Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის განცხადებით, ავღანეთის დატოვებამდე ობამამ კარზაის დაურეკა


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 25 მაისს, ბაგრამის საჰაერო ბაზის დატოვებამდე ტელეფონით დაურეკა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და უსაფრთხოების ძალების პროგრესი შეაქო. ვაშინგტონის განცხადებით, ობამასა და კარზაის საუბარი 15-20 წუთი გაგრძელდა. სატელეფონო ზარის ფონია კარზაის მიერ მანამდე ნათქვამი უარი ბაგრამის ბაზაზე შეხვედროდა აშშ-ის პრეზიდენტს. ობამა 25 მაისს მოულოდნელი ერთდღიანი ვიზიტით ეწვია ბაგრამის ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა რომ ვაშინგტონი ქაბულთან ხელს მოაწერს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ახალი პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მოქმედმა პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა. ვაშინგტონს ეს შეთანხმება საიმისოდ სჭირდება, რომ ავღანეთში წვრთნების და კონტრტერორისტული მისიების ჩასატარებლად მცირე ზომის კონტინგენტი დატოვოს 2014 წლის შემდეგაც, როცა აშშ და ნატო ძირითად ძალებს გამოიყვანენ. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 14 ივნისს არის დანიშნული. კანდიდატები, რომლებიც კარზაის შესაცვლელად იბრძვიან, აცხადებენ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
XS
SM
MD
LG