Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება


ავტორი: ირინა გურული

მთავრობა 1 ივნისიდან იწყებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია და, ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა ინდუსტრიის განვითარებაზე ორიენტირებულ წარმოებას, შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალი. ამ მიმართულებით სულ 16 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. გაცილებით დიდი თანხა - 30 მილიონი - უნდა მიიმართოს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აქვე განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამისთვის თბილისსა და რეგიონებში დაახლოებით ასამდე უძრავი ქონებაა გამზადებული. ეს ქონება სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად - გადაეცემათ იმ მეწარმეებს, რომლებიც ახალ საწარმოებს შექმნიან, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მისივე თქმით, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის
ნაწილში სახელმწიფო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ს დააფინანსებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ თვითონ მეწარმე ახალი საწარმოსთვის, წლიური განაკვეთის ფარგლებში, ერთიდან სამ პროცენტამდე სესხს აიღებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს ხელისუფლება ინვესტიციების გაცემის პირობით ქონების 1 ლარად გადაცემას გეგმავს. მსგავსი გამოცდილება საკმაოდ აპრობირებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2007-2012 წლებში მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული ქონება შეისწავლა და მათ შორის ორი კატეგორია გამოყო: პირველი, ეს არის კერძო პირებზე სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება და მეორე -საინვესტიციო პირობის სანაცვლოდ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება.
კვლევამ დაადასტურა, რომ მსგავსი მცდელობა არ არის ხოლმე დაზღვეული კორუფციული რისკებისგან. ხშირად ქონების 1 ლარად მიმღებთა ჩამონათვალში მაღალი თანამდებობის პირები და მათი ახლობლების კომპანიები ხვდებიან, რისი დასტურიც 2007-2012 წლებში გაცემული ქონებაცაა.

თუ რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს სიმბოლურ ფასად ქონების გაცემამ, ამას მხოლოდ 2012 წლის მსგავსი გარიგებებიც მოწმობს, კერძოდ:

მაგალითად, მხოლოდ 2012 წელს საინვესტიციო პირობის გარეშე სახელწიფო ქონება გადაეცა: შპს „Hospital Digomi“ (თბილისი, ლუბლიანას ქუჩის #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მიწა); კავკასიის სამთო ჯგუფი (ბოლნისში მიწის ნაკვეთი); გოდაკო + (ყვარელში, ილიას ტბა); ლოპოტა ტურ სერვისი (თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქობულეთის ქ. 3/15“ (თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე მიწა და ნაგებობები); სს „ინტერ ბიზნეს სერვისი“ (თბილისში მიწის ნაკვეთი); შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ (ყვარელში, კუდიგორაზე მდებარე ნაკვეთი). საინვესტიციო პირობებით ქონების სიმბოლურ ფასად მიმღებთა შორისაა ამავე წელს განმუხურის სასტუმრო, ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია, საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია და სხვები.

აღნიშნულ ჩამონათვალში, როგორც ხედავთ, მოხვდა არაერთი ისეთი ობიექტი, სადაც, თვალის ერთი გადავლებით, საკმაოდ მასშტაბური ინვესტიციებია განხორციელებული, მაგალითად, იგივე ილიას ტბა თუ კუდიგორას მთა; თუმცა, ზოგადად, საზოგადოებისთვის საკმაოდ რთული გასაკონტროლებელია, თუ რა მასშტაბის ინვესტიცია განხორციელდა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მით უმეტეს, როცა საქმე კერძო კომპანიებს და მათ კონფიდენციალურ ინფორმაციას ეხება.

სწორედ ამიტომ მსგავსი ინიციატივები არც აკრძალულია და არც მიუღებელი, თუმცა ისინი განსაკუთრებულ მონიტორინგსა და გამჭვირვალობას მოითხოვს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე არა მხოლოდ ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას, არამედ ამ ქონებაში ჩასადები ინვესტიციების შეღავათიანი კრედიტისა და მათზე სახელმწიფო გარანტიის გაცემას ეხება.
XS
SM
MD
LG