Accessibility links

logo-print

უკრაინის უმდიდრესი მოქალაქე სეპარატისტებს მშვიდობიანი აქციებით უპირისპირდება


რინატ ახმეტოვი

რინატ ახმეტოვი

უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ინიციატორიც იყო ამ ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე, რენატ ახმეტოვი. პარალელურად, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გასაყვანად ემზადება.

დონეცკის ცენტრში მდებარე სტადიონზე 20 მაისს 400-მდე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებსაც ახმეტოვის საფეხბურთო გუნდის - „შახტარის“ წარწერიანი მაისურები ეცვათ. აქციის ფარგლებში დღის 12 საათზე რეგიონში მოქმედმა ბევრმა მსხვილმა სამრეწველო ობიექტმა განგაშის სირენა ჩართო.

ავტომანქანების მძღოლები საყვირით შეუერთდნენ აქციას, რომელიც მიმართული იყო პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ. ამ სეპარატისტულმა ძალებმა აპრილში რეგიონი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკად“ გამოაცხადეს.

სტადიონზე აღმართულ ეკრანზე აჩვენეს ახმეტოვის მიმართვის ჩანაწერი, რომელიც პირველად 19 მაისს გავიდა სატელევიზიო ეთერში. ახმეტოვის თანახმად, თავიანთი მოქმედებით დონბასის რეგიონის „გენოციდს“ გამოიწვევენ პრომოსკოვურად განწყობილი სეპარატისტები, რომლებსაც ქვეყნის აღმოსავლეთის ბევრ ქალაქში ადმინისტრაციული შენობები აქვთ დაკავებული:

ქალაქებში მაროდიორობა და მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანა - რა არის ეს? ეს არის ჩვენი მხარის ბედნიერებისთვის ბრძოლა? არა. ეს ჩვენი მხარის მცხოვრებთა წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლაა. ესაა ბრძოლა დონბასის წინააღმდეგ, ესაა დონბასის გენოციდი. მე არ დავუშვებ დონბასის განადგურებას. მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ“.

თავის გამოსვლაში ახმეტოვმა მწვავედ გააკრიტიკა სეპარატისტული ძალები:

„მინდა ყველას ვუთხრა - ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენი შეშინება შეუძლებელია. ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს - მათ შორის, ვერც ისინი, ვინც საკუთარ თავს რაღაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკას უწოდებს. მითხარით, თუ შეიძლება, დონბასში ვინ იცნობს ამ რესპუბლიკის თუნდაც ერთ წარმომადგენელს? რა გაუკეთებიათ მათ ჩვენი მხარისთვის?“

თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ ქარხნებს ახმეტოვმა მოუწოდა 20 მაისიდან „მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქციები“ მოაწყონ და ყოველდღიურად, დღის 12 საათზე, მთელ რეგიონში განგაშის სირენა ჩართონ:

„ამიტომაც, ყველას მოგიწოდებთ შემოუერთდეთ ჩვენს ბრძოლას უიარაღო, უნიღბო დონბასისთვის, რომლის ცაც მშვიდობიანი იქნება. მუშათა ყველა კოლექტივს მოვუწოდებ გამოვიდნენ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაზე, სამუშაო ადგილის მიხედვით“.

დონეცკში სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, დენის პუშილინი, ახლახან გამოვიდა მუქარით, რომ ახმეტოვის ქონების ნაციონალიზაციას მოახდენს, რადგან ახმეტოვი უარს ამბობს გადასახადების თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიუჯეტში შეტანაზე.

ახმეტოვი, რომლის ქონებაც 12 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, დონბასის რეგიონში უზარმაზარ სამრეწველო იმპერიას ამუშავებს.

პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ 20 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 10,000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. სააგენტოს ცნობით, ყველაზე დიდი დარტყმა ყირიმელი თათრების თემმა განიცადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კრემლის ბრძანების საფუძველზე მოსაზღვრე რეგიონებთან - ბრიანსკთან, ბელოგოროდსა და როსტოვთან - განლაგებული სამხედროები უკან დასაბრუნებლად ემზადებიან.

უკრაინის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, სერგეი ასტახოვის სიტყვები, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვრებიდან - სულ მცირე, 10 კილომეტრის რადიუსიდან - მთელი თავისი ძალები გაიყვანა.

ნატოს შეფასებით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის 40,000 სამხედროა დისლოცირებული.
XS
SM
MD
LG