინების მიზნით.

მაგრამ კადრები, რომლებიც „როსია-1“-მა 16 მაისს აჩვენა, ემთხვევა 18 თვის წინ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ეხებოდა.

უკრაინის ფედერალურ ძალებსა და თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის სლავიანსკთან მიმდინარე შეტაკებების შესახებ სიუჟეტში ტელევიზიამ აჩვენა გვამის კადრი და განაცხადა, „სამოქალაქო პირები ყოველდღიურად იხოცებიანო“.

ამის შემდეგ ეკრანზე კვლავ გვამის კადრი რჩება - ვხედავთ, რომ გვამთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღი გდია, კადრსმიღმა ხმა კი გვამცნობს, რომ ეს კაცი უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ მოკლა და რომ ამ კაცში უკრაინის სეპარატისტებმა თავიანთი წევრი ვერ ამოიცნეს. ადგილზე იარაღი მესიჯის გაგზავნის მიზნით დატოვეს, რომ მტერი იქნა მოკლულიო, განაცხადა „როსია-1“-მა.

თუმცა ვიდეოჩანაწერი ზუსტად ემთხვევა ამ ტელევიზიის პარტნიორი არხის, „როსია 24“-ის მიერ 2012 წლის 18 ნოემბერს ნაჩვენებ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ყაბარდო-ბალყარეთში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას.

როგორც „როსია 24“ იუწყებოდა, ოპერაციის დროს ხუთი ექსტრემისტი იქნა მოკლული.

ერთი და იმავე გვამის კადრის გარდა, უკრაინის შესახებ 16 მაისს და ყაბარდო-ბალყარეთის შესახებ 2012 წელს ნაჩვენებ სიუჟეტებში სხვა იდენტური მასალაც გავიდა - აჩვენეს, როგორ აკვირდება მინდორს ოთხი შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი.

უკრაინისა და დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები რუსეთის მედიას ხშირად სდებენ ბრალს პირდაპირი პროპაგანდის წარმოებაში საიმისოდ, რომ გაძლიერდეს კრემლის ოფიციალური მესიჯი - თითქოს კიევში მთავრობა არალეგიტიმურია და „ფაშისტებს“ უჭერს მხარს და თითქოს უკრაინაში რუსები და ამჟამინდელი ადმინისტრაციის მოწინააღმდეგე უკრაინელები ზეწოლის ქვეშ არიან.

გასულ თვეში რუსეთის ტელევიზიით გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აუდიტორიას არწმუნებდნენ, რომ უკრაინის მთავრობა საგანგებო საპატიმრო ბანაკს აშენებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კრიტიკას გაბედავენ უკრაინის ულტრანაციონალისტების და იმ ხალხის მიმართ, ვისაც „ქვეყნის ამჟამინდელი ადმინისტრაცია სეპარატისტებს უწოდებს“.

არადა, იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც დოკუმენტურ ფილმში აჩვენეს, 2012 წელს დაიწყო, მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, იანუკოვიჩისა, რომელმაც უკრაინაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკრაინა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა.

ობიექტი ნაწილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა, და მასში არალეგალური მიგრანტების დროებითი თავშესაფარი უნდა ამოქმედდეს.
XS
SM
MD
LG