Accessibility links

ხელმოწერისათვის ბრძოლის კვირა


ირაკლი ღარიბაშვილი, ჟოზე მანუელ ბაროზუ

ირაკლი ღარიბაშვილი, ჟოზე მანუელ ბაროზუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სტუმრობა ბრიუსელში, სადაც, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადების პროცესში, გაიმართა შეხვედრა ევროკომისართა კოლეგიასთან. 27 ივნისს ხელმოსაწერი შეთანხმების შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 21 მაისს გამართულ შეხვედრაზე, რომლის დამთავრების შემდეგ ხელი მოეწერა ფინანსური დახმარების პროექტს და გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.

”ასოცირების შეთანხმება - ეს არის სამომავლო ინვესტირება. ის მოუტანს რეალურ სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს - ის გარდაქმნის ეკონომიკას, გახსნის სამომხმარებლო ბაზრებს, დაამკვიდრებს უკეთეს ბიზნესგარემოს, შექმნის ეკონომიკურ საფუძველს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობისთვის. სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს შორის საქართველო იყო ლიდერი მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისა და საბაზრო რეფორმების განხორციელების კუთხით... შეხვედრისას მე პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე ევროკომისიის მხარდაჭერა საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. კანონის უზენაესობის პატივისცემა, შერჩევითი მართლმსაჯულების თავიდან აშორება, აუცილებელი სივრცის გარანტირება პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის - ეს არის თანამედროვე, აყვავებული სახელმწიფოს ჩვენეული შეფასების ძირეული ელემენტები”, განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.
მთავრობის გუნდმა იმსჯელა, მე ასევე გახლავართ კოალიციის ლიდერი და ჩვენ გუნდში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე...


პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი უერთგულებს დემოკრატიული განვითარების გზას, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს:

”როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა გასულ კვირაში თბილისში, ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს... და ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.


ბრიფინგამდე გამართულ შეხვედრაზე საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ცხადია, ამ შეხვედრის დროს მხარეებს არ უსაუბრიათ იმაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას საქართველოს მხრიდან - პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა. გასული კვირის მიწურულს საქართველოში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დავა ამასთან დაკავშირებით დასრულდა:

„მთავრობის გუნდმა იმსჯელა, მე ასევე გახლავართ კოალიციის ლიდერი და ჩვენ გუნდში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე“.
პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ, ამ შეთანხმების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხის გამწვავებას არ აპირებს...

თუმცა პრემიერ-მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ მსჯელობაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი მარგველაშვილს, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა აბაშიძის თქმით, არ იზიარებს მთავრობის გადაწყვეტილებასა და არგუმენტებს:

„პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ, ამ შეთანხმების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხის გამწვავებას არ აპირებს“.

გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერებას ან შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კმაყოფილი დატოვა თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა, რომელიც აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და იმ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვოს, რომლის საფუძველზეც მას უფლებამოსილება შეუჩერდა. გასულ კვირაში ასევე სასამართლოს გასარკვევი გახდა საკითხი, შეეძლო თუ არა რუსთავისა და ფოთის მერობის სახელისუფლებო კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. საჩივრით ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემდეგ კი სასამართლოს არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, მიმართა:
კახა კუკავა

კახა კუკავა

„რამდენიმე კვირის წინ რეგისტრაციიდან მოიხსნა გორის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იმ საფუძვლით, რომ ბოლო ორი წელიწადი არ უცხოვრია საქართველოში. დღეს ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს რუსთავსა და სხვა ქალაქებში აქვთ იგივე პრობლემა და ამიტომ ჩვენ ველოდებით ახლა, რომ სასამართლო მიიღებს იდენტურ გადაწყვეტილებას ამ საქმეებზე“.

თუმცა სასამართლომ არც რუსთავის და არც ფოთის მერობის კანდიდატებს რეგისტრაცია არ გაუუქმა. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო სომხეთის კულტურის მინისტრის, ჰასმიკ პოღოსიანის, ორდღიანი ვიზიტი, რომლის ფარგლებში სომხურმა დელეგაციამ მოინახულა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული სომხური კულტურის ძეგლები, მათ შორის, ის ეკლესიები, რომელთა რესტავრაციაც მიმდინარეობს:

„ჩვენ, სამინისტროები, დღეს ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის ჩარჩოებში. ჩვენი სამინისტროების ამოცანაა შევინარჩუნოთ ყველა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს შეეხება როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს და ყველა ქვეყანას, რომელიც ამ კონვენციასაა მიერთებული. ამ კონვენციის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე“.

სურბ ნშანი

სურბ ნშანი

თუმცა საქართველოში სომხური ეპარქიის მეთაური, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ამბობს, რომ ძეგლების გადარჩენის ყველაზე ეფექტიანი გზა მესაკუთრისათვის მათი დაბრუნებაა.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტისკენ, რომლის თავმჯდომარემ, პრემიებთან დაკავშირებული სკანდალის გახმაურების შემდეგ, დიმიტრი დარბაისელმა, თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა დარბაისელის ამ ნაბიჯს ვაჟკაცური უწოდა:

„ის, რომ რაღაც პატარა გადაცდომა იყო, ამაზე ტრაგედია არ უნდა შექმნათ. რაც მთავარია, ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა ურთულესი საქმე შეასრულა. მათ რეალურად ციხე დაალაგეს და ის პრობლემები, რაც ციხეში ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა, აბსოლუტურად სხვა, ცივილიზებული მეთოდებით აღმოფხვრეს“.

თუმცა პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას არ დაეთანხმა სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, გამოსაძიებია როგორც არაადეკვატურად მაღალი პრემიების გაცემის საკითხი, ასევე პატიმარ ფარტენაძის მკვლელობა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის საქმე. ომბუდსმენის თქმით, ნათელი უნდა მოეფინოს არაერთ სხვა საქმეს, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისი სწავლობს და რომელიც ბოლო დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG