Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის“


გამოფენა - „ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის“
გამოფენა - „ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის“
ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე კატო მიქელაძე მე-20 საუკუნის დასაწყისში თავის მიერ გამოცემულ გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“, თანამოაზრეებთან ერთად, გენდერულ თანასწორობაზე წერდა. ევროპაში განათლებამიღებულმა, საქართველოში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოაყალიბა და ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოდა. მას შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა და ის იდეები ისევ აქტუალურია.

„ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აწყობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების - მარიამ გარიყულის, ეკატერინე გაბაშვილის, კატო მიქელაძის, ნინო ყიფიანის და სხვა ქალების - საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ. მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი აცხადებს, რომ ეს გამოფენა აქტუალობას არ კარგავს, რადგან დღეს საჭიროა ქალების მაქსიმალური გააქტიურება მათივე უფლებების დასაცავად.

გამოფენა - „ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის“
გამოფენა - „ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის“
1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში 4 ქალი იყო. ეს იმ დროს, როცა მრავალ ევროპულ ქვეყანაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. გაიზარდა თუ არა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ამ ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველო? მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი თამარ ხორბალაძე მიიჩნევს, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა.

საზოგადოება, სადაც უამრავი სტერეოტიპია ქალის შესახებ, ქალი მსხვერპლი ხდება ოჯახური ძალადობისა. არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებენ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ დროს ქალთა უფლებების დაცვა ისევ მწვავედ დგას დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე დიდი ხანია მიერთებულია დეკლარაციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ გაეროს საერთაშორისო კონვენციის შესასრულებლად ბოლო ათი წლის განმავლობაში ძალზედ ცოტაა გაკეთებული. მისი აზრით, ქალთა პოლიტიკური ჩართულობაც ქვეყანაში დაბალ დონეზეა.

გამოფენამდე სტუმრებმა გორელ ახალგაზრდებთან გამართეს შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო აქტივიზმი და ქალთა პოლიტიკური ჩართულობა“. მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კლუბთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებს მოახლოებული არჩევნების წინ ქალთა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებსა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის ზრდის საკანონმდებლო გარანტიებზე ესაუბრნენ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვვლილება შევიდა. ამ ცვლილების მიხედვით, ის პარტია და საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარტიულ სიაში პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებულ სქესს 30 პროცენტით წარმოადგენს, საბაზისო დაფინანსებაზე
მაშ, ხელი, ქალნო! ჩავებნეთ საერთო ფერხულში, სავალდებულოდ გავხადოთ, წელიწადში რამდენიმე დღე, მხოლოდ რამდენიმე დღე საზოგადო სამსახურს დავუთმოთ, კარგს და ავს ვუჭირისუფლოთ. ნელა, ნელა, თითო ნაბიჯით, მაგრამ მედგრადა და შეუფერხებლად ვებრძოლოთ გარემოებას და ხვედრი, ჩვენი სვე ჩვენვე გავიტანოთ...
გაზეთი „ივერია“
30-პროცენტიან დანამატს მიიღებს. წახალისების მიუხედავად, ყველა პარტია არ ითვალისწინებს ამ პირობას. გორის მცხოვრები ნანუკა ფერაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებში შიდაპარტიული დემოკრატია მოიკოჭლებს.

გორის მერობის კანდიდატმა და ერთიანობის დარბაზის ლიდერმა თამაზ მაყაშვილმა პარტიულ სიაში ქალბატონებს მხოლოდ 20 პროცენტი დაუთმო, თუმცა მიიჩნევს, რომ, როგორც პოლიტიკოსმა, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ მიდგომები რადიკალურად შეცვალა.

ამ დღეებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გენდერული სტატისტიკა გამოაქვეყნა. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 12 მამაკაცი და 2 ქალია. დანარჩენ 11 თვითმმართველ ქალაქში მერობისთვის 65 კანდიდატი მამაკაცი და მხოლოდ 8 კანდიდატი ქალი იბრძვის.

1898 წლის 15 მაისს გამოცემულ გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილი წერდა: „მხოლოდ იდეალით აღჭურვილ ხალხს აქვს გონება გაბრწყინვალებული, სული განფაქიზებული, გული გალმობიერებული. მაშ, ხელი, ქალნო! ჩავებნეთ საერთო ფერხულში, სავალდებულოდ გავხადოთ, წელიწადში რამდენიმე დღე, მხოლოდ რამდენიმე დღე საზოგადო სამსახურს დავუთმოთ, კარგს და ავს ვუჭირისუფლოთ. ნელა, ნელა, თითო ნაბიჯით, მაგრამ მედგრადა და შეუფერხებლად ვებრძოლოთ გარემოებას და ხვედრი, ჩვენი სვე ჩვენვე გავიტანოთ“.
XS
SM
MD
LG