Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინიზმი, სოსელო და მაკედონელის მმართველობის სტილი კანდიდატების საარჩევნო დაპირებებში


გორი
გორი
გორის მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან და საარჩევნო პროგრამებს აცნობენ. ყველაზე ხშირად მათ სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ ეკითხებიან. ამ საკითხში მმართველი კოალიციის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი და „ქართული პარტიის“ ლიდერი,ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამომრჩევლებს ჰპირდებიან, რომ გამარჯვებისთანავე სტალინის ძეგლს მუზეუმის ტერიტორიაზე დადგამენ. ირაკლი ოქრუაშვილმა მოსახლეობაში დარიგებულ ბუკლეტში სპეციალური თავი დაუთმო სტალინის ძეგლს და ისიც ჩაწერა, რომ თუ ძეგლი დაზიანებული იქნება, მის აღდგენასაც საკუთარ თავზე იღებს. კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი კი ამომრჩევლებს სტალინის შესახებ სრულიად განსხვავებულ ხედვას სთავაზობს. ადგილობრივი ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გორში სტალინიზმი არ ყოფილა და აქ მხოლოდ სოსელო იყო, რაც საამაყოა:

„სტალინიზმის მუზეუმი უნდა არსებობდეს იმ ქვეყანაში, ვისი იმპერატორიც იყო სტალინი. სტალინიზმის მუზეუმი გააკეთონ მოსკოვში. მე ვთვლი, რომ გორში სტალინიზმი არ ყოფილა, გორში იყო სოსელო, ეს არის მისი სამშობლო და ჩვენ უნდა ვამაყობდეთ იმაზე უფრო მეტად, როგორც ვამაყობთ სტალინით, რომ სოსელოც გვყავდა“.

კოალიცია „ქართული ოცნება“ წელიწადზე მეტია ადგილობრივ ხელისუფლებაში იმყოფება. საკრებულომ 2010 წელს ცენტრალური მოედნიდან ჩამოღებული სტალინის მონუმენტისთვის საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლისთვის დაახლოებით 3-მეტრიანი კვრაცხლბეკიც ააშენა, მაგრამ, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ელჩების ჩარევით და ცენტრალური ხელისუფლების მითითებით, ძეგლის დადგმის სამუშაოები გაურკვეველი დროით შეჩერდა. კულტურის სამინისტროსთან შექმნილი კომისიის რეკომენდაციით, მონუმენტი ამხელა კვარცხლბეკზე არ უნდა იდგეს. მერობის კანდიდატები არ აკონკრეტებენ, რა პირობებით დადგამენ ამ ძეგლს. წინასაარჩევნო პერიოდში დიქტატორების მოყვარული კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია გამოჩნდა. გორში პატრიოტთა ალიანსს არც მერობის კანდიდატი ჰყავს და არც გამგებლობის. ისინი მხოლოდ პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ზურაბ კამკამიძე ჯირკველიშვილს და ოქრუაშვილს არ ჩამორჩა, უფრო შორსაც წავიდა და, გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქისთვის ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის სტილს გვთავაზობს. კამკამიძე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამაში.

ვითარება დაიძაბა კოალიცია „ქართული ოცნების“ ხაშურის ორგანიზაციაში, რომელიც ერთბაშად 17-მა წევრმა დატოვა. „ეროვნული ფორუმის“ უკვე ყოფილმა წევრებმა პრეტენზიები პროპორციული სიების შედგენის გამო გამოთქვეს. კოალიციის ერთიან სიაში „ფორუმს“ მხოლოდ მე-8-მე-10 ადგილები შესთავაზეს. ზურაბ გელაშვილმა და მისმა მომხრეებმა კოალიციაც და „ეროვნული ფორუმიც“ დატოვეს და მწვანეთა პარტიას შეუერთდნენ. ახლა გელაშვილი ამ პარტიის სახელით გამოდის ხაშურის გამგებლობის კანდიდატად. გელაშვილი კოალიციაში პრაიმერის ჩატარებას და ამ გზით გამგებლობის კანდიდატის გამოვლენას მოითხოვდა.

გელაშვილის პრეტენზიებს კოალიციის გამგებლობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ცენტრალური ოფისიდან თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ სიებში 50 პროცენტი ეკუთვნოდა, დანარჩენ პარტიებს კი დარჩენილი 50 პროცენტი უნდა შეევსოთ.
დღეიდან პოლიტიკურმა პარტიებმა გორში პლაკატების გაკვრა დაიწყეს. დაპირისპირებას ისიც ამძაფრებს, რომ კონკურენტები ერთმანეთის პლაკატებს ხევენ ან საკუთარი ფავორიტის სურათს მოწინააღმდეგის პლაკატზე აკრავენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG