Accessibility links

logo-print
„საქართველოს სამხედრო გზა შესაძლოა ორი კვირა ვერ გაიხსნას“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „კომერსანტი“, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. სტატიის თანახმად, მეწყერის შედეგად ჩაიხერგა თერგის ხეობა და დაგუბებული წყლის დონემ 40 მეტრამდე აიწია, რამაც საფრთხე შეუქმნა ორიოდე კილომეტრში მდებარე ოსურ სოფლებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საფრთხე შეექმნა ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზსაც, თუმცა, სტატიის მიხედვით, საყოველთაო ევაკუაცია არ გამოცხადებულა. მხოლოდ რამდენიმე საათით გადაიკეტა მოძრაობა ხიდებსა და მდინარისპირა დასახლებებში. სიტუაცია განიმუხტა რამდენიმე საათში, როცა მდინარემ ორ ადგილას გაიკვლია გზა და წყლის დონემ თანდათანობით კლება იწყო. ამ დროისათვის ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა წყალსაცავის კაშხალი გახსნილი იყო. „კომერსანტის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხემ ჩაიარა, რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზა ორი კვირის განმავლობაში მაინც ჩაკეტილი იქნება. მეწყერის შედეგად ჩამოტანილმა ინერტულმა მასამ ჩახერგა 13-14 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის გაწმენდასა და საგზაო მიმოსვლის აღდგენას ერთი და ორი დღე არ ეყოფა. გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონიდან მთლიანად ევაკუირებულია სოფელ ჩმის მოსახლეობა, ევაკუაციისთვის გამზადებულია სოფელი ბალთაც.

გაზეთი „კომერსანტი“ კი რუსეთში ღვინის ბაზრის განვითარების შესახებ წერს. „მოგების დეგუსტაცია“ - ეს სათაური აქვს წამძღვარებული ვრცელ ანალიტიკურ სტატიას, რომლის მიხედვითაც, რუსი მომხმარებლის ინტერესი ღვინისადმი განუხრელად იზრდება. იხსნება სომელიეების სკოლები, ღვინის ბუტიკები, იმართება დეგუსტაციები და გამოფენები. ამასთან, მომხმარებლის ყურადღება ძირითადად მიმართულია იმპორტულ ღვინოზე. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ რუსული კომპანიების მზარდი ინვესტიციებიც ამ ღვინოების მწარმოებელი ქვეყნებისკენ არის მიმართული. სამრეწველო კომპანია „ლადოგას“ პრეზიდენტი, ვენიამინ გრაბარი, ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთში თვალშისაცემად გაიზარდა ღვინის მოხმარების კულტურა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს მიიღოს ალკოჰოლისგან ესთეტური სიამოვნება, ვიდრე უბრალოდ დათვრეს. სტატიაში უხვად არის წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია ღვინის მოხმარების შესახებ. საბჭოთა კავშირში ერთი ადამიანი წლის განმავლობაში, თურმე, 19 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა, თანამედროვე რუსეთში კი ერთ სულზე ეს მაჩვენებელი 5 ლიტრია. სამაგიეროდ, მაღალია ძლიერი ალკოჰოლისა და ლუდის მოხმარების მაჩვენებლები, შესაბამისად, 15 და 65 ლიტრი წელიწადში. „კომერსანტი“ იმის შესახებაც წერს, რომ რუსეთში ხუთი რეგიონია, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგია განვითარებული. ესენია: დაღესტანი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, კრასნოდარი, სტავროპოლი და როსტოვის ოლქი. მაქსიმ ჩერნიგოვსკი, „ალკოჰოლის ბაზრის პროფესიონალთა კლუბის“ ხელმძღვანელი, ვარაუდობს, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ღვინის ბაზარი ყოველწლიურად საშუალოდ 4-6 პროცენტით გაიზრდება. მისი მონაცემებით, 2013 წელს რუსეთში 340 მილიონი ლიტრი რუსული ღვინო და 460 მილიონი იმპორტული ღვინო დაილია. იმპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასეთია: ლატვია - ბაზრის 25 პროცენტი, ლიტვა -16 პროცენტი, იტალია -15 პროცენტი, საფრანგეთი - 7 პროცენტი და უკრაინა - 6 პროცენტი. ექსპერტთა განმარტებით, ლატვიიდან და ლიტვიდან ძირითადად ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოების იმპორტი ხორციელდება. „კომერსანტი“ ასევე წერს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის წარმატებული დაბრუნების შესახებ. ფრაგმენტი სტატიიდან: „ქართულ ნაწარმს უკავია რუსეთის ღვინის ბაზრის 5 პროცენტი. ამასთან, საქართველომ არათუ გაზარდა იმპორტის საერთო მოცულობა, არამედ სხვა ქვეყნების გარკვეული წილიც კი დაიკავა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთ წარმატებულ დაბრუნებას დროებითი ხასიათი ჰქონდეს. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს რუსეთის მოქალაქეების ნოსტალგიური გრძნობების აფეთქებასთან. რუსეთში მოენატრათ ქართული ღვინო“. სტატიას რუსეთის ღვინის ბაზრისა და მისი ქართული ნაწილის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG