Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ზოგიერთ რაიონში არჩევნები ჩაშლის პირას არის


უკრაინაში მოხალისეთა ბატალიონმა „დონბასმა“, რომელიც ქვეყნის ახალ ხელისუფლებას უჭერს მხარს, დაიკავა ოლქის სამი რაიონის ადმინისტრაციული შენობები. ამ ინფორმაციას ავრცელებს „უკრაინსკაია პრავდა“, დონეცკის საოლქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. სპეცბატალიონმა „დონბასმა“ - დობროპოლის, ალექსანდროვისა და ველიკონოვოსელკოვის რაიონებში დაიკავა სხვადასხვა დაწესებულებები და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ მოხალისეთა რაზმები აპირებენ საარჩევნო უბნების დაცვას ჩამოთვლილ სამ რაიონსა და კრასნოარმეისკში. ადგილობრივი ჩინოვნიკების განცხადებით, 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარება რეგიონში დაძაბულია. „ოლქის ქალაქებსა და რაიონებში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს მთლიანად თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ აკონტროლებს, არჩევნები ჩაშლის პირას არის“, - განაცხადეს დონეცკის ადმინისტრაციაში. ასეთ ადგილებად მითითებულია: კრამატორსკის, ამვროსიევსკისა და კონსტანტინოვსკის რაიონები. დონეცკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ სლავიანსკსა და სლავიანსკის რაიონში, სამხედრო მოქმედებების შედეგად, დაზიანებულია კერძო სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, გაზისა და წყლის გაყვანილობა, ელექტრო-ქსელი. ქალაქში აღინიშნა მაროდიორობის შემთხვევებიც. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და ტერაქტების მოწყობის ფაქტებზე.
XS
SM
MD
LG