Accessibility links

logo-print
„რეზონანსი“ წერს, რომ გასაიდუმლოებული საქმეების ნაწილი შეიძლება გაასაჯაროონ. სტატიაში წაიკითხავთ: „ეს შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებამ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში, რომლის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება..." კანონპროექტის ინიციატორი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, „რეზონანსთან“ სუბრისას ამბობს, რომ „კანონის მიღების შემდეგ, თუ მთავრობა მიიღებს შესაბამის დადგენილებას, მაშინ მთავრობის დადგენილებითვე შეიქმნება კომისია, რომელიც ყველა საქმეს გადახედავს, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს“. საპარლამენტო უმცირესობის წევრ დავით დარჩიაშვილს „რეზონანსისთვის“ უთქვამს, რომ საქმის გასაიდუმლოების ან გასაჯაროებისთვის ევროპული და ამერიკული მიდგომის გამოყენებაა მართებული - „ჩვენ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთო“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ „ევროკავშირთან ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ გიორგი აბაშიშვილის მოსაზრებას გაეცნობით: „რეალურად მითები, რომ ევროკავშირი ყველა საშუალებას იყენებს, რათა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი შეიზღუდოს, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი იმპორტისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას, სრულიად უადგილოა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ობიექტურად არის გამოწვევა ქართული ბიზნესისთვის, აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ყველაზე სტაბილურ და ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარით გამორჩეულ ბაზარზე“.

გაზეთ „პრემიერის“ პირველ გვერდზე სათაურია - „ვინ მოკლა გურამ შარაძე?“. სათაურის ქვეშ გურამ შარაძის ფერადი ფოტოა, მკვლელობის ადგილას გადაღებული. „პრემიერი“ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს გურამ შარაძის შვილ რუსუდან შარაძესთან. ის ჰყვება მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების პროცესსა და ახალ გარემოებებზე - ახალ მნიშვნელოვან მოწმეზე, რომელსაც, რუსუდან შარაძის თქმით, თავის დროზე უარი უთქვამს გურამ შარაძის მკვლელობაში მონაწილეობაზე, ერთი წლის წინ კი თავად გამოცხადებულა პროკურატურაში ჩვენების მისაცემად. რუსუდან შარაძეს „პრემიერის“ ჟურნალისტი ეკითხება, რატომ უნდა შეეკვეთათ მისი მამის მკვლელობა: „მხოლოდ ორი და ღრმა ფესვების მქონე საკითხიც კმარა - ეროვნული განძი და ე.წ. მაჰმადიანი მესხები“, - პასუხობს რუსუდან შარაძე.

ისევ „პრემიერის“ პუბლიკაციით გავაგრძელებ მიმოხილვას: „დღევანდელი ხელისუფლება უინიციატივო, კონფორმისტ, ნაკლებად განვითარებულ, კარიერისტ და შემთხვევითი ადამიანების კრებულს წარმოადგენს, რომლებიც მისჩერებიან ერთ პატრონს, რომელმაც ფორმალურად მოიხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობა და ვისგანაც ისინი დროდადრო იღებენ მითითებებს“ - ამას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ეუბნება „პრემიერს“.

„ალიას“ სათაური - „რა დაიგინა გიგი უგულავამ რესტორანში და რისთვის ჩაიყვანა ლევან ვარშალომიძე სააკაშვილმა კიევში?!“. პუბლიკაციის ავტორს შეუტყვია, რომ ერთ-ერთი წინასაარჩევნო ქეიფის დროს „გიგი უგულავას სულ მჯიღები ურტყამს გულზე“ და თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება დაუქადნია.

„ალიაშივე“ ქვეყნდება ინტერვიუ კახა კახიშვილთან. საბაბი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩევლის, ლალი მოროშკინას მიერ დეპარტამენტის ხელმძღვანელად მისი სასურველ კანდიდატურად დასახელებაა. კახიშვილი „ალიას“ ეუბნება, რომ საკითხზე მას არავინ შეხმიანებია და თვითონაც არ უფიქრია ამაზე.

მოროშკინას ნათქვამს სხვა გაზეთის - „ახალი თაობის“ - გვერდებზე ეხმაურება ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, რომელიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დიმიტრი დარბაისლის ყოფნის პირობებში ემზარ კვიციანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პრესაში თემად რჩება მთავრობის წევრთა პრემიები. „ახალ თაობაშივე“ „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: „მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი განრისხებულია მაღალი პრემიების გამო. არ მჯერა ამის, უბრალოდ, რა! შეეძლო მაგას ამის შეჩერება. ეს ყველაფერი გამოიწვია „ქართული ოცნების“ დაუბალანსებლობამ. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მარტოს, ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა და დღემდე ის მართავს!“
XS
SM
MD
LG