Accessibility links

logo-print

კიევი და მოსკოვი ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის


პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინის სავარაუდო ახალმა პრეზიდენტმა და მოსკოვმა გაცვალეს განცხადებები, რომლებითაც მიანიშნეს, რომ მზად არიან უკრაინის კრიზისზე მოლაპარაკების დასაწყებად.

უკრაინაში 25 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები მოწმობს, რომ მილიარდერი შოკოლადის მეწარმე, პეტრო პოროშენკო, პირველივე ტურში იმარჯვებს.

26 მაისს, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, პოროშენკომ განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში აპირებს რუსეთის ლიდერებთან შეხვედრას და დასძინა, აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილურობის მიღწევა მოსკოვის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელიაო.

პოროშენკომ განაცხადა, რომ სურს გააგრძელოს სეპარატისტულ აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და ის უფრო ეფექტიანი გახადოს:

„მე ვემხრობი მის გაგრძელებას, მაგრამ მოვითხოვ ფორმატის შეცვლას. ის უფრო მოკლე და უფრო ეფექტიანი უნდა იყოს. უშიშროების ძალების დანაყოფები უკეთესად უნდა იყვნენ შეიარაღებულნი, მათ საუკეთესო იარაღი და ტყვია-წამალი უნდა ჰქონდეთ. უკრაინელი ჯარისკაცი აღარასოდეს იქნება შეუმოსავი, ფეხშიშველი და მშიერი. და ამის შემდეგ ჩვენ ძალიან მალე გავხდებით მომსწრენი ანტიტერორისტული ოპერაციის ეფექტიანობის ზრდისა. ეს ანტიტერორისტული ოპერაცია არ შეიძლება ორი და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდეს, ეს არ მოხდება. მან რამდენიმე საათი უნდა მოიცვას, რაც ასეც იქნება“.

უკრაინის სავარაუდო ახალმა პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ არ აპირებს ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობისა და მისი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის, შეცვლას.

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი პოროშენკოსთან დიალოგისთვის მზად არისო: „რასაკვირველია, ჩვენ თვალს ვადევნებთ, რასაც პეტრ პოროშენკო ამბობს იმის თაობაზე, თუ რას გეგმავს რუსეთის ფედერაციასთან კავშირებთან მიმართებით. ის ამ ურთიერთობას უმნიშვნელოვანესს უწოდებს. როგორც პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის კიევის წარმომადგენლებთან, მზად ვართ დიალოგისთვის პეტრ პოროშენკოსთან“.
სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

ამასთან, ლავროვის განცხადებით, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზა „დიალოგზე და კიევსა და რეგიონებს შორის კომპრომისის დაშვებაზე“ გადის. ლავროვი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ლიდერებმა არ უნდა განაახლონ სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაცია.

ლავროვის შეფასებით, უკრაინაში საპრეზიდენტო კამპანიას „პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია“, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ „რუსეთი პატივისცემით მოეკიდება უკრაინელი ხალხის ნებას“.

უკრაინის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლის აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 პროცენტს გადააჭარბა, თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში მხოლოდ რამდენიმე უბანი გაიხსნა.
ორივე რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 11 მაისს ჩატარებულ, კამათის საგნად ქცეულ, რეფერენდუმებზე.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს უკრაინაში 25 მაისს ჩატარებული არჩევნები.

უკრაინაში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის საგანგებო კოორდინატორმა ჟოაო სუარეშიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კენჭისყრა დიდწილად პასუხობდა დემოკრატიულ ვალდებულებებსო.

სუარეშის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთში, რომელსაც დიდწილად პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ, დამკვირვებლებმა აღრიცხეს მრავალი მუქარა და ზეწოლა საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა მიმართ, ისევე როგორც მათი გატაცების შემთხვევები. ეუთოს მისიის კოორდინატორი დიალოგის მოწოდებით გამოვიდა:

„გუშინდელი დღე უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ასეთივეა ხვალინდელი და იმის შემდგომი დღეც. დიალოგი, დიალოგი ყველა ძალას შორის, რა პოზიციაზეც უნდა იდგნენ ისინი ქვეყანაში, უნდა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს. დემოკრატიულ სახელმწიფოში დიალოგი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა“.

ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეას გროსმა, განაცხადა, რომ არჩევნების გამორჩეულად მაღალი დონე „უკრაინის ახალ პრეზიდენტს ანიჭებს ლეგიტიმურობას დაუყოვნებლივ დაიწყოს ყოვლისმომცველი დიალოგი აღმოსავლეთის რეგიონების ყველა მოქალაქესთან“.

ევროკავშირმა 26 მაისს გაავრცელა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპესა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს ერთობლივი განცხადება, რომ „ამ არჩევნების წარმატებული ჩატარება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დაძაბულობის დეესკალაციისა და ყველა უკრაინელისთვის უსაფრთხოების აღდგენის მიზნისაკენ გზაზე“.

არჩევნების შედეგებს დადებით შეფასებას აძლევს თეთრი სახლიც - ის მიესალმა „გაბედულ უკრაინელებს“ და განაცხადა, რომ არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის გაერთიანებისკენ.
XS
SM
MD
LG