Accessibility links

logo-print

ევროკავშირი, საქართველო და რუსეთისგან მომავალი საფრთხე


ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადების პროცესში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ეწვია ბრიუსელს, სადაც 21 მაისს შეხვედრას გამართავს ევროკომისართა კოლეგიასთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, არაწევრი ქვეყნებისთვის ”უპრეცედენტო” ფორმატის ფარგლებში, ევროკავშირთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი მინისტრები უშუალო დიალოგს წარმართავენ ევროკომისრებთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება. რაც უფრო ახლოვდება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, მით უფრო აქტუალური ხდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხი. ნატოს გენერალური მდივანი რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე ლაპარაკობს, საქართველოს საგარეო უწყება კი ვითარების გართულებას არ მოელის.

შესაძლოა, მათ გააგრძელონ მავთულხლართების გაბმა, ადამიანების გატაცება და მსგავსი პროვოკაციები, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ”ემოციურ, აფექტურ” რეაგირებას, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ”ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც იცის” და რომ საქართველო აუცილებლად მოაწერს ხელს 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან.

გამოსავალს თავშეკავებასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში ხედავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც, რომელსაც, ვითარების გართულების შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს, თუმცა ასოცირების ხელმოწერის წინ მინისტრი ვითარების გართულებას არ მოელის და ამ ჭრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვებსაც იხსენებს:

”ბატონმა კარასინმა განაცხადა პრაღაში, რომ რუსეთი არ აპირებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ხელის შეშლას, რაც არის მისასალმებელი განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. თუმცა ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით გარკვეულ პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მაგრამ ჩვენი რეაქცია ყველაფერ ამაზე იქნება ძალიან მშვიდი, წყნარი. ჩვენ არ წამოვეგებით არანაირ პროვოკაციას და ჩვენი მხრიდან არ გავართულებთ სიტუაციას”.

მაშინ როცა საქართველოს საგარეო უწყებას რუსეთის დაპირების იმედი აქვს და განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს, საქმე უფრო ცუდად ჰგონია ნატოს გენერალურ მდივანს, რომელიც რუსეთის ნამოქმედარით მსჯელობს. ანდერს ფოგ რასმუსენი შიშობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების წინ საქართველოსა და მოლდავეთის წინააღმდეგ რუსეთმა შესაძლოა ძალადობას მიმართოს ისევე, როგორც ეს გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის მიმართ გააკეთა. რა მეთოდებს გამოიყენებს რუსეთი? - ამ შეკითხვასთან მიმართებით, როგორც ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, ანდერს ფოგ რასმუსენს მრავალნაირი ვარაუდი აქვს:

”ჩვენ არ ვიცით, რომელ იარაღს გამოიყენებს რუსეთი, მაგრამ წარსული გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სხვებთან ერთად, გამოიყენებენ: გაზის ფასს, გაზის მიწოდებას, შეზღუდვებს ვაჭრობის სფეროში და მიმართავენ შემდგომ მცდელობებს საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ დესტაბილიზაციას ამ ქვეყნებში - უკვე არსებული კონფლიქტების გამწვავებით დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ვფიქრობ, მხოლოდ ფანტაზიას შეუძლია დაადგინოს ზღვარი იმ მხრივ, თუ რა იარაღს გამოიყენებს რუსეთი, როცა საქმე ეხება ახლო სამეზობლო ქვეყნებისთვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლას”.

რეგიონში რუსეთისგან მომავალ საფრთხეებთან დაკავშირებით ანდერს ფოგ რასმუსენის აზრს იზიარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. როგორც მან 20 მაისს განაცხადა, საქართველოს აქვს უსაფრთხოების ერთადერთი გზა და ეს გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიდის:

”ყველა ვთანხმდებით, - ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, - რომ მიმდინარე მოვლენები არის პირდაპირი ხელყოფა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო წესრიგის, რომელიც დადგენილი იყო. რუსეთის ფედერაცია სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. ჩვენი გზა არის ერთადერთი - გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის, ნატოს, წევრი და ამ კუთხით საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, შესაძლებლობების მაქსიმუმს".

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას, ირაკლი ალასანიას თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შესაბამისად, წარმოადგენს ორმხრივი მოლაპარაკებების საგანს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. ”ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ წარმატებულად მიმდინარეობს პროცესი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რადგანაც ბრიუსელში თავდაცვის სფეროს საკითხები ფართო სპექტრით არ განიხილება, თავდაცვის მინისტრი არ იმყოფება სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში შედის ხუთი მინისტრი და ორი სახელმწიფო მინისტრი. ესენი არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ევროკომისრებთან დიალოგისას ისინი დეტალურად განიხილავენ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს. ასევე 21 მაისს გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, ხოლო შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. იქვე ხელი მოეწერება შეთანხმებას19 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში. ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG