Accessibility links

მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი,
ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
(გამოცხ. 3:16)


რამდენადაც ჩემი ურთიერთობა მსუბუქ ნარკოტიკებთან ოდესღაც ჰოლანდიაში ჩასული ტურისტის ფრაგმენტული ცნობისმოყვარეობით ამოიწურა, იმდენადვე გულგრილი ვიყავი მარიხუანის დეკრიმინალიზაციისა თუ ზოგადად ნარკოპოლიტიკის საკითხების მიმართ. არადა, ცალი ყურით მუდამ მესმოდა ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობის აბსურდული სიმკაცრისა და მის ნიადაგზე გაუბედურებული “დამნაშავეების“ შესახებ, რომელთაც ყაჩაღებსა და მკვლელებზე უფრო მეტი ხნით უშვებენ ციხეში, თანაც იმისდა მიუხედავად, ისინი მარიხუანას მოიხმარდნენ თუ რაიმე მძიმე ნარკოტიკს; იმის განურჩევლად, ნარკოტიკული საშუალების უბრალო მომხმარებლები იყვნენ თუ გამსაღებლები ანუ რეალური ბოროტმოქმედები. მხოლოდ ბოლო თვის მანძილზე მომხდარმა ორმა შემთხვევამ გამაცნობიერებინა სრული სიმძაფრით, თუ რამხელა ბოროტებას სჩადის სახელმწიფო სამართლისა და წესრიგის დაცვის სახელით.

1) ჩემ იტალიურ ეზოში შემოსვლისას დავინახე მაგიდასთან მჯდომი თავჩაქინდრული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვერ ვიცანი და, შესაბამისად, უსალმოდ ჩავუარე. ერთი საათის შემდეგ აივანზე გამოსული კი ძალიან მძიმე სურათის მომსწრე გავხდი: მეზობლებს სასწრაფო გამოეძახებინათ, რადგან ის ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სრულიად გამაოგნა, როგორი გამეტებით უკიოდნენ და წყევლიდნენ პაციენტს სასწრაფოს თანაშრომლები იმის მაგივრად, რომ ნახევრად გამოფხიზლებული და აფორიაქებული ახალგაზრდა დაეწყნარებინათ, მით უმეტეს ნემსის გაკეთების პროცესში. მისი ფორიაქი შეიცვალა შემზარავი პანიკური ყივილით, როდესაც ეზოში პატრულის მანქანაც შემოვიდა, რომლის გამოძახებაც, 2006 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ექიმისთვის სავალდებულოა, თუ აღმოჩნდა, რომ პაციენტი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ლანძღვის და კრულვის ფონზე გაკეთებული ნემსი და თავზე დაყენებული პოლიციელი - შესაბამისად, ციხის პერსპექტივა - იყო ის, რისი შეთავაზებაც შეძლო სახელმწიფომ ამ ადამიანისთვის. ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს იმის მტკიცებით, თუ როგორი არაეფექტიანია დასჯაზე მიმართული პოლიტიკა ნარკომანიასთან ბრძოლაში და როგორი მინიმალურია სახელმწიფოს ძალისხმევა ამგვარი პოლიტიკის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პოლიტიკით ჩასანაცვლებლად. ამის თაობაზე უფრო კომპეტენტური ხალხი ჩემზე უკეთ წერს (იხ. შემდეგი ბმულები: 1, 2, 3).

2) ბოლო კვირების მანძილზე ალაგ-ალაგ მესმოდა ნაცნობ-ახლობლების მხრიდან საუბარი იმის შესახებ, რომ “...მარიხუანაზე იჭერენ“, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირის წინ გავაცნობიერე, რომ საუბარი იყო არა ვიღაც უცნობზე, უსახო, აბსტრაქტულ პიროვნებაზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც კვირაში რამდენჯერმე ვხედავ, ვიცნობ და სისხლისა და ხორცისგან (და დიდი ხუჭუჭა თმებისგან) შემდგარი პიროვნებაა, სახელად ბექა წიქარიშვილი. საკითხი, რომელიც, როგორც თავშივე მოგახსენეთ, საერთოდ არანაირ ინტერესს არ აღმიძრავდა, უცებ შემომეჭრა უშუალო სოციალურ გარემოში. კონკრეტული შინაარსი შეიძინა იმ იურიდიულმა აბსურდმა, რომელიც მარიხუანის მომხმარებლისთვის (რამეთუ ბექას სწორედ შენახვა-მოხამრებაზე ედავებიან და არა გასაღებაზე) მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალბათ ბანალური იქნება იმის შეხსენება, რომ ადამიანების გაუპატიურებისთვის სასჯელი ბევრად ნაკლებია, ტაბურეტითა თუ უტაბურეტოდ ქუჩაში გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების ფიზიკური შეურაცხყოფა კი ასიოდე ლარითაც შეგიძლიათ გამოისყიდოთ. ბანალურიც იქნება და ადვილად გადაგვისვრის ცარიელი, აბსტრაქტული რიტორიკის სფეროში, რომელსაც ერთადერთი გამგებელი ჰყავს: გულგრილობა. გულგრილობა - ბიბლიური მეტსახელით “ნელ-თბილობა“ - მხოლოდ თავის ფარგლებში თუ უშვებს განსხვავებებს. მაგალითად, არსებობენ გრილი გულგრილები, როგორიც, მაგალითად, მეც გახლდით ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ნარკოპოლიტიკის საკითხების მიმართ, რადგან ვერც ავს და ვერც კარგს ამ პრობლემაზე ვერ დამაცდენინებდით. მაგრამ არსებობენ კიდევ აგრესიული გულგრილები, რომლებიც, თუ ხმას იღებენ, როგორც წესი, მხოლოდ ორი ტიპის სათქმელი აქვთ ხოლმე: 1. რომ ქვეყანაში მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე უფრო სერიოზული პრობლემებიც არსებობს, 2. რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის თუნდაც მარიხუანისნაირ მსუბუქ ნარკოტიკზე გამონაკლისის დაშვება და კანონმდებლობის შემსუბუქება არ იქნება კარგი შედეგების მომტანი. ის, რომ, მარიხუანასთან მიმართებაში არსებული დრაკონული კანონი ცალკეულ პიროვნებებს - როგორც წესი, ბექა წიქარიშვილისნაირ დარბაისელ ადამიანებს - ქართული ციხის პირობებში ფიზიკურ და ფსიქიკურ დაბეჩავებას და შემდგომი პიროვნული განვითარების პერსპექტივის სრულ მოსპობას უქადის, თურმე მნიშვნელოვანი არაა. ბექა არათუ კრიმინალი არაა, არამედ მას არც სამედიცინო მკურნალობა, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და სოციუმთან რეინტეგრაცია ესაჭიროება, განსხვავებით მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლისგან, რომელსაც სწორედ ეს სამი რამ ესაჭიროება, ციხეში ამოლპობის მაგივრად.

ჩემი წინამდებარე ჩანაწერიც ალბათ სწორედ გულგრილობის სენით შეპყრობილთ ეძღვნება. მათი რიცხვი ლეგიონია. და მათ ალბათ მხოლოდ მაშინ ეშველებათ, როცა მათთვისაც კონკრეტული, ნაცნობი, საყვარელი პიროვნების ხორცს შეისხამს ის აბსტრაქტული “ნარკომანი“ თუ “დაბოლილი“, ვისი ბედიც ან საერთოდ არ აღელვებთ, ანდა სრულიად დაუფიქრებლად იმეტებენ საციხოდ, რადგან, თურმე ნუ იტყვი და, ქვეყანას სჭირდება ასე. ან “რა დროს ეგაა, როცა...“, ან რამე მსგავსი.

ყველა ნელ-თბილს ალბათ თავისი კუთვნილი ბექა სჭირდება - ის ბექა, რომელიც, მეორე მხრივ, ერთადერთია, აბსოლუტურად ჩაუნაცვლებადი და ამიტომაც განსაკუთრებით მოწყვლადი. სწორედ ბექას - უახლოესი მეგობრის, ჩვეულებრივი ნაცნობისა, უბრალოდ “იმ ხუჭუჭა ბიჭისა“ თუ ცარიელი, უსახო სახელის - საბოლოო ბედი წყდება 2 ივნისს სასამართლოში. მისი ბედის მიმართ ჩვენი გულგრილობა კიდევ ბევრ ბექას გაუმწარებს ცხოვრებას. ამიტომ ეგება და რამე მოვიმოქმედოთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG