Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უმაღლესი კომისარი: ცხინვალი სოხუმზე უფრო ჩაკეტილია


 გაეროს უმაღლესი კომისარი ნავი პილაი
გაეროს უმაღლესი კომისარი ნავი პილაი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა იქცა ”ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილად დედამიწაზე”. მართალია, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით და საერთაშორისო სააგენტოები თუ დევნილები მიმოსვლას ახერხებენ, მაგრამ ვითარება რთულია ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გაეროს უმაღლესი კომისარი ნავი პილაი რამდენიმე დღით სტუმრობდა საქართველოს, სადაც კიდევ უფრო ნათლად და მძაფრად აღიქვა არსებული პრობლემები.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები ვერ სარგებლობენ ადამიანის ძირითადი უფლებების პერსპექტივითა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმებით, რაც ამჟამად ხორციელდება საქართველოს მოქალაქეებისთვის... ეს საკითხი ღრმა შეშფოთებას იწვევს ჩემში, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ ოთხშაბათს თბილისში, როცა ის მედიის წარმომადგენლებთან ვიზიტის ძირითად შთაბეჭდილებებზე ლაპარაკობდა. შეფასებები გამოქვეყნდა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალურ ვებსაიტზეც, სადაც საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ მან, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა ნებართვა, მოენახულებინა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები.
განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობით. ანგარიშებში გადმოცემულია, რომ ცხოვრების პირობები მძიმეა და სულ უფრო და უფრო მძიმდება, რის შედეგადაც ირღვევა ხსენებული პირების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები...
ნავი პილაი

მისი სრულიად მყარი შთაბეჭდილებით, სავალალოა ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა, მისი თქმით, თუკი ”გარკვეული დონის მოძრაობა დაშვებულია აფხაზეთის მიმართულებით და აფხაზეთიდან - განსაკუთრებით გალის რაიონში - როგორც დევნილებისა და დაბრუნებულებისთვის, ასევე გაეროს ზოგიერთი სააგენტოსა და სხვა აქტორებისათვის”, ამ მხრივ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა სრულ იზოლაციაშია მოქცეული და იქ ”არ შეუძლიათ შესვლა საერთაშორისო სააგენტოებს, გარდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა”. საქმე რომ ცუდად არის, ნავი პილაიმ თავისი თვალით ნახა 20 მაისს, როცა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან, ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს იმყოფებოდა. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გაეროს უმაღლესი კომისარი დაზარალებული ოჯახების ისტორიებს იხსენებს:

”მე მოვისმინე ორი ძმის ამბავი, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებული აღმოჩნდნენ და ახლა მხოლოდ მავთულხლართის სხვადასხვა მხრიდან ძახილით თუ აწვდენენ ხმას ერთმანეთს - თუკი ძალიან მიუახლოვდებიან მას, იქმნება მათი დაკავების საფრთხე. მე მოვისმინე, როგორ დააკავეს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი სამხრეთ ოსეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ჭიქა წყალი გადააწოდა მეგობარს მავთულხლართის მეორე მხარეს. მე ვესაუბრე მავთულხლართის გადაღმა დარჩენილ ერთ ძალზედ გაბედულ 80 წლის მოხუც ბატონს, რომელიც უარზეა მიატოვოს ერთადერთი სახლი, რაც გააჩნია, მაგრამ შედეგად მრავალმხრივ იტანჯება: როდესაც მისი მეუღლე ავად გახდა, მან ვერ შეძლო მისი წაყვანა უახლოეს საავადმყოფოში, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სამხრეთით მდებარეობს; ხდება მისი დაშინება, მისი შვილიშვილი რამდენჯერმე დააკავეს, რადგან ეს ოჯახი დაჟინებით ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას მავთულხლართის მეორე მხარესთან”.

გაეროს უმაღლესი კომისარი ასევე აღნიშნავს, რომ, თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის კვალდაკვალ, სამხრეთ ოსეთის იზოლაცია კიდევ უფრო განმტკიცდა ბოლო თვეების განმავლობაში, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას:

”განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობით. ანგარიშებში გადმოცემულია, რომ ცხოვრების პირობები მძიმეა და სულ უფრო და უფრო მძიმდება, რის შედეგადაც ირღვევა ხსენებული პირების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. სამხრეთ ოსეთი გადაიქცა შავ ხვრელად: ძალიან მცირედია ცნობილი იმაზე, თუ რა ხდება რეგიონის შიგნით”.

გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებებს ჩვენთან საუბრისას აბსოლუტურად იზიარებს ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“. ის თვლის, რომ შექმნილი სიტუაცია დიდწილად სამოქალაქო საზოგადოების განუვითარებლობისა და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების უნიათობის ბრალია:
ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი
”დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის, უფლებადამცველი ინსტიტუტები არ არის სამხრეთ ოსეთში, ეს ერთი... და მეორე, აფხაზეთში მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, აქვთ წვდომა იქ, ჩადიან. ცხინვალში ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ტურისტებიც კი არ შეუშვეს, რუსეთის მხრიდან ვისაც უნდოდა შესვლა. აქ უფრო არის ძალიან სუსტ, არათვითმყოფად და გადაწყვეტილებების ვერმიმღებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე ლაპარაკი, რომელიც ელემენტარულ, მცირედი მასშტაბის გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს დამოუკიდებლად, მოსკოვის გარეშე. მათთვის უფრო ადვილია, რომ აკრძალონ. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა - ასე უდგებიან და ამიტომ არის შეზღუდვები ყველაფერზე”.

იმას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ჩვენთან საუბრისას ლევან გერაძეც აღნიშნავს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს” ხელმძღვანელი არ ფიქრობს, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით აფხაზეთში უკეთ იყოს საქმე.

”მხედველებაში იმას თუ ვიქონიებთ, რამდენად აქვთ ხელმისაწვდომობა საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ ტერიტორიებზე, მაშინ, ბუნებრივია, რომ ცხინვალის რეგიონში უფრო რთულად გვაქვს საქმე - იქ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კონტროლიც ბევრად უფრო სოლიდურია. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ორივე ტერიტორია საკმაოდ ჩაკეტილია და საკმაოდ რთულია ამ ტერიტორიებზე საქმიანობა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან გერაძემ.

ის შიშობს, რომ, გარე სამყაროსთან იზოლირების თვალსაზრისით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია მალე დაეწევა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიას, რადგანაც ბოლო პერიოდში სოხუმის ლიდერებმა გადაწყვიტეს, სრულიად აკრძალონ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა რეგიონში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG