Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა მაღალია


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა აღირიცხა, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთის ორი რეგიონის დიდ ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ და არჩევნებს წინაღობას უქმნიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი დროით 3 საათზე ამომრჩევლის აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 40 პროცენტს აჭარბებდა. დედაქალაქ კიევში ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის გრძელი რიგები იდგა, თუმცა აღმოსავლეთში, დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში, საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დახურული რჩება. დონეცკში სეპარატისტებმა დემონსტრაციულად დაამტვრიეს საარჩევნო ყუთები. კიევის ერთ-ერთ უბანზე ხმის მიცემის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, არსები იაცენიუკმა განაცხადა: „უკრაინელებმა მოიპოვეს უფლება აირჩიონ თავიანთი ლიდერები. რუსეთის და რუსეთის მიერ დაფინანსებული ტერორისტების მხრიდან არჩევნების ჩაშლის ყველა მცდელობა მარცხისთვისაა განწირული. უკრაინელებს ეყოლებათ ლეგიტიმურად არჩეული სახელმწიფოს მეთაური“. უკრაინის ლიდერობისთვის თვრამეტი კანდიდატი იბრძვის. გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს მილიარდერი, ტკბილეულის მეწარმე პეტრო პოროშენკო, თუმცა არ აქვს პირველივე რაუნდში გამარჯვებისთვის საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა. პოროშენკოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს აქვს.
XS
SM
MD
LG