Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

საქართველოს მოქალაქეებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მის წერილში ნათქვამია, რომ ბოლო წლის განმავლობაში შეერთებული შტატები სიამაყით უდგას მხარში საქართველოს, სადაც ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ქვეყნის ისტორიაში პირველად დასრულდა ძალაუფლების კონსტიტუციური გზით გადაცემის პროცესი და დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება ქმნის საფუძველს აშშ-თან მტკიცე და მზარდი პარტნიორობისათვის.

„იმედის თვალით შევყურებ თანამშრომლობას თქვენთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის პროცესში“, - ნათქვამია ბარაკ ობამას მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოსალოდნელი ხელმოწერა უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მართლაც შთამბეჭდავი წინსვლისთვის. ბარაკ ობამას განცხადებითვე, აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის.

„ვდგავართ რა რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების წინაშე, შეერთებული შტატები კვლავაც გაუწევს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილში.
XS
SM
MD
LG