Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპორტის თავისებურებები საქართველოში


რუსთავის ავტობაზრობა
რუსთავის ავტობაზრობა
ავტორი: ირინა გურული

საქართველოში არ არის მანქანათმშენებლობის ინდუსტრია. ამის მიუხედავად, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაში მსუბუქი ავტომობილების წილი, 2014 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ყველაზე მაღალია: 22 პროცენტი. თანხობრივად ეს 152 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ავტომობილების ექსპორტი, რეალურად, იმ მანქანების რეექსპორტია, რომლებიც ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებიდან შემოდის და შემდეგ რეგიონის იმ ქვეყნებში იყიდება, სადაც მოთხოვნა ხარისხიან მანქანებზე მაღალია. მოთხოვნა ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდანაა. ავტობაზარზე მაღალი კონკურენციაა, იმპორტ-რეექსპორტით 120-ზე მეტი კომპანიაა დაკავებული.

2014 წლის გაზაფხულზე ავტოექსპორტის პერსპექტივასთან დაკავშირებით საქართველოში სერიოზული კითხვები გაჩნდა. ამის მიზეზი საქართველოდან მანქანების იმპორტიორი ქვეყნების გადაწყვეტილებებია: აზერბაიჯანი წელს ევროპის სტანდარტებზე გადავიდა, რაც გულისხმობს ქვეყანაში ავტოპარკის განახლებას და 2004 წლამდე წარმოებული მანქანების იმპორტის შეჩერებას. ხოლო სომხეთი ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრობისთვის ემზადება, რაც ასევე რადიკალურად შეცვლის სავაჭრო ურთიერთობებს და საბაჟო განაკვეთებს ყველა პროდუქტზე, მათ შორის, ავტომობილებზე.

სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის, რადგან კავშირის წევრობა წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი საბაჟო ტარიფების შემოღებას გულისხმობს. საქართველოდან, როგორც არაწევრი ქვეყნიდან, ექსპორტირებულ ავტომობილებზე კი დამატებითი გადასახადები დაწესდება. წინასწარი პროგნოზით, საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებულ მანქანებზე გადასახადის მინიმუმ 50-პროცენტიანი მატება მოხდება. ეს ქართველ ავტოიმპორტიორ კომპანიებს სომხეთის ბაზარზე არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენებს და საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთის ბაზრისთვის, რადგან, სომხეთის საბაჟოს ცნობით, ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის 70 პროცენტი საქართველოზე მოდის, ხოლო რუსეთიდან სომხეთში 2013 წელს ავტომობილების მხოლოდ 5 პროცენტის იმპორტი (40 ათასი) განხორციელდა. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ამ ბალანსს რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის.

ავტომობილების რეექსპორტის დინამიკა პირდაპირ არის დამოკიდებული მიმღებ ქვეყნებში საბაჟო რეგულაციებზე. მაგალითად, 2011 წელს ყაზახეთმა, სადაც რეექსპორტირებულ მანქანებზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია, გადაწყვიტა იმპორტირებულ მეორად მანქანებზე საბაჟო გადასახადი გაეზარდა. იმპორტის გადასახადის მოსალოდნელმა ზრდამ ყაზახეთში მოთხოვნის მკვეთრი მატება გამოიწვია; მსგავს სცენარს ელოდებიან აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.

ცნობისთვის: ათი წლის წინ, 2004 წელს, ავტომობილების ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში ერთ პროცენტზე ნაკლები იყო. 2012-2013 წლებში ამ პროდუქციის წილი ექსპორტში იყო რეკორდულად მაღალი - თითქმის 25 პროცენტი. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ავტოიმპორტიორები გასაღების ძირითად ბაზრებს დაკარგავენ, საქართველოში ავტომობილების იმპორტიც შემცირდება, ბაზარზე არჩევანი იკლებს და ფასები ადგილობრივადაც გაიზრდება.

საქართველოს ექსპორტის ყველაზე სუსტი მხარე, ალბათ, მისი რამდენიმე მთავარ საქონელზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა. ამასთანავე, იმის მიუხედავად, რომ მანქანების რეექსპორტი მცირე საწყის კაპიტალს და ძალიან ცოტა დამატებით ხარჯს მოითხოვს, მოგების მარჟა საკმაოდ მცირეა, ხოლო სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი - მინიმალური. შესაბამისად, მანქანის ექსპორტის მონაცემები, შესაძლოა, გაზვიადებულ წარმოდგენას ქმნიდეს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ექსპორტში ამ ინდუსტრიის წვლილზე. ამიტომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი ბალანსი შეიძლება უფრო მძიმე ტვირთი იყოს ეკონომიკისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
XS
SM
MD
LG