Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიროვნული გამოცდილების შემოქმედებითი გააზრება მომავლისთვის


ერთი კვირის წინათ თბილისში ჯანრი კაშიას ნაწერების თერთმეტტომეულის პრეზენტაცია გაიმართა.

ვინც ახლოს იცნობდა ცნობილ ჟურნალისტსა და ფილოსოფოსს, ალბათ არ გაუკვირდებოდა მისი მემკვიდრეობის ასეთი სიუხვე. ჯანრი კაშია დაუღლელი ადამიანი იყო და, მთელი ცხოვრება პროფესიული საქმიანობით გართულს, ლოგიკურიც იყო, ასეთი სოლიდური შემოქმედება დარჩენოდა, მაგრამ, საქართველოში საყოველთაოდ გამეფებული სიზარმაცისა და მედღეხვალიობის ფონზე, ეს თერთმეტტომეული მაინც სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

გამომცემლობა ,,ქართული ბიოგრაფიული რომანის” მიერ შესანიშნავ პოლიგრაფიულ დონეზე დასტამბული ეს უნიკალური წიგნები მოწმობენ, როგორ დაუღალავად იღვწოდა ბატონი ჯანრი, როგორ აანალიზებდა თავისა და ქვეყნის წინაშე წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან პრობლემას და როგორ ცდილობდა ამ შეკითხვებზე განსხვავებული, არაორდინარული პასუხები მოეძებნა.

ნებისმიერი თემა, რომელსაც იგი თავის ნაშრომებში შეეხება, ძალზე ფართო კონტექსტში, ევროპული ჰუმანიტარული აზრის ბოლო მოღწევების ცოდნითა და გათვალისწინებით არის განხილული.

ამ ნაშრომებში მრავლად ნახავთ ინგლისელი, ამერიკელი თუ ფრანგი ფილოსოფოსების, კულტუროლოგებისა და სოციოლოგების შეხედულებებს, მათი ნაშრომებიდან მოხმობილ ციტატებს, რომლებიც ზოგჯერ ავტორს სათანადოდ დაუმოწმებია, ზოგჯერ კი, უბრალოდ, Uუთარგმნია და ჩაურთავს საკუთარ თხზულებებში.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოაზროვნეთა ნაშრომები ჯერჯერობით ქართულად არ თარგმნილა, აღნიშნულ ციტატებს, ერთგვარ ,,სააზროვნო გადაძახილებს”, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მათი მეოხებით, ქართველი მკითხველი, ჯანრი კაშიას ორიგინალურ ნააზრევთან ერთად, იმასაც გაეცნობა, თუ როგორ უყურებდა დასავლური ჰუმანიტარული აზრი წერილების შექმნის დროისათვის მნიშვნელოვან მსოფლიო პრობლემატიკას ან პრობლემათა იმ ნაწილს, რომელიც ჯანრი კაშიას ინტერესების, კვლევისა და ადამიანური დაკვირვების ფოკუსში მოექცა.
1982 წლიდან იგი უკვე მიემგზავრება საფრანგეთში, მერე გერმანიაში ცხოვრობს დროის რაღაც მონაკვეთი და შემდეგ უკვე, 80-იანი წლების ბოლოდან, იწყება თეორიული გააზრება იმ სივრცის, საიდანაც ის გამოვიდა და აქ არის სწორედ "ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია" - მისი ნაწარმოები...
დავით ჩხეიძე

თერთმეტივე ტომის თანამიმდევრული წაკითხვა სწორედ იმითაც არის საინტერესო, რომ აქ განხილული საკითხები გვიჩვენებს, როგორ ახერხებს პიროვნება ტოტალიტარულ სივრცეში ჩამოყალიბდეს ინდივიდად, არ უღალატოს საკუთარ ადამიანურ მოწოდებას და ნებისმიერ სიტუაციაში დარჩეს იმ ძირითადი ზნეობრივი იმპერატივების ერთგული, რაც, ფიზიკური სიკვდილის შემთხვევაშიც კი, მისი მეტაფიზიკური არსებობის გახანგრძლივებას გამოიწვევს. ამიტომაც, ჯანრი კაშიას ეს წერილები ძვირფასი ადამიანური გამოცდილების გაზიარებაც არის, პიროვნული თვითდგენის პროცესში ნებისმიერ ადამიანს რომ ერთგული მეგობრის სამსახურს გაუწევს.

სწორედ პიროვნული გამოცდილების მოდულაციათა კუთხიდან თუ შევხედავთ, თერთმეტტომეულის საკვანძო წიგნი მაინც ,,ტოტალიტარიზმი” მგონია, რადგან ჯანრი კაშია აქ იმ გეოგრაფიულ და სულიერ სივრცეს აანალიზებს, სადაც დაბადებამ და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარებამ მოუწია, და ცდილობს მოვლენა, რომელმაც საბჭოთა კავშირსა და, შესაბამისად, მისი ჭაბუკობის დროინდელ საქართველოში განსხვავებული აზრისათვის, ფაქტობრივად, გარემო აღარსად დატოვა, სხვადასხვა რაკურსით დაგვანახოს.

ამაზე მიუთითა რადიო თავისუფლებასთან საუბარში კულტუროლოგმა დავით ჩხეიძემ, რომელმაც ჯანრი კაშიას თერთმეტტომეულთან დაკავშირებით აღნიშნა:

,,მთელი თერთმეტი ტომი არის განვლილი გზა პიროვნების, მე ვიტყოდი, მოაზროვნის, და ძალიან მიახლოებულად ასახავს იმ ეპოქას, რომელშიც ამ პიროვნებამ გამოიარა. ალბათ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის უწყვეტი პროცესი აზროვნების და მიმდინარე მოვლენების შეფასების. ერთი საკითხია: როგორ? და მეორე საკითხია, რომ აზროვნების პროცესი არ წყდება. მთელი ეს თერთმეტტომეული, ძირითადად, ერთ ხაზშია გატარებული. პირველი ნაწილი ეს არის ლიტერატურული ნაწარმოებები და გზავნილი იმ დახშული სივრციდან, სადაც ეს პიროვნება დაიბადა და იზრდებოდა. ძალიან საინტერესო გზავნილია იქიდან, რასაც თვითონ ეძახდა ,,სივრცისა და დროის შედედებას”, ანუ იქიდან, სადაც ყოველგვარი ცვლილება აკრძალული და უარყოფილია და სადაც ადამიანს მუდმივად ერთ და იმავე სივრცეში, ერთ და იმავე სიტყვებში, ერთ და იმავე ტაქტში, დროის მონაკვეთში ატრიალებენ, რომელიც, საბოლოო ჯამში, სადღაც ტანჯვამდე მიდის“.

სწორედ ამ ტანჯვამდე ამაღლებული რუტინის გააზრება არის იმდენად ფასეული, რამდენადაც ტოტალიტარიზმი არ დამთავრებულა საბჭოთა კავშირთან ერთად და ეს მოვლენა სხვადასხვა სივრცესა და გეოგრაფიულ გარემოში, განსხვავებული ისტორიული წინაპირობების შემთხვევაში, სრულიად ახალ-ახალი გარსით იმოსება და ეს ერთგვარი მიმიკრია მის სიცოცხლისუნარიანობასაც განაპირობებს.

თუმცა არსებობს ამოსაცნობი ნიშნების სისტემა, რომელიც გვეხმარება ამ მოვლენის - თავიდან აცილებაში თუ არა - დაძლევაში მაინც. არსებითად, სწორედ ამ ნიშანთა სისტემის ახსნას ემსახურება ჯანრი კაშიას ბრწყინვალე ნაშრომი, რომლის საბოლოო მიზანსაც ტოტალიტარიზმის ანატომიის შესწავლა და მისი ჰუმანიტარული დეკოდირება წარმოადგენს.

დავით ჩხეიძის შეფასებით:

,,ამის შემდეგ მოდის უკვე გაღწევა ამ სივრციდან... იცით, რომ 1982 წლიდან იგი უკვე მიემგზავრება საფრანგეთში, მერე გერმანიაში ცხოვრობს დროის რაღაც მონაკვეთი და შემდეგ უკვე, 80-იანი წლების ბოლოდან, იწყება თეორიული გააზრება იმ სივრცის, საიდანაც ის გამოვიდა და აქ არის სწორედ ,,ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია” - მისი ნაწარმოები. 90-იანი წლების დასაწყისში ის წერს ნაწარმოებს ,,თავისუფლება და ფედერალიზმი”, სადაც ხდება უკვე გააზრება ერის, როგორც თავისუფალი მოვლენისა. ხოლო მისი ბოლო პერიოდის ნაწარმოებები - სამტომეული ,,უბისი” - ეძღვნება იმას, თუ ამ უდაბნოში, რომელიც ტოტალიტარიზმის შედეგად მივიღეთ, როგორ შეიძლება მოხდეს ახალი კულტურტული მატრიცის, ასე ვთქვათ, ერისთვის ახალი კულტურული ჩონჩხის აღდგენა, რომელიც ტოტალიტარიზმის დროს, ფაქტობრივად, განადგურებულია“.
რამდენადაც იყო დამთმობი ცხოვრებაში, იმდენად უკომპრომისო და თავნება იყო თავის შემოქმედებაში და ეს თავნებობა სწორედ (სწორი გაგებით) არის ის, რაც აკრძალული იყო იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ ყველა მოვდივართ. ეს თავნებობაა, რომელსაც ემყარება პიროვნება და რომელსაც, პირველ რიგში, უპირისპირდება ტოტალიტარული სახელმწიფო...
დავით ჩხეიძე


ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ჯანრი კაშიას თეთრმეტტომეული, პრაქტიკულად, დაუნაწევრებელი მთლიანობაა, რომლის ყველა წიგნიც დამოუკიდებელი ტექსტია, მაგრამ თითოეული ამ ტექსტის გააზრება შეუძლებელია ავტორის სხვა თხზულებების ერთიანი კონტექსტის გარეშე. ამიტომაც ეს თეთრთმეტტომეული სწორედ ასე, ერთიანად უნდა გამოცემულიყო, რათა მისი მთლიანობაც დაგვენახა და, ამასთანავე, ჯანრი კაშიას, როგორც მოაზროვნის, შთამბეჭდავი ფიგურაც გამოკვეთილიყო.

დავით ჩხეიძე სავსებით სამართლიანად შენიშნავს:

,,მე ვთვლი, რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხებია ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის და, საერთოდ, ვინც იცნობდა ჯანრი კაშიას, ის იტყვის, რომ იყო ძალიან რბილი ურთიერთობაში, ძალიან არაშემაწუხებელი თავისი აზრებით, თავისი განწყობილებებით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც იყო დამთმობი ცხოვრებაში, იმდენად უკომპრომისო და თავნება იყო თავის შემოქმედებაში და ეს თავნებობა სწორედ (სწორი გაგებით) არის ის, რაც აკრძალული იყო იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ ყველა მოვდივართ. ეს თავნებობაა, რომელსაც ემყარება პიროვნება და რომელსაც, პირველ რიგში, უპირისპირდება ტოტალიტარული სახელმწიფო“.

ამ თხზულებების გააზრებას დღევანდელი საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან თუნდაც ტოტალიტარიზმი არ არის ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში ჩაკეტილი ლოკალური მოვლენა და ის ყველგან შეიძლება აღმოცენდეს, სადაც კი უსამართლობაზე პიროვნული რეაქციის, პიროვნების უსამართლობისადმი წინააღმდეგობის იმუნიტეტი დასუსტდება.
XS
SM
MD
LG