Accessibility links

logo-print
ავტორი: ირინა გურული

ერთი წელი გავიდა, რაც ქვეყანაში აგრარულმა პოლიტიკამ ახალი კურსი აიღო. სოფლის მეურნეობამ ქვეყანაში პრიორიტეტული მნიშვნელობა შეიძინა, მთავრობამ დაიწყო არაერთი აგრარული პროგრამის განხორციელება მელიორაციის, ფერმერთა ცოდნის ამაღლების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და ფერმერების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე დაიხარჯა 223.5 მილიონი ლარი, რაც მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების 2,7 პროცენტია. ამას გარდა, საერთაშორისო ფონდებიდან გრანტებისა და კრედიტების სახით ამ დარგის დასაფინანსებლად გასულ წელს მიიმართა 3.4 მილიონი ლარი.

რა გავლენა მოახდინა აღნიშნულმა დაფინანსებამ დარგის განვითარებაზე?

2013 წლის მონაცემებით, სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 0.7 პროცენტით გაიზარდა და 9.3 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებლით სიტუაცია 2008-2009 წლების მონაცემს დაუბრუნდა. თანხობრივად ეს ზრდა 234.8 მილიონი ლარია.

სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან 32 პროცენტით არის გაზრდილი ხილის წარმოება - განსაკუთრებით გაზრდილია ციტრუსის, ყურძნის, ატმის, კაკლის წარმოება, ხოლო შემცირებულია ტყემლისა და ქლიავის წარმოება.

მრავალწლიანი კულტურების ნარგავების ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ მიმართულებით აქვს საქართველოს კონკურენტული უპირატესობა, თუმცა პრაქტიკულად აუთვისებელია ხეხილის გადამუშავების შესაძლებლობები, რაც მეტ დამატებით ღირებულებას შექმნიდა და გაზრდიდა საექსპორტო პოტენციალს.

ერთწლიანი კულტურების წარმოება შემცირებულია 4 პროცენტით. განსაკუთრებით კლება შეინიშნება ბაღჩეული კულტურების, ბოსტნეულის წარმოებაში. შემცირებულია ხორბლის წარმოებაც. იმის მიუხედავად, რომ ხორბალი კომერციული თვალსაზრისით ნაკლებად პერსპექტიულია, ამ კულტურის წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სამუშაო ძალის 50 პროცენტი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, რა თქმა უნდა, 9.3 პროცენტი მშპ-ში დარგში არსებულ დაბალ პროდუქტიულობასა და ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე მიუთითებს. გარდა ამისა, არ არის განვითარებული გადამამუშავებელი მრეწველობა და პირველად სოფლის მეურნეობაში არსებულ საწარმოთა რიცხვიც კი მცირეა. კერძოდ, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, სულ რეგისტირებული 553 692 საწარმოდან, მხოლოდ 3 449 საწარმო (რაც ერთ პროცენტზე ნაკლებია) არის რეგისტრირებული სოფლის მეურნეობის სექტორში. მათი რიცხვი გასული წლების მანძილზე პრაქტიკულად არ გაზრდილა.

შესაბამისად, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ეფექტი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეული არ არის და ერთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვერც იქნებოდა, რადგან დასაძლევია ისეთი სახის პრობლემები, როგორიცაა სოფლად დასაქმებული მოსახლეობის დიდი რაოდენობა, მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიური ჩამორჩენა და ა.შ.
XS
SM
MD
LG