Accessibility links

logo-print
კვირის დასაწყისში ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა წყალდიდობა, რომელიც ბალკანეთში კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. წყალდიდობას ებრძოდნენ სერბიაში, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი, აუცილებელი გახდა ათიათასობით პირის ევაკუაცია. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ რთულმა დღეებმა ყოფილი მტრები ერთმანეთის დასახმარებლად გააერთიანა. ორშაბათს, 19 მაისს, სლოვენიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ვეჩერი“ წერდა: „ბალკანეთი ცეცხლმა და ხმლებმა დაანაწევრა და წყალმა გააერთიანა. ერთი მხრივ, დღევანდელი ამბები ძალიან სევდიანია, თუმცა, მეორე მხრივ, მას ძლიერი დადებითი განზომილებაც აქვს, მთელი ტანჯვის და იმ გარემოების მიუხედავად, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე პოლიტიკის ენაზე ლაპარაკი უგემოვნო საქციელია. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს შორის სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების ასეთი ინტენსივობის მომსწრენი დიდი ხანია არ ვყოფილვართ. მეზობლებისგან დახმარება სერბიასა და ბოსნიაში სწრაფად ჩადის - ზედმეტი ბიუროკრატიისა და, რაც მთავარია, პოლიტიკური ყოყმანის გარეშე. სლოვენიამაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დაზარალებულ ადგილებში სამოქალაქო მაშველების ჯგუფებისა და საჭირო აღჭურვილობის გაგზავნით. ... ამით მან არა მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტის გული მოიგო, არამედ უფრო ფართო საზოგადოებისაც“.

კვირის განმავლობაში დასავლეთის პრესა ბევრს წერდა ლიბიაში განვითარებულ პროცესებზეც. გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, 70 ადამიანი შეეწირა ამ ქვეყანაში შეტაკებებს - ბენღაზისა და ტრიპოლიში მეტოქე შეიარაღებული ჯგუფები იბრძვიან, ხოლო გარდამავალ ხელისუფლებას გადამდგარი მეამბოხე გენერლის, ხალიფა ჰიფტერის მომხრე სამხედროები უპირისპირდებიან. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის პირასაა და დასავლეთს უმოქმედობაში სდებდნენ ბრალს მას შემდეგ, რაც გენერალი კადაფი დაემხო. შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ტემპსი“ 20 მაისს წერდა: „ვითარება ძალიან კომპლექსური და საშიშია და უკვე ძალიან დაგვიანებულია. ევროპულმა დიპლომატიამ გადაწყვეტილება სხვაგან მიიღო. ... მობოდიშება საკმარისად ისმის, მაგრამ ეს ამართლებს ასეთ გულგრილობას? იმას, რომ „ლიბიის მეგობრებად“ წოდებულ ჯგუფს, რამდენიმე განცხადების გარდა, ვითარების თუნდაც მხოლოდ დასამშვიდებლად ჩარევისთვის არანაირი საშუალება არ აქვს? დამატებითი არგუმენტიც არსებობს. ლიბია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საერთაშორისო ძალების სამხედრო ინტერვენცია მოხდა, არაბული გაზაფხულით გაჩენილი დაპირებების ფონზე. სხვაგან - ეგვიპტეში, სირიაში, იემენში - ამ რევოლუციებს, რბილად რომ ვთქვათ, დიდი პროგრესი არ მოუტანიათ, მაგრამ ლიბიაში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით პასუხისმგებლობა დასავლეთსაც ეკისრება“.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ამ კვირაში დასავლეთის პრესა აქტიურად აშუქებდა, ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობებია. ამ კვირაში ჩინეთმა განაცხადა, რომ 30 წლის განმავლობაში შეისყიდის რუსეთისგან ბუნებრივ აირს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჩინეთში ვიზიტის ბოლოს, გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 400 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების შეთანხმება გაფორმდა. ესპანეთში გამომავალი კონსერვატიული გამოცემა „ვანგარდია“ 22 მაისს წერდა: „შანხაიში მასშტაბური წარმოდგენა ვიხილეთ. ... სიუჟეტი: პუტინმა გაათამაშა სტრატეგიული შებრუნება, რითაც მსოფლიოს აჩვენა, რომ ის მარტო არ არის. ჩინეთმა კი მოიპოვა იმ ენერგიის ნაწილი, რომელიც მას თავისი სწრაფად მზარდი [ეკონომიკისთვის] ესაჭიროება. ... დასავლეთი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მოვლენათა ამ მოულოდნელი განვითარებისთვის. სისწრაფე, რომლითაც ჩინეთმა და რუსეთმა ენერგიის სფეროში ამ შეთანხმებას მიაღწიეს, დასავლეთს აიძულებს შესწორებები შეიტანოს თავის პოზიციაში მოსკოვთან მიმართებით. პუტინმა დამოუკიდებლობისა და დიპლომატიური უნარების დემონსტრირება მოახდინა, რათა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიდეს და მორიგ ჯერზე მოიპოვოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური პოლიტიკის ასპარეზზე“.

იტალიის ყოველდღიური კათოლიკური გამოცემა „ავენირე“ ამავე დღეს, 22 მაისს, სხვა ტიპის ანალიზით გამოვიდა: „რეალურად, ეს გადამწვეტი შებრუნება მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, იმიტომ რომ, სულ მცირე, სამ-ნახევარი წელი უნდა გავიდეს მანამ, სანამ დაგეგმილი 38 მილიონი კუბური მეტრი გაზიდან ერთი მაინც გაივლის გაზსადენში, რომლის მშენებლობაც კვლავაც დასასრულებელია. შესაბამისად, ამ შეთანხმების გავლენა უკრაინაში მიმდინარე ფეთქებადსაშიშ კრიზისზე ძალიან მცირე იქნება, იმის მიუხედავად, რომ პროპაგანდის მანქანა ამ შეთანხმების მნიშვნელობას გადაჭარბებით წარმოაჩენს რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ... ერთი რამ ცხადია: გაზის მიწოდება „ცარ ვლადიმირს“ დაანახვებს, რომ რუსეთის ჭეშმარიტი არსი ორ კონტინენტს შორის მის მდებარეობასა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის დაცვის შესაძლებლობაში მდგომარეობს. თუ რუსეთი ახლა სულ უფრო მეტად შებრუნდება ჩინეთისკენ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოთამაშის ფუნქცია ზედმეტად ამბიციური აღმოჩნდა შესასრულებლად“.

კვირის ბოლოს ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში ევროპარლამენტის არჩევნები მოექცა. კენჭისყრა, რომელიც 4 დღე გრძელდება, ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში ხუთშაბათს დაიწყო. ხმის მიცემის უფლება 400 მილიონამდე ამომრჩეველს აქვს. ჟურნალისტები წერდნენ, პასიური განწყობა, რომელიც ახლაა გავრცელებული მოქალაქეებს შორის, არ ესადაგება არჩევნებსო და აღნიშნავდნენ, რომ ევროპაში შექმნილი მწვავე პრობლემების გადაჭრის საშუალება, უწინარესად, ცალკეულ ქვეყნებს აქვთ. ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური გამოცემა „შტანდარტი“ 23 მაისს წერდა: „25 მაისს უკრაინაშიც არის არჩევნები, მაგრამ იქ მთავარი შეკითხვა ის არ იქნება, მოქალაქეები ტელევიზორებში არჩევნების გაშუქებას შეხედავენ თუ რაიმე უფრო გასართობს ... მათთვის ეს კენჭისყრა გადაწყვეტს, ექნება თუ არა მათ ქვეყანას დემოკრატიის შანსი, დამყარდება თუ არა მშვიდობა ან მოხდება თუ არა ქვეყნის კოლაფსი. ამის საპირისპიროდ, ევროპის იმ ნაწილში, რომელიც ევროკავშირშია გაერთიანებული, შედარებით უღიმღამო და მოკლე წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ ცხადი გახდა ერთი რამ: ... ევროკავშირში კვლავაც ღრმა დემოკრატიული კრიზისია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხალხი თავის თავს ეკითხება, კიდევ უფრო როგორ შევამციროთ ამომრჩევლის აქტივობის ისედაც დაბალი მაჩვენებელიო. ჰოლანდიიდან და ბრიტანეთიდან წამოსული პირველი ტენდენციები არ ქმნის ოპტიმისტურ სურათს“.
XS
SM
MD
LG