Accessibility links

logo-print
ქართული პრესა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შეფასებას იძლევა. „მოსახლეობასთან შეხვედრისას როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ამომრჩევლებს ისევ ისეთი რიხით ჰპირდებიან უკეთეს ცხოვრებას, როგორც წინა, იმის წინა და საერთოდ ყველა ჩასატარებელი არჩევნების წინ ჰპირდებოდნენ ხოლმე. რამდენადაც გასაოცრად უნდა ჟღერდეს, ეს დაპირებები ხშირად მათი კომპეტენციის ფარგლებს საერთოდ სცდება“, - წერს „რეზონანსი“, რომელმაც პოლიტოლოგებს საარჩევნო კამპანიაზე მოსაზრების გაზიარება სთხოვა. კახა კახიშვილი ყურადღებას ამახვილებს საწვავის გაიაფების დაპირებაზე, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ დაპირებაც იყო და ახლა მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდება, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას შეუძლებლად მიიჩნევდა: „ან ორივე იტყუება და წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებენ, ან რაღაც თანხის დაკლება ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ვიღაც-ვიღაცებმა სარფიან მოგებაზე უარი თქვან. დღეს, როგორც ჩანს, ამ თანხებს „ოცნებაც“ ვერ ელევა“, - უთქვამს კახიშვილს „რეზონანსისთვის“.

წინასაარჩევნო კამპანიაზე „საქართველოს რესპუბლიკაც“ წერს: „საქართველოში უკვე სრული სვლით მიმდინარეობს საარჩევნო, ანუ ქვეყნის გადარჩენის, კამპანია. ამ კამპანიის შემხედვარე დარწმუნდებით, რომ გამარჯვებულის ვინაობას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს - ქვეყნისა და ერის მომავალი ნებისმიერი არჩევანისას გარანტირებულია. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ რაიონული შეკრებები კასპსა და ქარელში - გამომსვლელები აქაც და იქაც ზუსტად ერთნაირი ტექსტებით ლაპარაკობდნენ! სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანები ლაპარაკობდნენ ერთსა და იმავეს, ერთი და იგივე წინადადებებით! ოპონენტების ქილიკის საპასუხოდ მეოცნებეებმა, ეს უბრალო დამთხვევის ამბავიაო. თუ მართლაც ასეა, საქმე აშკარად ჯოგურ აზროვნებასთან გვქონია“, - წერს „საქართველოს რესპუბლიკის“ მიმომხილველი.

„ჩაატარონ ეს არჩევნები, ვაგრძელებთ ბრძოლას და არ გავჩერდებით“, - ეუბნება ინტერვიუს ბოლოს იური ვაზაგაშვილი „ახალი თაობის“ კორესპონდენტს. არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ თავმჯდომარის თქმით, მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები დღესაც სამართალდამცავ სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არიან და მათ ხელისუფლება მფარველობს. იური ვაზაგაშვილი ჰყვება, რომ პირადად შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილსაც და ალექსანდრე ჭიკაიძესაც: „ავუხსენი ღარიბაშვილს, რომ არაფერს აკეთებს პროკურატურა, ხელს უშლიან ზემდგომები. ან გამოასწორეთ ვითარება, ან თქვენი ოპოზიცია მე ვიქნები-მეთქი, ეს ვუთხარი. ამას ვერ შევეგუები, ჭიკაიძეს ეს ვუთხარი, ორ თვეს გაძლევთ და გამოასწორეთ საქმეები-მეთქი. გავიდა ეს ორი თვეც. არაფერი გაკეთებულა. ჭიკაიძე მკვლელობის მფარველია“, - ეუბნება „ახალ თაობას“ იური ვაზაგაშვილი.

დღევანდელი პრესისა და, მათ შორის, „ახალი თაობისთვისაც“ აქტუალურ თემად რჩება მაღალჩინოსანთა პრემიები. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთს ეუბნება, რომ ესა თუ ის ჩინოვნიკი „არ უნდა დაელოდოს გამოძიებას. თუ არაღირსეულად და დაუმსახურებლად აქვს ეს პრემია მიღებული, თავადვე უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ამის ყველაზე კარგი წამალია, რომ დაწერო განცხადება და გადადგე, ადგილი დაუთმო იმ ადამიანებს, ვინც პრემიებისთვის კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს სახელმწიფოსთვის“.

ამავე თემაზე „რეზონანსი“ წერს, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარუდგენს მთავრობას. იურისტი ლევან ალაფიშვილი კი „რეზონანსს“ ეუბნება: „პრემიების გაცემაზე მთავრობის მიერ ასეთი განმარტებებია გაკეთებული - „დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის გამოეწეროს პრემია“, ანუ ჩვენ მიერ დაქირავებული ჩინოვნიკი თუ კარგად ვერ მუშაობს, იმაში ხელფასს იღებს და თუ მოვალეობას საერთოდ ვერ ასრულებს, იღებს დამატებით პრემიას. ამ ყველაფერს უნდა შეცვლა და შველა. ეს პრობლემა შეეხება არა მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ თვითმმართველობებსაც“.

„ალია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებას სთხოვს ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს. ის პროგრამაზე - „აწარმოე საქართველოში“ - ამბობს: „როცა მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სესხი 1%-ად გაიცემა და დანარჩენს ფონდი დაფარავს, დღეს ამ განცხადებას ილუზიის ეფექტი აქვს, რადგან ყველაფრის გადამწყვეტი ამ მიმართულებით მაინც ბანკები არიან და რა საშინელი საბანკო სისტემაც არის საქართველოში, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. მე ველოდები, რომ პრემიერი კონკრეტულ ტექნოლოგიებზე ისაუბრებს. დღეს შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ პროექტი ძალიან საინტერესოა და აქვე ვიტყვი, რომ დაუშვებელია, ეს პროექტი პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს“.
XS
SM
MD
LG