Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: იძულებით შრომას ყოველწლიურად მსოფლიოში 150 მილიარდი დოლარი მოაქვს


გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, იძულებით შრომას მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად სულ მცირე 150 მილიარდი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მოაქვს. 20 მაისს გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მონაცემი სამჯერ აჭარბებს მაჩვენებელს, რომელიც მანამდე იყო ნავარაუდევი. მთელი შემოსავლის თითქმის ორი მესამედი - დაახლოებით 99 მილიარდი დოლარი წელიწადში - მოდის ქალების და გოგონების კომერციულ სექსუალურ ექსპლუატაციაზე. დანარჩენი შემოსავალი შემოდის იძულებითი ეკონომიკური შრომიდან - მათ შორის სახლებში, მშენებლობებზე და მაღაროებში. მოლდავეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტების 45 პროცენტს ჰქონდა გამოცდილი საზღვარგარეთ უფასო ან ძალიან დაბალშემოსავლიანი მუშაობა, 25 პროცენტი კი აცხადებდა, რომ ჯამაგირი დაგვიანებით მიიღეს. საქართველოსა და სომხეთში უფასო ან ძალიან დაბალშემოსავლიანი სამუშაოს შესახებ დაბრუნებული მიგრანტების 20-20-მა პროცენტმა განაცხადა. გაეროს თანახმად, ადამიანების ტრეფიკინგი მსოფლიოში სიდიდით მესამე საერთაშორისო კრიმინალური ინდუსტრიაა - ნარკოტიკების და იარაღის ტრეფიკინგის შემდეგ.
XS
SM
MD
LG