Accessibility links

logo-print

ტაილანდში გადატრიალების ლიდერმა გააუქმა კონსტიტუცია


ტაილანდში სამხედრო გადატრიალების ლიდერმა გააუქმა კონსტიტუცია, კონტროლი დაამყარა მედიაზე და დაშალა დედაქალაქ ბანგკოკში შეკრებილი დემონსტრანტები. ტაილანდიის არმიის ხელმძღვანელმა, გენერალმა პრაიუტ ჩან ოჩამ ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ხელისუფლებას ახლა არმია ფლობს, რათა ქვეყანაში აღადგინოს წესრიგი და გაატაროს საჭირო რეფორმები. არმიის პრესმდივნის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია დროებით გაუქმებულია. ბანგკოკში შეკრებილ დემონსტრანტებს განუცხადეს, რომ თუ არ დაიშლებოდნენ, მათ სამხედროები წაიყვანდნენ. „წითელ პერანგებად“ წოდებულმა დემონსტრანტებმა - რომლებიც აქციებს დიდი ხანია მართავდნენ - პროტესტის ადგილი დატოვეს. 1932 წლის შემდეგ ეს ტაილანდში მეთორმეტე სამხედრო გადატრიალებაა. პრაიუტის განცხადებას წინ უსწრებდა მისი შეხვედრები ტაილანდის მთავრობის და ოპოზიციის რამდენიმე ჯგუფთან. თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა ვერ შესძლეს შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრილიყო თვეების განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების საკითხი, ისევე, როგორც კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე ახლახან მთავრობის კოლაფსის პრობლემა.
XS
SM
MD
LG