Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკო პირველივე ტურში იმარჯვებს


პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინის ცესკოს მიერ ხმების ერთი მესამედის დათვლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის 25 რეგიონში, მათ შორის - ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ლიდერობს პეტრო პოროშენკო.

ცესკოს პრესსამსახურის ცნობით, პოროშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 54%-ზე მეტმა. დიდი სხვაობით - 13%-ით მეორე ადგილზეა იულია ტიმოშენკო. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება 50%-ს პლუს ერთი ხმის მოპოვება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველა აქტიურობა საპრეზიდენტო არჩევნებზე თითქმის 61% იყო. ყველაზე მეტი ამომრჩეველი ლვოვის საარჩევნო ოლქში გამოცხადდა - 77%-ზე მეტი. ყველაზე დაბალი აქტიურობა იყო დონეცკის ოლქში - დაახლოებით, 14%.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საარჩევნო უბნების უმრავლესობა დახურული იყო. არჩევნები იქ შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ჩაშალეს. ათობით ყირიმელმა თათარმა ხერსონის ოლქის დასახლება - ნოვოალექსეევკაში მისცა ხმა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ყირიმიდან მომავალი ადამიანები ავტომანქანებით კვეთდნენ რუსულ და უკრაინულ სასაზღვრო საგუშაგოებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინის სავარაუდო ახალი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო „ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ „უკრაინაში ექსტრემისტული შეხედულებები დომინანტურად არ იქცეს“. ამასთან, ლავროვის განცხადებით, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზა „დიალოგზე და კიევსა და რეგიონებს შორის კომპრომისის დაშვებაზე“ გადის.

მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას ლავროვი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ლიდერებმა არ უნდა გაააქტიურონ „საგანგებო ოპერაცია“ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ - რომლებსაც კიევი ტერორისტებს უწოდებს. ლავროვის შეფასებით, უკრაინაში საპრეზიდენტო კამპანიას „პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია“. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება - რომ „რუსეთი პატივისცემით მოეკიდება უკრაინელი ხალხის ნებას“. ლავროვის თქმით, რუსეთი პოროშენკოსთან დიალოგის დასაწყებად მზად არის.
XS
SM
MD
LG