Accessibility links

80 პირი დააკავეს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ოპერაციის დროს


აშშ-ში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ჩილეში დააკავეს 80 პირი, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული ვირუსების გავრცელებასა და ასეულ ათასობით მომხმარებლის დაინფიცირებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ნარკოტიკი და ნაღდი ფული. პოლიციის მასშტაბური ოპერაცია ორი დღის განმავლობაში 16 ქვეყანაში მიმდინარეობდა და მიმართული იყო პროგრამა „ბლექ შეიდს“-ის შემქმნელებისა და გამყიდველების წინააღმდეგ. პროგრამა იყიდებოდა 100-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც 500 ათასზე მეტი კომპიუტერი დაინფიცირდა. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა მის მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს სხვების კომპიუტერები. ხუთი პირი აშშ-შია ბრალდებული. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთი პირი - ალექს იუცელი ნიუ იორკში ორშაბათს დააკავეს. ის ფლობდა და მართავდა „ბლექ შეიდს“-ს. ჰყავდა მარკეტინგის დირექტორი, ვებ-საიტის რედაქტორი, კლიენტების მომსახურების მენეჯერი და წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც საჩივრებს პასუხობდა. მავნე პროგრამა მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანს მიჰყიდეს. განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა ვერსია „ბლექ შეიდს რატ“-ი, რომელიც სხვა კომპიუტერებში შეღწევის საშუალებას იძლევა. აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს „ბლექ შეიდს რატ“-ის ერთ-ერთი შემქმნელი დაეხმარა მას შემდეგ, რაც პროგრამის ერთი ასლი ბიუროს საიდუმლო აგენტს მიჰყიდა.
XS
SM
MD
LG