Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ 23 წლის წინ მოპოვებულ დამოუკიდებლობას


საქართველოს მოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ 23 წლის წინ მოპოვებულ დამოუკიდებლობას და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ისტორიულად ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ამიტომაც უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ცივილიზებული სახელმწიფოს ძლიერება პირველ ყოვლისა, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა განვითარება და ხელშეწყობა ხელისუფლების ვალდებულებაა. პრემიერის განცხადებითვე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა და თითოეული ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების დაცვა. ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც ერთ თვეში მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, უახლოვდება ევროპულ სივრცეს და ეს პროცესი შეუქცევადია. „ჩვენ ავაშენებთ და გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დავიცავთ მოქალაქეთა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, რაც სასარგებლო იქნება მთელი რეგიონისთვისაც. საქართველოს აქვს ამბიცია, რომ გახდეს ლიდერი რეგიონში და მჯერა, რომ ამას შეძლებს”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება სასიკეთოდ აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე, სწორედ ეს შემოაბრუნებს ოს და აფხაზ ძმებს და საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის გამთლიანებას.
XS
SM
MD
LG