Accessibility links

logo-print

უკრაინის კომუნისტური პარტიის აკრძალვის პლუსები და მინუსები


ალექსანდრ ტურჩინოვი

ალექსანდრ ტურჩინოვი

ალექსანდრ ტურჩინოვმა, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, სასამართლოს მიმართა მოწოდებით, დაიწყოს კომუნისტური პარტიის აკრძალვის პროცედურა, რადგან უკრაინელი კომუნისტების ბოლოდროინდელი გამოთქმები აშკარად უნისონშია კრემლის პოზიციასთან. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა ქვეყნის სტაბილიზაცია და მთავრობის ლეგიტიმურობა შეარყიოს.

ტურჩინოვმა 18 მაისს გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას და კომუნისტური პარტიის საქმიანობას კანონიერად დაესმება წერილი:

„უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სახელზე ხელი მოვაწერე ოფიციალურ წერილს, რომელშიც მოვუწოდებ მინისტრს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა მასალა, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა უკრაინის კომუნისტური პარტიის ანტიკონსტიტუციური საქმიანობის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის სასამართლო ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს“.

უკრაინის კომუნისტური პარტია 450-კაციან პარლამენტში, ვერხოვნა რადაში, 32 ადგილს ფლობს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უკრაინელ კომუნისტებს მხარი ამომრჩეველთა 13.2 %-მა დაუჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ, 2007 წლის არჩევნებთან შედარებით, პარტიული კონკურენციის პირობებში უკრაინის კომუნისტურმა პარტიამ გააორმაგა შედეგი. უკრაინელი კომუნისტები და მათი ლიდერი, პეტრო სიმონენკო, ჰარმონიულად თანამშრომლობდნენ უკრაინის დევნილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და მის „რეგიონთა პარტიასთან“.

პროევროპული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, კიევში ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, კომუნისტური ფრაქცია უკრაინის დროებითი ხელისუფლების ძირითად ოპოზიციურ ძალად იქცა, მათი ლიდერი პეტრო სიმონენკო კი დროებით ხელისუფლებას „ფაშისტურ რეჟიმად“ მოიხსენიებს:

„დღეს ნაციონალ-ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ აკრძალონ კომუნისტური პარტია, რადგან ისინი ხვდებიან, რომ რეალურად მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, რაც სწორედ მათ ჩაიდინეს“.

უკრაინული კომუნისტური პარტიის მომხრეების უდიდესი უმრავლესობა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდანაა, იმ არეალიდან, სადაც უკრაინის დროებით ხელისუფლებას პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული დაჯგუფებები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ. ამგვარად, თუ უკრაინის ხელისუფლება სასამართლოს გზით შეეცდება უკრაინის კომპარტიის აკრძალვას, ეს კომუნისტებს უბიძგებს წინააღმდეგობის კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიმართონ, რისთვისაც, პოლიტიკის ანალიტიკოს რუსლან ბორტნიაკის ვარაუდით, უკრაინელ კომუნისტებს ადამიანური რესურსიც საკმარისი აქვთ და ფინანსურიც.

სხვები კი არ ემხრობიან მთელი პარტიის აკრძალვას და აცხადებენ, რომ თუკი არსებობს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და ქმედების ფაქტები, მათზე ცალკეულმა ინდივიდებმა უნდა აგონ პასუხი და არა მთელმა პარტიამ.

„მთელი ორგანიზაციის გაუქმებას აჯობებს უკრაინის კომუნისტური პარტიის ბედი ხალხმა საარჩევნო ურნებთან გადაწყვიტოსო“, - დასძენს რუსლან ბორტნიაკი.
XS
SM
MD
LG