Accessibility links

logo-print

რამდენად შეუძლია რუსეთს მსოფლიოს გამოეთიშოს?


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

„გლობალურ სოფელში“ საუკუნის მეოთხედის გატარების შემდეგ, კრემლი აცხადებს, რომ ეს უკვე საკმარისია. აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებით გაბრაზებული მოსკოვი იმუქრება, რომ საერთოდ გამოეთიშება დასავლეთს და შექმნის თვითკმარ ალტერნატიულ სამყაროს, რომელშიც იმუშავებს რუსული საკრედიტო ბარათები, რუსული ინტერნეტი და რუსული სიმღერის კონკურსებიც კი. თუმცა ეს წამოწყება, შესაძლოა, არც ისე იოლი აღმოჩნდეს.

ახლახან რუსეთის ოფიციალური პირი, რუსეთში ბავშვობის გამოცდილებაზე შფოთის დროს, რკინის ფარდის დღეებთან დაბრუნების მოწოდებით გამოვიდა. მან ზუსტად ჩამოაყალიბა მესიჯი, რომელსაც კრემლის სტრატეგიაზე მომუშავე პირები ეძებენ 21-ე საუკუნის მოქალაქეების დასარწმუნებლად, რომ დროში უკან დაბრუნების საჭიროება გაჩნდა.

„დასავლეთი საშინელი სანაგვეაო“, - განაცხადა ირინა მედვედევამ, რომელიც ბავშვთა ომბუდსმენის ოფისში მუშაობს, ანუ უწყებაში, რომელიც შარშან სათავეში ედგა რუსეთიდან ბავშვების უცხოეთში გაშვილების აკრძალვის ინიციატივას. „იმის მიუხედავად, რომ მას ბევრი შესანიშნავი რამის სურნელი ასდისო“, - დასძინა მან.
ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ [კრემლი] სერიოზულად აპირებს რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს მოსწყვიტოს და იზოლაციონისტურ პოლიტიკას მისდიოს. ჩემი აზრით, ბევრი რეაქცია თუ პასუხი, რომელიც მოვისმინეთ, უბრალოდ, მომხდარზე ემოციური რეაქციაა...

აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მოვლენების გამო რუსეთთან მიმართებით სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვი არაერთ დასავლურ პროდუქტს გამოეხმაურა კრიტიკით - იმას, რაც უწინ სასურველად მიაჩნდა. სხვადასხვა დროს მოსკოვი გამოვიდა მუქარით, რომ გაემიჯნება ინტერნეტს, GPS-ს, „ვიზას“ და „მასტერქარდს“, სარეიტინგო სააგენტოებს, კოსმოსურ სფეროში აშშ-თან თანამშრომლობას და ევროვიზიის სიმღერის კონკურსსაც კი. რუსეთი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს შეცვლის ადგილობრივი - ამ ეტაპზე, დიდწილად, თეორიული - ალტერნატივებით, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ვლადიმირ პუტინის მიერ მხარდაჭერილ, დიდი ერის კონსერვატიულ ღირებულებებთან.

მაგრამ რკინის ფარდის ჩამოშლიდან თითქმის 25 წლის გასვლის შემდეგ ბევრი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის ამგვარი იზოლაციის პერსპექტივას. რუსეთის ბიუჯეტის ზრდას მხოლოდ 0.5 პროცენტით ვარაუდობენ და ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთი, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მისცემს გლობალურ სტრუქტურებს გამოეთიშოს.

მიმდინარე კვირაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში დროული იყო იმ მესიჯის თვალსაზრისით, რომლის გავრცელებასაც კრემლი ამჟამად ცდილობს - რომ ის არა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით გადის დისტანციაზე, არამედ აღმოსავლეთშიც ავითარებს ნაყოფიერ კავშირებს.

რუსეთის სახელმწიფო მონოპოლისტმა კომპანია „გაზპრომმა“ და ჩინეთმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ჩინეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეხება. შეთანხმების შესახებ 21 მაისს გაკეთდა განცხადება, შანხაიში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისას.

პუტინს, რომელიც 6 ივნისს საფრანგეთში მიიღებს მონაწილეობას ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიაში, ამით სურს ევროპას აჩვენოს, რომ რუსეთი მხოლოდ მასზე დამოკიდებული აღარ არის.

ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის მხრიდან ეს ჟესტი ერთგვარი პასუხია დასავლეთის მიერ მის კრიტიკასა თუ დასჯაზე.

უკრაინის კრიზისის განმუხტვის მიზნით უშედეგოდ წარმოებული დიპლომატიური კამპანიის შემდეგ, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესეს რუსეთის მაღალჩინოსნებს, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს და ცოტა ნაკლები ინტენსივობით - რუსეთის კომპანიებს.

მოსკოვმა ამას ნაწილობრივ იმით უპასუხა, რომ 2020 წლის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აშშ-ის შატლს შეუწყვეტს მომსახურებას. მაგრამ რუსეთი მაინც წაგებული რჩება. სანქციების გამო დიდძალი შემოსავლები იკარგება. რამდენიმე მსხვილი კომპანია - მათ შორის, „სიმენსი“ და „პეპსი“ - გამოეთიშა 22-24 მაისს სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ ეკონომიკურ ფორუმს, სადაც მოსკოვს 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების მიზიდვის იმედი ჰქონდა.
რუსეთი გარკვეულ სფეროებს მიაქცევს ყურადღებას - მაგალითად, ფინანსურ ტრანსაქციებს, ტექნოლოგიას, შესაძლოა, საკვების მრეწველობას და სოფლის მეურნეობას. ეს ის სფეროებია, რომლებსაც დიდი ხანია ესაჭიროება განვითარება...

თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ზომები რუსეთს, პირიქით, ერთგვარ ადრენალინს შემატებს საიმისოდ, რომ ის უფრო გააქტიურდეს თავის თამაშში, ისე, რომ დასავლეთთან არ გაწყვიტოს კავშირები. ეკონომიკის საკითხების კონსულტანტი, მოსკოვში მცხოვრები კრის ვიფერი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

„ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ [კრემლი] სერიოზულად აპირებს რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს მოსწყვიტოს და იზოლაციონისტურ პოლიტიკას მისდიოს. ჩემი აზრით, ბევრი რეაქცია თუ პასუხი, რომელიც მოვისმინეთ, უბრალოდ, მომხდარზე ემოციური რეაქციაა. ვფიქრობ, ამის უფრო სერიოზული შედეგი ის იქნება, რომ რუსეთი გარკვეულ სფეროებს მიაქცევს ყურადღებას - მაგალითად, ფინანსურ ტრანსაქციებს, ტექნოლოგიას, შესაძლოა, საკვების მრეწველობას და სოფლის მეურნეობას. ეს ის სფეროებია, რომლებსაც დიდი ხანია ესაჭიროება განვითარება“.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა, რომელიც უკვე წლებია გამოდის ეკონომიკის დივერსიფიკაციის მოწოდებით, გასულ თვეში დეპუტატებს მიმართა თხოვნით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ადგილობრივი წარმოების განვითარების შესაძლებლობად განიხილონ.

პუტინის ახლო მოკავშირეები კიდევ უფრო მეტად გაბედულ იდეებს გამოთქვამენ - რუსეთის რკინიგზის პრეზიდენტი ვლადიმირ იაკუნინი, მაგალითად, ციმბირში ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მოწოდებით გამოვიდა.

პუტინის რეგიონალური ეკონომიკის სფეროს ხელმძღვანელმა სერგეი გლაზუევმა შეიმუშავა „დე-დოლარიზაციის“ სქემა. ეს გეგმა ითვალისწინებს სახელმწიფო მარაგის დაუკონკრეტებელ, „ნეიტრალურ“ ფულად ერთეულში გადაყვანას, ოქროს და სხვა ძვირფასი მეტალების ექსპორტის შეწყვეტას და საბაჟო კავშირში შემავალ ქვეყნებსა და „პარტნიორ სახელმწიფოებში“ ბანკთაშორისი გადარიცხვებისა და საკრედიტო ბარათების სისტემის შექმნას.

გლაზუევის სტრატეგიული პუნქტების ნაწილს რუსეთში ჟურნალისტებიც კი უარყოფენ, თუმცა საკრედიტო ბარათების ნაწილში, როგორც ჩანს, ქვეყანა სამოქმედოდ მზადაა. კრემლი ძალიან გაბრაზდა, როცა აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანიებმა, Visa-მ და Mastercard-მა, რუსეთის ზოგიერთ ბანკს საკრედიტო მომსახურება შეუწყვიტეს, ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე. მას შემდეგ რუსეთი დაჩქარებული წესით ამუშავდა ეროვნული ბარათების სისტემასა და კანონზე, რომელიც ორ კომპანიას რეგულაციების სახით ასობით მილიონ დოლარს უწესებს.

პაველ მედვედევი

პაველ მედვედევი

პაველ მედვედევი - სახელმწიფო სათათბიროში საბანკო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ახლა რუსეთის ფინანსური ომბუდსმენია - მიიჩნევს, რომ ეროვნული ბარათის სისტემა კარგი სიახლე იქნება ბაზარზე, სადაც მთელი ბიზნესის თითქმის 90 პროცენტი ამჟამად „ვიზასა“ და „მასტერკარდზე“ მოდის:

„ჩვენ ავიღებთ სხვათა კომპიუტერებს, სოფტვერს, კონსულტაციებს გავმართავთ უცხოელ ექსპერტებთან, როგორც ამას ხშირად ვაკეთებთ, მაგრამ ამის შემდეგ ეს ჩვენი ბიზნესი იქნება, რაც შესანიშნავია. ეს ბიზნესი კონკურენციას გაუწევს „ვიზას“, თუკი ჩვენ [ამ კომპანიასთან] საბოლოოდ არ ვიჩხუბებთ; „ვიზას“ აიძულებს გააიაფოს თავისი მომსახურება. თუ ამაზეა საუბარი, მივესალმები და ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში ხელს შევუწყობ ამგვარი პროექტის ხორცშესხმას. მაგრამ თუკი, უბრალოდ, „ვიზას“ და მთელი მსოფლიოს გამოწვევა გვსურს, ვფიქრობ, ძალებს მალე ამოვწურავთ და იმედებიც გაგვიცრუვდება“.

დასავლეთისგან რუსეთის მოწყვეტის პერსპექტივა კარგად ეხმაურება პუტინის განცხადებულ ხედვას აღდგენილი საბჭოთა კავშირის შესახებ, რომელსაც რუსეთის ლიდერი ერთგულად მისდევს, იქნება ეს საქართველოსა და უკრაინისთვის ტერიტორიების წართმევით თუ ევრაზიული საბაჟო კავშირის მსგავსი გაერთიანებების შექმნით.

თუმცა ექსპერტები მაინც ფიქრობენ, რომ იზოლაციონიზმის პოლიტიკა ბოლომდე ვერ განხორციელდება. რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი მიეჩვია გარკვეულ ეკონომიკურ სტანდარტს და გამოკითხვები აჩვენებს, რომ, დასავლეთის სანქციების ფონზე, მოსახლეობაში უკვე იზრდება შეშფოთება ეკონომიკასთან მიმართებით. პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ 25-წლიანი მოგზაურობის, იმპორტული ნივთებისა და ინტერნეტის მოხმარების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მოქალაქეებმა დროში უკან დაბრუნება ისურვონ.
XS
SM
MD
LG