Accessibility links

logo-print

რა ჩაიწერება კულტურის პოლიტიკის დოკუმენტში?


კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის პრეზენტაცია

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის პრეზენტაცია

საქართველოში კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი სრულყოფილი დოკუმენტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, 2015 წლის იანვარში მზად უნდა იყოს და სწორედ მას დაეყრდნობა ქართული კულტურის მომავალი. ეს განცხადება კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის პრეზენტაციაზე გურამ ოდიშარიამ 22 მაისს კულტურის სამინისტროში გააკეთა, სადაც მოწვეულ სტუმრებს ისიც უთხრა, რომ 2015 წელი ქვეყანაში კულტურის წლად, თბილისი კი კულტურის დედაქალაქად გამოცხადდება.
მისასალმებელი იქნება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ პროცესის აქტიური მონაწილე იყოს. ასევე ვისურვებდი, რომ უფრო მეტად ყოფილიყვნენ ამ პროცესში ჩართული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობს იმ დაწესებულებებს, ვინც კავშირშია ჩვენს დიდ სფეროსთან...

კულტურის პოლიტიკის უქონლობა ხელს ბევრი საკითხის გადაწყვეტაში გვიშლისო, თქვა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 22 მაისს კულტურის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე. კონკრეტული საკითხები არ ჩამოუთვლია, თუმცა დაიჩივლა, რომ კულტურის სფეროს არაერთი წარმომადგენელი სამინისტროს დღემდე დაახლოებით იმავე თხოვნით და განწყობით აკითხავს, როგორც ეს საბჭოთა დროს ცენტრალურ კომიტეტში ხდებოდა - ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებთ, თითქოს სოცუზრუნველყოფის დაწესებულება ვიყოთო. მეტი კონკრეტიკა არც აქ ყოფილა, თუმცა ოდიშარიამ შენიშნა, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ამის საფუძველი კი კულტურის პოლიტიკის დაწერილი დოკუმენტი უნდა გახდეს. დაგეგმილია უწყებათშორისი კომისიის შექმნა - სამუშაო პროცესში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ. ამით გაიხსნება კიდეც კამპანია „ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა“.

2013 წელს, როგორვ ცნობილია, კულტურის სამინისტროშო შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე. დაახლოებით ორ თვეში, თუ გურამ ოდიშარიას დავუჯერებთ, სტრატეგიაც მზად უნდა იყოს, 2015 წლის იანვარში კი პოლიტიკის დოკუმენტიც მომზადდეს.

უფრო კონკრეტულად გეგმებზე კულტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა ლევან ხარატიშვილმა ილაპარაკა. მისი განცხადებით, დღეს მსოფლიოშიკულტურის პოლიტიკის ხუთი მოდელი მუშაობს. საქართველო ამ ხუთიდან რომელიმე მოდელის გამოცდილებას გაიზიარებს, თუმცა მანამდე კულტურის სამინისტრო დოკუმენტზე მუშაობის პროცესს გახსნილად აცხადებს:

“ჩვენი სურვილია 2015 წელი საქართველოში გამოცხადდეს კულტურის წლად, ხოლო თბილისი კულტურის ქალაქად. კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ეროვნული კულტურა აქციოს მსოფლიო ღირებულებად, მსოფლიო კულტურის ნაწილად. კულტურის პოლიტიკის ლევან ხარატიშვილი

ლევან ხარატიშვილი

შემუშავების პროცესი სამი ეტაპისგან შედგება: კონცეფციის დახვეწა, სტრატეგიის განსაზღვრა და, ბოლოს, კულტურის პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტის შემუშავება“.

პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. „იუნესკოსა“ და ევროკომისიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია. პროცესის მონაწილეები იქნებიან არასამთავრობო სექტორი, საპატრიარქო, სტატისტიკის დეპარტამენტი, კერძო სექტორი, მედია, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ა.შ. საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება კულტურის ცენტრები, სადაც ამ თემაზე შეხვედრებს მოაწყობენ. როგორც ოდიშარია აცხადებს, კულტურის პოლიტიკა ორიენტირებული იქნება კულტურის ხელმისაწვდომობაზე, მრავალფეროვნებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ამ დოკუმენტის შექმნის შემდეგ მისი რეალურად განხორციელებაა. მისი თქმით, კულტურის პოლიტიკის საერთო პორტალზე არაერთი ქვეყანაა წარმოდგენილი საკმაოდ გამართული კულტურის პოლიტიკის დოკუმენტით, მაგალითად, მეზობელი სომხეთი, თუმცა მას არც ამ პოლიტიკის განხორციელების გზები გააჩნია და აქტივობებითაც ვერ გამოირჩევა. ამიტომ ეკატერინე მაზმიშვილი მიიჩნევს, რომ სანამ დოკუმენტის შინაარსზე დაიწყება მუშაობა, პირველ რიგში თავად კულტურის სფეროში არსებული პრობლემები უნდა გამოიკვლიონ, უწინარესად კი - ეკონომიკური ბარიერები. ეკატერინე მაზმიშვილი ასევე შენიშნავს, რომ კულტურის პოლიტიკის ძირითადი საკითხი მისი პოპულარიზაცია უნდა იყოს, რასაც თბილისში ჩამოსული ადამიანი ვერსად წააწყდება:

„როცა აქ ჩამოდიხარ, ეს ქალაქი გგონია ბენზინგასამართი სადგურების, ეპილაციის, სილამაზის სალონების თუ არჩევნების ქალაქი. კულტურის პოპულარიზაცია ასე არ ხდება სხვა ქალაქებში. რეკლამის არაერთი საშუალება არსებობს, მაგრამ ეს საშუალებები არ არის გამოყენებული არც მუზეუმების, არც თეატრების, არც საგამოფენო დარბაზების მიერ. გამოდის, რომ ძალიან მწირია იმ ინფორმაციის გაცემის საშუალება, რომელიც დღეს თბილისში არის ეკატერინე მაზმიშვილი

ეკატერინე მაზმიშვილი

საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი. თბილისი არის თუ არა კულტურული ქალაქი ან მთლიანად საქართველო, ეს კიდევ სხვა, დამოუკიდებელი საკითხია, რომელიც, ვფიქრობ, რომ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტში უნდა აისახოს“.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს, სამინისტროს მიერ კულტურის პოლიტიკაზე საუბრისას კონკრეტიკა დააკლდა, თუმცა მან თქვა, რომ მუზეუმი მზადაა ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს:

„პირველი და აუცილებელი პირობა, რაც აქ ჯერჯერობით ვერ დავინახე, ეს არის განათლებისა და მეცნიერების პირდაპირი კავშირი კულტურულ მემკვიდრეობასთან. მისასალმებელი იქნება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ პროცესის აქტიური მონაწილე იყოს. ასევე ვისურვებდი, რომ უფრო მეტად ყოფილიყვნენ ამ პროცესში ჩართული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობს იმ დაწესებულებებს, ვინც კავშირშია ჩვენს დიდ სფეროსთან. დღეს აქ, სამწუხაროდ, ყველას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ ყველა დაწესებულება, ვინც ამ სფეროსთანაა კავშირში, მზად უნდა იყოს თავისი სტრატეგიული გეგმები წარმოადგინოს და, რაც მთავარია, ეს სტრატეგია არ დარჩეს ქაღალდზე. ამის გარეშე რეალურად საქმის წინსვლა შეუძლებელი იქნება“.

რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ გულისტკივილით შენიშნა, რომ კულტურის დაკნინებულ როლზე ძალიან კარგად მეტყველებს ის აფქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბროშურაში სიტყვა კულტურაც კი არსადაა ნახსენები. მან კულტურის მინისტრს ის 80-გვერდიანი კონცეფციაც შეახსენა, რომელზეც ხელოვანთა დიდი ჯგუფი „ქართული ოცნების“ თხოვნით და დაკვეთით ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლის წინ, წინასაარჩევნოდ მუშაობდა, თუმცა დღეს არავინ იცის, სად არის ეს დოკუმენტი. ღოღობერიძემ ოდიშარიას ურჩია, ნუ დაკარგავენ ამდენი ადამიანის მიერ გაწეულ შრომას, მოძებნონ ეს დოკუმენტი და ახლის საფუძვლად გამოიყენონ.

ბოლოს კი, ლანა ღოღობერიძემ მაინც იმედი გამოთქვა, რომ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი არ დარჩება ქაღალდზე, კულტურის სფეროზე არ იმსჯელებენ კულუარებში და ეს პროცესი ყველასათვის გახსნილი იქნება, დოკუმენტში ჩაწერილი სიტყვები კი ქვეყნისთვის გარდატეხის დასაწყისი გახდება.
XS
SM
MD
LG