Accessibility links

logo-print
მომავალ კვირაში პარლამენტი შეიკრიბება და იმ კანონპროექტებს უყრის კენჭს, რომლებიც გასული კვირის ბოლოს კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრიდან მოიხსნა. ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. გასული კვირის პარასკევს კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრიდან მოიხსნა ხუთ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც უკანონო მოსმენა-მიყურადებას შეეხებოდა. იგივე ბედი ეწია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

კანონის მიხედვით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი საკანონმდებლო მუშაობას წყვეტს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ დავით უსუფაშვილის ბრძანების საფუძველზე
რაც მთავარია, მოსმენების თემა ძალიან მკაცრდება, ეს იქნება ძალიან მძიმე დანაშაული და ვინც ამას უკანონოდ ჩაიდენს, მთელი პასუხისმგებლობით დაისჯება...
დაინიშნოს მოკლე სესია, სადაც განსახილველ კანონპროექტებზე მსჯელობა აღარ გაიმართება და მხოლოდ კენჭისყრა შედგება. ამ გადაწყვეტილების თაობაზე უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება ამ თვის ბოლომდე და აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც იყო განხილული და კენჭსაყრელია დარჩენილი, მასზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება და საერთო განწყობა არის ასეთი, რომ ჩვენ ამ კანონებს მივიღებთ“.


მისაღებ კანონებს შორის მთავარი ინტერესი უკავშირდება უკანონო მოსმენა- მიყურადების თაობაზე ხუთ კანონში შესატან ცვლილებებს. გასულ კვირაში 2 ხმა დააკლდა კვორუმს, რის გამოც სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ ამ კანონპროექტს კენჭი ვერ ეყარა. საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას საყვედურობდა კიდეც, ხელოვნურად შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ კანონის პირველი მოსმენით კენჭისყრა არჩევნების შემდეგ დადგეს დღის წესრიგშიო.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის სულისკვეთებას ემხრობა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, საპარლამენტო უმცირესობას ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინც აქვს განსხვავებული აზრი. როგორც 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა, თუ მოსმენების ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩა, კანონის აღსრულება პრობლემური იქნება. ამასთან, წინასწარ ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა, კანონპროექტის ერთი ნაწილის გარდა, რომელიც მოსმენის საშუალებას შსს-ს უტოვებს, სხვა 4 კანონში შესატანი ცვილილებების მხარდაჭერას აპირებს.
დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანი კანონი იყო. მართლია, დღემდე ვრჩებით ჩვენ იმ აზრზე, რომ ძირითადი რაღაც, რაც ამ კანონში იდო, ის ამოიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ღარიბაშვილის მოთხოვნით, ანუ ძალიან კარგად დახვეწა შალვა შავგულიძემ პროცედურები, მაგრამ ეს ყველაფერი ეკიდება ჰაერში მანამ, სანამ კონკრეტულ ნომერზე სასამართლოში მოთხოვნილი ნებართვის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება ტექნოლოგიური საშუალება, რომ ამ ნომერსაც უსმინოს და სხვა ბევრ ნომერსაც რეალურ დროში, ანუ სულ, მუდმივად, ან ე.წ. გასაღები ისევ რჩება შინაგან საქმეთ სამინისტროში და ყველანი ვრჩებით კეთილსინდისიერების და მეტი არაფრის იმედზე“.

არგუმენტი, თუ რატომ უნდა დარჩეს მოსმენის ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, ნაცვლად თავდაპირველი ვარიანტისა, რომლის მიხედვითაც, ის მობილური ოპერატორების ხელში უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთხელ მოიშველია პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრიდან გამოსულმა უმრავლესობის წევრმა, ზურაბ აბაშიძემ. წინასწარი ინფორმაციით, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ანუ სანამ სპეციალური ჯგუფი, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტებითა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი დასკვნას გამოაქვეყნებს, მოსმენის უფლებით შსს ისარგებლებს:

„ეს ე.წ. ტვინი რჩება ისევ იქ, რადგან ამ საკითხის მთლიანად მობილური კომპანიებისთვის გადაცემა არ არის მიზანშეწონილი უსაფრთხოების და, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, რაც მთავარია, მოსმენების თემა ძალიან მკაცრდება, ეს იქნება ძალიან მძიმე დანაშაული და ვინც ამას უკანონოდ ჩაიდენს, მთელი პასუხისმგებლობით დაისჯება“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება ე.წ. მოსმენის გასაღების შსს-ს ხელში დარჩენის საკითხი. არასამთავრობო ეკა გიგუარი

ეკა გიგუარი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგუარის თქმით, შესაძლოა, სამოქალაქო აქტივობები დაიგეგმოს კანონპროექტთან დაკავშირებით:

„ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული დებულებების მიღება, ძალიან პროგრესულია ეს და წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვერასოდეს მოვახდენთ მონიტორინგს იმისა, ასრულებენ თუ არა სამართალდამცავი უწყებები ამ პროგრესული დებულებების იმპლემენტაციას, თუკი მათ ხელში კვლავაც ექნებათ პირდაპირი წვდომის გასაღები და ამიტომ, ისევე როგორც თავიდან, ჩვენ ახლაც ვუჭერთ მხარს იმას, რომ საქართველო უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ პირდაპირი წვდომა სამართალდამცავებს არ ექნებათ ჩვენს პერსონალურ ინფორმაციამდე“.


საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი, რომელიც სადავო საკითხებს განიხილავს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითაც დაკომპლექტდება და ყველა საკითხის მოგვარება იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG