Accessibility links

logo-print

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 14 პროცენტით შემცირდა


საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგის წარდგენა

საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგის წარდგენა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 29 ცენტრალური საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი წარმოადგინა. 2013-2014 წლების შუალედური ანგარიშის თანახმად, საჯარო დაწესებულებების მხრიდან სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 14%-თ არის შემცირებული, უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების რიცხვი კი 5%-თ არის გაზრდილი. საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე დახურულ უწყებად ეკონომიკის სამინისტრო დასახელდა, ყველაზე პროგრესულ საჯარო დაწესებულებად კი - პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასევე რეგიონალური განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აჭარის მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდნენ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, 100%-იან მაჩვენებელს ინარჩუნებენ რეგიონალური განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროები. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემის ენთუზიაზმი 29-დან 15-მა ცენტრალურმა საჯარო
მაგალითად, თავდაცვის სამინისტროსთან იყო შეკითხვა ტურისტული კომპანიებით სარგებლობის შესახებ, ლტოლვილთა სამინისტროსგან აინტერესებდათ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა სტატისტიკა...
დაწესებულებამ დაკარგა. მათ შორის ყველაზე ცუდი შედეგი ეკონომიკის სამინისტრომ აჩვენა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი:

„ეკონომიკის სამინისტრომ 61%-თ შამცირა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პროგრესი ამ მხრივ აქვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას“.

ტრადიციულად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო უწყებებისგან ითხოვდა საჯარო ინფორმაციას პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო ხარჯების, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯების თაობაზე; სახელმწიფო სტრუქტურებს უგზავნიდა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც:

„მაგალითად, თავდაცვის სამინისტროსთან იყო შეკითხვა ტურისტული კომპანიებით სარგებლობის შესახებ, ლტოლვილთა სამინისტროსგან აინტერესებდათ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა სტატისტიკა, მოქალაქის კითხვა მიმართული იყო ასევე შს სამინისტროსკენ - მისგან აინტერესებდათ უცხოეთის მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმების სტატისტიკა და სხვა“.

საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ საჯარო დაწესებულებები განსაკუთრებული ღიაობით გამოირჩეოდნენ მაშინ, როდესაც IDFI ითხოვდა ინფორმაციას წინა ხელისუფლების წარმომადგენლების პრემიებისა და სახელფასო დანამატების ან სხვა დანახარჯების შესახებ. როდესაც საქმე მათ საკუთარ ხარჯებზე მიდგა, პასუხების რაოდენობამ იკლო. მაგალითად, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, როდესაც მას პრემიების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვეს, ინსტიტუტს განუმარტა, რომ „აღნიშნული ინფორმაცია შეიცავდა პერსონალური მონაცემების ნიშნებს“, და მხოლოდ 3 თვის დაგვიანებით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა.
გიორგი კლდიაშვილი

გიორგი კლდიაშვილი

„რაც შეხება პრემიებს, მათი რაოდენობა, წინა პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, - 2012-2013 წლის მაჩვენებელს ვგულიხმობთ, - ისევე, როგორც გაზრდილია მთლიანად სახელფასო ფონდი და გამჭვირვალობის თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესებაზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებთ“, გვეუბნება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

საინტერესო დეტალი: ყველაზე სრულყოფილად საჯარო დაწესებულებებმა თანამდებობის პირთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გასცეს. გიორგი კლდიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მათ სასამართლო დავა აქვთ ფინანსთა სამინისტროსთან საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდებისათვის.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორი ვაკო ნაცვლიშვილი იხსენებს ხელისუფლების შეცვლის პირველ თვეებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკმაოდ მაღალ - 80%-იან - მაჩვენებელს. ამ ფაქტმა, მისი თქმით, მაშინ გააჩინა იმედი, რომ ხელისუფლებისათვის ღიაობა და გამჭვირვალობა ბოლომდე მნიშვნელოვან საკითხად დარჩებოდა, თუმცა მონაცემები ადასტურებს, რომ ეს ასე არ მოხდა.

ვაკო ნაცვლიშვილი ასევე გვეუბნება, რომ მოძველდა ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმებიც. სწორედ ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად „ღია საზოგადოება - საქართველოს“ უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ახალ კანონზე, რაც გულისხმობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან მესამე თავის ამოღებას და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის შექმნას. ამ ეტაპზე უკვე არსებობს კონცეფცია - კანონის პირველადი მონახაზი, რომელმაც საჯარო ინფორმაცია კიდევ უფრო ღია უნდა გახადოს. ვაკო ნაცვლიშვილს ჩვენ ვკითხეთ, რა შეიძლება იყოს იმის გარანტია, რომ სრულყოფილი კანონის შემთხვევაშიც კი საჯარო უწყებები ინფორმაციას არ დამალავენ. მან გვითხრა, რომ ეს ბერკეტი შესაძლოა გახდეს ზედამხედველობის ორგანო, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმების შესრულებას გააკონტროლებს და რომლის შექმნის იდეაც უკვე არსებობს.
XS
SM
MD
LG