Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნადავლს აბრუნებს: თავისუფლება დატყვევებულ წიგნებს


„ნაალაფარი წიგნები“
„ნაალაფარი წიგნები“
2 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, აპირებს თავის გერმანელ კოლეგას სიმბოლურად გადასცეს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ბიბლიოთეკებიდან ალაფის სახით გატანილი რამდენიმე წიგნი. საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს გერმანიას დაუბრუნოს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განთავსებული რამდენიმე ათეული ათასი წიგნი, რომელიც საბჭოთა კავშირმა რეპარაციის სახით მიიღო ომში დამარცხებული გერმანიისგან. საქართველომ „ნაალაფარი წიგნების“ პირველი პარტია - დაახლოებით 80 ათასი წიგნი - გერმანიას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაუბრუნა.

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცული ე.წ. ნაალაფარი წიგნები დაავადებულია ობის სოკოთი და მათთან შეხება სახიფათოა ჯანმრთელობისათვის, თუმცა, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ თამარ გიორგაძემ გვითხრა, საქართველოს პრეიმერ-მინისტრი გერმანიაში ხელცარიელი მაინც არ ჩავა:
თამარ გიორგაძე
თამარ გიორგაძე
“ეს არის უკვე გაწმენდილი წიგნი. გერმანელები როცა პირველად ჩამოვიდნენ ჩვენთან, რამდენიმე ერთეული ეგზემპლარი წაიღეს, რათა ენახათ როგორ გადაიტანდა γ-დასხივებას ეს წიგნები. ეს წიგნი, რომელიც ხელში მიჭირავს, 1756 წელს გამოცემული ლექსიკონია“.

წიგნი, - უფრო სწორად, ენციკლოპედიური ლექსიკონი, - რომლის გადარჩენა მოხერხდა და რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა რამდენიმე ტომთან ერთად სიმბოლურად გადასცემს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ლაიფციგში, მე-18 საუკუნეშია გამოცემული. მასში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ-ფიზიკური მახასიათებლების, მრეწველობის, ფაბრიკების მოწყობისა და მეტყევეობის შესახებ. თამარ გიორგაძის თქმით, სულ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათეული ათასი ისეთი წიგნია, რომელსაც, გერმანიის სახელმწიფო ან კერძო ბიბლიოთეკების შტამპებთან ერთად, ამჩნევია ნაალაფარის კვალი, ანუ შენახვის შიფრი რუსული ასოთი „И“, რაც ნიშნავს „Иностранный фонд“, იგივე „უცხოური ფონდი“.

„საბჭოთა არმიის მიერ ნაალაფარი ეს წიგნები მივიღეთ მოსკოვიდან 1948 წელს. ეს წიგნები დაზიანდა იმის გამო, რომ სათანადო პირობებში არ ინახებოდა. როცა ამ შენობაში გადმოვედით, 1987 წელს, და გადმოვიტანეთ ეს ფონდი, წიგნები მოხვდა ნულ სართულზე, სადაც აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალი იყო ტენიანობა. შედეგად, სანამ ბიბლიოთეკა დალაგდა და ყურადღება მივაქციეთ, ეს წიგნები დაზიანდა“, უთხრა თამარ გიორგაძემ რადიო თავისუფლებას.

ობის სოკოთი დაავადებულ წიგნებს საქართველოდან გერმანიის ქალაქ რიდენბურგში გერმანელი სპეციალისტები თავიანთი ხარჯით ჩაიტანენ. იქვე მოხდება მათი გამა-დასხივებით დამუშავება და გასუფთავება. როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, გერმანიის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, უმკურნალებენ როგორც გერმანელებისთვის გადასაცემ, ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კუთვნილ დაავადებულ წიგნებსაც, რომელთა გაცალკევება სპეციალურ დამუშავებამდე ვერ ხერხდება:
მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
„გერმანელებმა შემოგვთავაზეს ამ წიგნების წაღება გერმანიაში სპეციალური ტრანსპორტით, γ-დასხივებით გაწმენდა, შემდეგ მეორე ეტაპის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, წიგნების გადარჩევა. ჩვენი სპეციალისტები მთელი ამ ხნის განმავლობაში იქნებიან იქ და ამ გადარჩევის შემდეგ მოხდება განაწილება: ის, რაც საქართველოსია, დაბრუნდება უკან უკვე გაწმენდილი და გამოჯანმრთელებული, ხოლო რაც არა, დარჩება გერმანიაში, როგორც ჩვენი კეთილი ნების გამოხატულება“.

კეთილი ნების გამოსახატად საქართველოს პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ სპეციალურად შეიტანა ცვლილება „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ კანონში“, თუმცა ე.წ. ნადავლი წიგნების დიდი ნაწილი საქართველომ გერმანიას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, დაუბრუნა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული პროფესორი ალექსანდრე კარტოზია, საქართველოს პარალმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი და განათლების ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად ლექციებს კითხულობს ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტში:

„ამ წიგნების დაბრუნება გერმანიისათვის იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მათი წაკითხვა არ ხერხდებოდა საქართველოში. სრულიად საღი წიგნები დავუბრუნეთ მაშინ გერმანიას და სწორედ ეს იყო კეთილი ნების გამოხატულება. ის, რისი გამოყენებაც საქართველოში ძალიან კარგად შეიძლებოდა და რაც იყო მნიშვნელოვანი ფასეულობა, ის დაუბრუნდა პატრონს“.
ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება გერმანიისა და ევროპისათვის, რომ საქართველოსათვის ყველაზე მეტად ღირებულია ურთიერთობა ევროპასთან, რომ ჩვენ ჩვენი თავი წარმოგვიდგენია სწორედ ევროპულ კონტექსტში...
ალექსანდრე კარტოზია

ალექსანდრე კარტოზიას თქმით, გერმანიაში დაბრუნებულ წიგნებს შორის ჭარბობდა სამეცნიერო ლიტერატურა, გამოცემული მე-18-მე-20 საუკუნეებში, ერია იშვიათი გამოცემებიც.

„ეს იყო კლასიკოსების ნაწარმოებები, ფილოსოფოსების, ენათმეცნიერების... მახსოვს, მაგალითად, სტუდენტი როცა ვიყავი, ბიბლიოთეკაში ნასარგებლები მაქვს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის "კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე“ შესავლის პირველი გამოცემით. რა თქმა უნდა, ასეთი წიგნის ხელში აღება არის დიდი სიამოვნება და სიხარული ამ დარგის სპეციალისტისთვის“, უთხრა ალექსანდრე კარტოზიამ რადიო თავისუფლებას.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა რეპარაციის - ანუ ზარალის ანაზღაურების - სახით, სხვა უამრავ ნივთთან ერთად, გერმანიის კერძო და სახელმწიფო ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი წიგნი გაიტანა. ნადავლის ნაწილი მოსკოვმა მოკავშირე რესპულიკებსაც გაუნაწილა, თუმცა, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც წიგნების პატრონისათვის დაბრუნება დაიწყო:

„ამას დიდი სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგანაც იგივე რუსეთი არ აპირებს დაუბრუნოს გერმანიას ეს ალაფი და როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები, მაგალითად, საქართველო აბრუნებს გერმანიაში წიგნებს თუ სხვა ნივთებს, ეს გარემოება გამოიყენება მორიგ საშუალებად, მიუთითონ რუსეთს, რომ მას აქვს ბევრი რამ დასაბრუნებელი“.

ლაშა ბაქრაძის თქმით, წიგნების გერმანიისათვის დაბრუნება იმითაც არის გამართლებული, რომ საქართველოში ყოველთვის იგრძნობოდა ამ წიგნების ფლობით გამოწვეული სინდისის ქენჯნა, რის გამოც საზოგადოება ამ სიმდიდრეს ჯეროვნად ვერც მოიხმარდა:
ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე
„ეტყობა, ამ ნადავლს როგორც ნაქურდალს, ისე უყურებდნენ ჩვენთანაც და დანარჩენ საბჭოთა კავშირშიც, რადგანაც ამ წიგნებს ადამიანები ვერ ხედავდნენ და ვერ იყენებდნენ. იდო, მაგალითად, სარდაფში და არავის აქედან მოგება არ უნახავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომელთა განკარგულებაშიც იყო ეს წიგნები, შინაგანად მიიჩნევდნენ, რომ ეს წიგნები მათ არ ეკუთვნოდათ. ასე რომ, ეთიკურიც არის და მორალურიც ამ წიგნების უკან პატრონისათვის დაბრუნება, რადგანაც ეს მაინც არის გამარჯვებული მხარის მიერ წართმეული განძი“.

ლაშა ბაქრაძის თქმით, საქართველოს ნადავლი წიგნების დარჩენილი ნაწილი იმის გამოც აქვს დასაბრუნებელი, რომ აუწონავია გერმანიის დახმარება საქართველოსადმი როგორც ამჟამად, ასევე გასული საუკუნის 10-20-იან წლებში. ამასთან, იგულისხმება როგორც კულტურული, ასევე მატერიალური და პოლიტიკური სახის მხარდაჭერა. ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე კარტოზიაც მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან ნადავლი წიგნების დაბრუნებას უთუოდ აქვს პოლიტიკური შემადგენელი, ისევე როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰქონდა, როცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ წიგნების პირველი პარტიის დაბრუნება გადაწყვიტა.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოსათვის ძალიან ღირებულია პარტნიორობა და მეგობრობა გერმანიასთან და, მაშასადამე, ევროპასთან, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, გერმანია ევროპის წამყვანი ქვეყანაა. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება გერმანიისა და ევროპისათვის, რომ საქართველოსათვის ყველაზე მეტად ღირებულია ურთიერთობა ევროპასთან, რომ ჩვენ ჩვენი თავი წარმოგვიდგენია სწორედ ევროპულ კონტექსტში“, უთხრა ალექსანდრე კარტოზიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG