Accessibility links

logo-print
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით დღეიდან, 26 მაისიდან მთელ რიგ ხილსა და ბოსტნეულზე, რუსეთის ბაზარი გაიხსნება. ეს შეეხება კურკოვან ხილს. ეს არის ატამი, გარგარი, ქლიავი, ბალი, ალუბალი, ასევე მთელი რიგი ბოსტნეული: ახალი კარტოფილი, შეფუთული და გარეცხილი.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ლუკაშევიჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს მხრიდან, შესაძლოა, თავისი ეკონომიკური ფასი ჰქონდეს.

სავარაუდო ფასად 26 მაისს „აღდგენილი“ ექსპორტის „შეწყვეტაც“ შეიძლება იქცეს.

რას მიიღებს და რას დაკარგავს, ანუ რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთისგან, ამაზე საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემები მოგვცემს წარმოდგენას:

2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3 441 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 933 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 508 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-აპრილში 1576 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.
2014 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 194 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 21 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 102 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 82 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.
თუ ამ სასაქონლო ჯგუფებს გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ არც ერთი ის პროდუექტი, რომელიც რუსეთში ტრაიციულ საექსპორტო პროდუქციად ითვლება, ანუ ღვინო და ბოსტნეული საქართველოს საექსპორტო სამეულში არ შედის.

2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 897 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 194 მლნ. აშშ დოლარი იყო (50 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 703 მლნ. აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი.

შედარებისთვის - 2012 წლის შემდგომ, პოლიტიკური დათბობის კონტექსტში აღდგენილი სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად, რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს ვაჭრობის სულ 7,3 პროცენტს შეადგენს, ექსპორტში მთლიანი ექპორტის - 9,4 პროცენტს, იმპორტის კი - 6,6 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში გატანილი პროდუქციის მოცულობა 2,2-ჯერ ნაკლაბია ევროკავშირში გატანილი პროდუქციის ღირებულებაზე.

საინტერესოა ისიც, რომ ტერიტორიულად დაშორების მიუხედავად, აშშ-ს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ათეულში აქვს თავი დამკვიდრებული და აშშ-ში ქართლი პროდუქციის ექსპორტმა 2014 წლის იანვარ-აპრილში 7,5 პროცენტი შეადგინა, რაც სულ 2 პროცენტით ჩამორჩება რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელს. იგივე ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში თურქეთს და გაცილებით მეტი (20 პროცენტამდე) და სომხეთს - 11 პროცენტის ფარგლებში.

ციფრებიც აჩვენებს, რომ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის, რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქართულ ეკონომიკაში, მათ შორის ექსპორტში და ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებით საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ევროპული ორიენტაციის საპირწონედ იქცეს.
XS
SM
MD
LG