Accessibility links

ავტორი: ირინა გურული

ამ დღეებში განსჯის საგანი გახდა საჯარო სექტორში დარიგებული პრემიებისა და დანამატების თემა. 2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 მილიონ 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 3 მილიონ 135-ზე მეტი ლარი.

ცხადია, საჯარო სექტორში შრომისა და თანამდებობის ადეკვატური ანაზღაურების არსებობა ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა დღეს დამატებითი სტიმულების შესაქმნელად საკმაოდ არასახარბიელო დროა: მოგეხსენებათ, 2013 წლის ბიუჯეტს 700 მილიონამდე შემოსავალი დააკლდა, 2014 წლის ბიუჯეტის შესავსებად კი მთავრობა სესხს იღებს. ამ ფონზე ხელისუფლებამ არა მხოლოდ პრემიები გასცა, არამედ, აღსანიშნავია, რომ ზოგადად საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი და ანაზღაურებაც გაზარდა, კერძოდ:

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, 2013 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 137,6 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ფონდი, ხოლო 1213 ერთეულით - საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ოდენობა. ბუნებრივია, 137,6 მლნ ლარი არ მოხმარებია დამატებით დაქირავებული 1213 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებას. გაზრდილი სახსრები მიმართული იქნა სხვადასხვა უწყებებში ანაზღაურების მატებაზე. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში საშუალო ხელფასმა 25%-ით მოიმატა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საშუალო ანაზღაურება გაიზარდა 62%-ით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საშუალო ანაზღაურება გაიზარდა 53%-ით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - 27%-ით, საქართველოს დაზვერვის სამსახურში - 21%-ით. გარდა ამისა, 38%-ით გაიზარდა საშუალო ანაზღაურება საკონსტიტუციო სასამართლოში, 29%-ით - უზენაეს სასამართლოში, 67%-ით - საერთო სასამართლოებში და 89%-ით - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

საშუალო ხელფასების მოცულობას თუ გადავხედავთ, ანუ თუ გავყოფთ შრომის ანაზღაურების საერთო რაოდენობას დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე, საკმაოდ უხეში გათვლებით, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საქართველოში მთავრობის კანცელარიაშია - 2708 ლარის ფარგლებში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში საშუალო ხელფასი 2600 ლარამდეა; შემდეგ - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში - 2460 ლარამდე; საქართველოს უმაღლეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - დაახლოებით, 2200 ლარი და საქართველოს პარლამენტში, საშუალოდ, დასაქმებულზე - 2077 ლარი; საშუალოდ, ყველაზე დაბალი ანაზღაურებით კი გამოირჩევა გარემოს დაცვის სამინისტრო (716 ლარი); ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო (794 ლარი); საგარეო საქმეთა სამინისტრო (777 ლარი); თავდაცვის სამინისტრო (820 ლარი) და განათლების სამინისტრო (928 ლარი).

სხვათა შორის, მსგავსი დისბალანსი შენარჩუნებულია პრემიების დროსაც. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის სამ მოადგილეზე 2013 წელს პრემიის სახით გაცემულია 186 080 ლარი, მაშინ როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოთხი მოადგილის 2013 წელს პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 22 220 ლარი.

მოყვანილი ციფრებიც ცხადყოფს, რომ ქვეყნის საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი სახელფასო რეფორმაა გასატარებელი და სტიმულირების სტანდარტები - დასადგენი. ეს სტანდარტები კორუფციული რისკების დაზღვევასაც უნდა მოემსახუროს, მაგრამ, ამასთანავე, ბიუჯეტის შესაძლებლობებსა და სამართლიანი განაწილების პრინციპსაც უნდა უპასუხოს. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების ერთიან წესს შეიმუშავებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG